ტეგების არქივი: წერილი

„მსოფლიო, რატომ ხარ ჩუმად?…“ – სულისშემძვრელი წერილი ალეპოდან

მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება. სხვადასხვა ქალაქები თავს ორიგინალური დეკორაციით და ნაძვისხის გიგანტური ზომებით იწონებენ. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთრის ჰაერი საშობაო სურნელით არის გაჟღენთილი…

უკვე 4 წელია სირია მსოფლიოს უჩვეულოდ ცხელი წერტილია, რომლის შესახებ შემზარავი ისტორიები დაორთქლილი მინის მიღმა გადღაბნილ ლანდებს წააგავს. მსოფლიო კვლავინდებურად შეშფოთებულია, თუმცა არაფერი იცვლება. ალეპო ცეცხლსა და კვამლშია გახვეული, აქ დიდი ხანია სიცილის ხმა გლოვის ხმამ ჩაახშო. სირია ახლა ნანგრევებზე განაგრძობს არსებობას, ჰაერი კი დენთის და სიკვდილის სუნით არის გაჟღენთილი…

ალეპოს მცხოვრებლები ტვიტერის საშუალებით ცდილობენ, საკუთარი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ: „ძვირფასო მსოფლიო, ამ წუთებში ინტენსიურად გვბომბავენ. რატომ ხარ ჩუმად? რატომ? რატომ?…“ – წერს ფატიმა. ფატიმა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ალეპოელი 7 წლის გოგონას, ბანას დედაა, რომელიც ტვიტერზე თავისი აქტიურობით გამოირჩევა. თავის პირად გვერდზე ის ინტენსიურად აცნობს მსოფლიოს თავის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. „მე ბანა ვარ, 7 წლის. მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან გწერთ და ახლა, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებიც კი იყოს“, – წერდა ბანა 13 დეკემბრის ღამეს…

14 დეკემბერს თურქულმა ტელეარხმა ხუთი წლის ბავშვის ისტორია გააშუქა, რომელიც დაჭრილი იყო და სამედიცინო მუშაკები საკუთარ სახლში ანესთეზიის გარეშე ოპერაციას უკეთებდნენ, რადგან ალეპოში უკვე მედიკამენტების დეფიციტია.

ისტორიები ადამიანების ტრაგედიებზე აქ უსასრულოა. მსოფლიოს შორიდან ესმის შვილმკვდარი დედებისა და მამების არაადამიანური ხმები, რომელიც წინასაახალწლო, საზეიმო ჰანგებში იკარგება. მსოფლიო თავის პოზიციას, როგორც ყოველთვის, შეძრწუნებული, აღშფოთებული დუმილით და ღრმა პოლიტიკური განცხადებებით გამოხატავს, ადამიანები კი იქ, შორეულ ალეპოში გადარჩენისთვის იბრძვიან, იხოცებიან და დავიწყებას ეძლევიან…

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასადის მთავრობის ჯარისკაცები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში იჭრებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, არ ინდობენ ქალებსა და ბავშვებს. გაერო შიშობს, რომ ალეპო, შესაძლოა, ახალი წლის დადგომამდე „ვეებერთელა სასაფლაოდ“ გადაიქცეს.

სირიის ყველაზე დიდ ქალაქში, 2012 წლის 19 ივლისს, დაიწყო სამხედრო გადატრიალება. საჰაერო თავდასხმის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით მოსახლე კი ლტოლვილად იქცა. ბრძოლებმა უძველესი ქალაქი ალეპო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს ყველა იმ რაიონს აკონტროლებს, რომელიც ამბოხებულებს ეკავათ. მსოფლიო ლიდერები ქალაქში არსებულ ვითარებას „სულისშემძვრელს“ უწოდებენ. ჯონ კერი მოსახლეობის სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებასა და მის მოკავშირე რუსეთს აკისრებს.

