ტეგების არქივი: ჰომოფობია

მსოფლიო ცისარტყელას ფერებში, ანუ სად გადის საზღვარი სექსუალურ და რწმენის თავისუფლებას შორის

დღეს მსოფლიოს ახალი ისტერია სჭირს, ერთი მხრივ, ცისარტყელას ფერებში აჭრელებული პოლიტიკური ოფიციოზი თუ საზოგადოება, მეორე მხრივ, „ჰომოფობიაში მსჯავრდებული“ რელიგიურ გაერთიანებათა ნაწილი. საინტერესოა, სად გადის საზღვარი სექსუალურ და რწმენის თავისუფლებას შორის და საერთოდ, რა არის ჰომოფობია, რომელიც აშკარად გასცდა თავისი მნიშვნელობის საზღვრებს და გავლენის სფეროში მოიქცია ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის მხარდამჭერი ერთსქესიანთა ქორწინების, ან უბრალოდ არ მოსწონს ის ცხოვრების წესი, რასაც ჰომოსექსუალიზმი თავის თავში გულისხმობს.

საინტერესოა, სად არის მილიონიანი მარშით და გულში მჯიღის ცემით დაცული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ სწორედ იმ პოლიტიკოსთა მიერ, რომლებიც ახლა ცისარტყელას გამოსახულებიან დროშებს აფრიალებენ. რატომ გულისხმობს ეს თავისუფლება, მომწონდეს და ღიად ვაფიქსირებდე იმას, რაც მისაღებია საზოგადოებისთვის და ვერ ვაფიქსირებდე იმას, რაც მიუღებელია ჩემთვის; რატომ ვერ მიცავს კანონი მაშინ, როცა საკუთარი აზრის, საკუთარ სოციალურ სივრცეში არააგრესიული დაფიქსირების გამო, ჰომოფობად მრაცხავენ… ხშირ შემთხვევაში ტერმინი ჰომოფობი (რომელიც უსაფუძვლო შიშს, განდგომას ან დისკრიმინაციას გულისხმობს ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ) გამოყენებულია იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც არ ახორციელებენ ჩაგვრას, არამედ აფიქსირებენ თავის აზრს, რომ ლიბერალური ღირებულებები მიუღებელია მათთვის…

და თუ ცისარტყელას ფერებში განათებულ მსოფლიოს ნახევარს აქვს უფლება, დაიცვას თავისი ღირებულებები, სექსუალური თავისუფლება და აპელირებდეს ადამიანის თავისუფლებას, რატომ არ აქვს „ჰომოფობებად“ შერაცხულ მეორე ნახევარს უფლება, ასევე დაიცვას საკუთარი მრწამსი, რელიგიური თავისუფლება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?!

მსოფლიო პარადოქსულია ისე, როგორც არასდროს. ის ვერ ახერხებს, დაიჭიროს ბალანსი სხვადასხვა სფეროებს შორის და ერთი კატეგორიის უფლებების დაცვით არ შელახოს და არ დაარღვიოს მეორის უფლება.

მსოფლიო მოჩვენებითია, მას შეუძლია პატივი მიაგოს 12 ფრანგ კარიკატურისტს და ყური მოუყრუოს 148 კენიელი ბავშვის უმოწყალო დახოცვას; მას ძალუძს, მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და მშვიდად განაგრძოს არსებობა მიუხედავად იმისა, სრულდება თუ არა იგი; მას შეუძლია იტიროს დაჩაგრული “გეების” გამო, რომელთაც არ აქვთ ქორწინების უფლება და შეეგუოს გენოციდს სირიაში, შიმშილით გარდაცვლილ ბავშვებს აფრიკაში და ამავდროულად, იქადაგოს ტოლერანტობა…

ასეთი ფერადი, შემწყნარებელი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე მსოფლიო არასდროს ყოფილა… და მაინც, სად გადის საზღვარი სიტყვისა და გამოხატვის, სექსუალურ და რწმენის თავისუფლებას შორის, მან არ იცის…

ნატალია ჩიქოვანი