ტეგების არქივი: TDI

არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

TDI-მ  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების მიმართვა გაავრცელა კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

2 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და  ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI).

მიმართვის  ავტორები აფასებენ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს.

„მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უფლებრივი თვალსაზრისით, რელიგიის თავისუფლება, დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. წლების განმავლობაში, სახელმწიფო  არ რეაგირებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებებზე; სკოლებში უმეტესად არ არის დაცული კანონით განსაზღვრული სეკულარობის პრინციპი[17]; სახელმწიფო არ ავლენს მზაობას რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის; პრაქტიკაში, რელიგიურ გაერთიანებებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობით ისარგებლონ და ააგონ საკულტო ნაგებობები[18]; საქართველოს კანონმდებლობა რელიგიური გაერთიანებებისთვის უთანასწორო წესებს ავრცელებს გადასახადებისა და ქონების განკარგვის ნაწილში და ა.შ.” – ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ზედმეტად გააფართოვდა. მათ შორის, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ითვალისწინებს.

პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, რელიგიის თავისუფლებაში ზოგადი საფუძვლებით უხეში ჩარევის  რისკებს წარმოშობს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის.

ნეგატიურად არის შეფასებული კონსტიტუციური პროექტის მე-8 მუხლიც, რომლის მიხედვითაც,  რწმენის თავისუფლება ცალკეულ სიკეთედ აღარ არის განხილული და წარმოდგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის როლთან ერთობლიობაში.

„ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ  ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ  სტანდარტებს აუარესებს.” – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის სრული ტექსტი

წყარო:

მარნეულში TDI რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

10 მარტს, TDI-ის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაიმართა შეხვედრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო TDI-ის მიერ, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები რელიგიური ლიდერების მონაწილეობით.

მომხსენებლები იყვნენ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი ლელა ხონელიძე, TDI-ის იურისტი გვანცა ლომაია და TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს რელიგიაში ქალის როლზე, მათ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რომელთა საშუალებითაც ქალებს შეუძლიათ საქართველოში საკუთარი უფლებები დაიცვან.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ადრეულ ქორწინებასთან, ქალებისთვის მემკვიდრეობის მიღებასა და შვილების მეურვეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრის ორგანიზებისთვის TDI განსაკუთრებულ მადლობას უხდის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის“ ხელმძღვანელს, ლეილა მამედოვას.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტით და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

წყარო: TDI

TDI ეხმაურება ეკა ბესელიას განცხადებას რვა რელიგიური გაერთიანების სარჩელზე

2017 წლის 19 თებერვალს, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა, “იმედის დროის” ეთერში  რვა რელიგიური გაერთიანების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წელს წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, სადაც პარლამენტის სახელით ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, წარმოადგენენ მოპასუხეს და იცავენ პოზიციას საპატრიარქოს სასარგებლოდ და მივიჩნევთ, რომ სარჩელი რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არ არის დასაბუთებული სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ეხმაურებიან ზემოხსენებულ გაცხადებას და განმარატვენ , რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ინფორმაციას, ახდენს სარჩელის არასწორ ინტერპრეტაციას და ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი ნეგატიური განწყობის გავრცელებას.

შეგახსენებთ, რომ   რვა რელიგიური გაერთიანების მიერ შეტანილ სარჩელში  მოთხოვნილია ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორი საგადასახადო პირობების დაწესება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს მსგავსი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური უმცირესობები მრავალი წელია ითხოვენ ზემოხსენებული დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრას და თანასწორ საგადასახადო რეჟიმში მოქცევას, რაც ასევე სისტემატურად აისახება საქართველოს სახალხო დამცველის,  სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  ანგარიშებში, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ:

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

ქართველ მუსლიმთა კავშირი;

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი;

საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია;

წმიდა სამების ეკლესია;

ქრისტეს ეკლესია.

 

წყარო: http://tdi.ge/

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ბათუმში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო

11 იანვარიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საჯარო ლექციების (დისკუსიების) ციკლი დაიწყო. ლექციების მიზანია რეგიონში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

პროექტს „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2016 წლის 1 ოქტომბრიდან ახორციელებს, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ .

წყარო: https://www.facebook.com/tdi.ge/