14 დეკემბერს მიღწეულმა შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ამოქმედება ვერ მოასწრო, ისე დაირღვა. ალეპოსკენ მიმავალ მთავარ გზაზე ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტოკოლონები გაჩერებულია. სირიის ხელისუფლებამ მოსახლეობისა და მებრძოლების გაყვანის ოპერაცია დროებით შეაჩერა. მთავრობა ამბოხებულებს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება საომარი ზონიდან ხალხის გაყვანის ოპერაცია. სირიის მედიის ცნობით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 9 ათასი კაცი, თუმცა 50 ათასამდე სირიელი ჯერ კიდევ ევაკუაციას ელოდება.

„მსოფლიო, რატომ ხარ ჩუმად? რატომ? რატომ? რატომ?“ – ალბათ ეს ყველა ალეპოელ და საერთოდ, ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვინც თავს ტოლერანტული და დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილად მიიჩნევს, ვისაც იმედი აქვს, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში. ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ სირია არ არის შორეული ქვეყანა, რომლის პრობლემებიც ჩვენ არ გვეხება, მოგიწოდებთ, შეუერთდეთ სირიელ ლტოლვილთათვის ლოცვას… შობა ახლოვდება… ადამიანები საახალწლო ბაზრობებზე საჩუქრებს არჩევენ… ნუ იქნები ჩუმად, გამოუცხადე სოლიდარობა მას, ვისთვისაც ახლა ყველაზე დიდი საჩუქარი სიცოცხლეა…

ნუ იქნები ჩუმად!…

ნატალია ჩიქოვანი

დევნილი ქრისტიანების გულისშემძვრელი წერილი ისლამურ სახელმწიფოს

Reuters-Kurdish-refugee-boy-Kobani-Suruc-camp-photog-Umit-Bektasისლამური სახელმწიფოსადმი გაგზავნილი ჯვრის ხალხის მიერ დაწერილი დიდად შთამბეჭდავი წერილი, თარგმნილი ეგვიპტელი ქრისტიანის მიერ, ამცნობს ძლიერ, ჭეშმარიტებით აღსავსე უწყებას ყველას, ვისაც არასწორად ესმის, ან არ იცნობს იესო ქრისტეს, ან არ იცის, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა.

დასავლეთის კულტურებში ბევრი ატარებს ოქროს ან ვერცხლის ჯვარს, როგორც საიუველირო ნაწარმს, მაგრამ დევნილ ქრისტიანთა და ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის ჯვარი ელექტროსკამისგან, თოკისა თუ გილიოტიონისგან არაფრით განსხვავდება.

ჯვარზე გაკვრა იყო პირველ საუკუნეში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ყველაზე მხეცური და დამამცირებელი ტერორისტული აქტი. ჯვრის ტარება, მასზე მითითება და მისი აღნიშვნა, თავისთავად, სიკვდილის დამარცხებას არ ნიშნავს. სიკვდილი არ არის დასასრული.

მუსლიმანთაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანებს მათი წინასწარმეტყველის − მუჰამედისათვის − მიყენებული შეურაცხყოფის გამო ხოცავენ, ქრისტიანები ზეიმობენ იესო ქრისტეს ენით აღუწერელ დამცირებას, დევნას, ცემასა და სიკვდილს, რადგან ქრისტემ ამ ყოველივეს სძლია და სძლია სამარადისოდ.

ჯვრის ხალხი არ აწყობს ამბოხებას, არ წვავს რაიმეს, არ არბევს და არ კლავს არავის მას შემდეგ, რაც გაიგებს ბიბლიებისა და ეკლესიების დაწვისა და ქრისტიანთა მკვლელობის შესახებ. ისინი საპატიმროშიც კი გალობენ. წამებულთა სისხლი, როგორც ტერტულიანემ აღნიშნა ათასი წლის წინ, თესლია, რომელზეც ეკლესია აღმოცენდა.

ეკლესია სიკვდილშიც კი არ კვდება. მის მოწმობას საზღვრები არ აქვს; მოწმობას იმის შესახებ, რას ნიშნავს სინამდვილეში ქრისტეს ჯვარცმა.

ამ წერილის სიტყვებზე უფრო კარგად და უფრო ნათლად ვერავინ გადმოსცემს იესო ქრისტეს უწყებას.

ჯვრის ხალხის მიერ ისლამური სახელმწიფოსადმი მიწერილი წერილი

მსოფლიო თქვენზე ლაპარაკობს.
თქვენს აპოკალიპტურ ოცნებებსა და სანახაობრივ ცოდვებს
გამოღვიძება მოაქვთ ახლო აღმოსავლეთში.
თქვენს წმინდა ომში მოდით წმინდა მიწაზე.
მოდით, აბრაამის შვილებო, მოდით.
ჯვრის ხალხი თქვენს კარიბჭეებთან გროვდება, რათა გაუწყოთ:

სიყვარული მოდის თქვენ შემდგომ!
როგორც წყნარი ოკეანიდან წამოსული ქარის ქროლვა,
ზეთისხილის მთიდან ვიდრე იორდანეს უდაბნოს ქარებამდე,
ლიბანის კედრებიდან აღმოსავლეთის აბრეშუმის გზებამდე;
მოდის ჯარი ჯარისკაცებისა და ტანკების გარეშე.
ესაა სიკვდილამდე ერთგულ მოწამეთა ჯარი,
რომელსაც სიცოცხლის უწყება მოაქვს.
ჯვრის ხალხი
მოდის თქვენს კარიბჭეებთან, რათა იქ შეხვდეს სიკვდილს.
თუ არ გაიგონებთ ჩვენს უწყებას სიტყვებით,
მაშინ, ჩვენ ჩვენი მსხვერპლად გაღებული ცხოვრებით გიჩვენებთ ამას.

რამეთუ ყოველი ყელი, თქვენ მიერ გამოჭრილი,
და ყოველი ქალი, რომელსაც აუპატიურებთ,
ყოველი მამაკაცი, რომელსაც წვავთ და ყოველი ბავშვი, რომელთაც მტვრად აქცევთ,
სისხლია თქვენს ხელებზე, ძმებო.

მაგრამ მოდით, ძმებო, მოდით!

მოდით თქვენი სისხლით შესვრილი ხელებით,
მოდით ჯვრის ხალხის მკვლელობის სურვილით აღსავსე თქვენი თვალებით,
მოდით, დააწყვეთ თქვენი თოფები და დანები ჯვრის წინაშე,
სიყვარული, რომელიც უსაზღვრო და უზარმაზარია,
სუნთქავს თქვენს ქალაქებში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცოდვები მეწამულია,
ისინი თოვლივით გათეთრდება.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მსახურებს უწოდებთ,
ღმერთი თავის ძეებად გაქცევთ.
სად გაექცევით მის სიყვარულს?

სიბნელეც ვერ დაგფარავთ!

მოდით, ძმებო, მოდით.
ისმის შხაპუნა წვიმის ხმა,
რათა წარხოცოს თქვენი ცოდვები და შეგიხვიოთ ჭრილობები,
თქვენ კვდებით თქვენი ღმერთისათვის, მაგრამ ჩვენი ღმერთი მოკვდა ჩვენთვის.
მეფეთა მეფე მოდის, რათა შეეწიროს სამსხვერპლო კრავად,
დაიკლას იმ სამსხვერპლოზე, სადაც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.
იესო ქრისტე – ისა ალ მასიჰი –
მოდის ახლო აღმოსავლეთში.

არის პატიება ამაღამ, ო, ძმაო!
არის კურნება თქვენი ცოდვებისთვის, ო, ძმაო!
ჩვენ შორის არაა განსხვავება.
ქრისტეს გარეშე ჩვენ არაფრით ვართ უკეთესნი ყველაზე ცუდ ჯიჰადისტთან შედარებით.
ქრისტე ერთხელ ყველასთვის გაეკრა ჯვარზე,
რათა ჩემი და შენი მსგავსი ცოდვილები ძმებად ექცია.
თქვენც კი.
ახლაც კი.