ტეგების არქივი: ღვთისმსახურება

800-საათიანი უწყვეტი ღვთისმსახურება ოჯახის დეპორტაციისგან გადასარჩენად

ჰოლანდიაში ეკლესია „ბეთელმა” თანადგომა გამოხატა ოჯახის მიმართ, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება. ეკლესიაში უკვე 800 საათია ღვთისმსახურება უწყვეტად მიმდინარეობს.

ჰოლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას არ აქვს უფლება, შევიდეს ტაძარში მაშინ, როდესაც იქ მსახურება ტარდება. ამიტომ ერთ თვეზე მეტია, რაც ხუცესები და მოხალისეები ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, ღვთისმსახურებას ატარებენ, რათა დეპორტაციისგან იხსნან სომხეთიდან ჩასული ოჯახი, რომელსაც თავშესაფარზე უარი უთხრეს.

ტამრაზიანების ოჯახი, რომელშიც სამი წევრი ბავშვია, სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა. მათთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი 8 წლის განმავლობაში წყდებოდა, ახლახან კი ოჯახს უარი უთხრეს თავშესაფარზე.

ეკლესიის წარმომადგენლის, ალექს ვიკის თქმით, ახლა მათ პოლიცია უფრო ახლოდან აკვირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

“ერთად შევაგროვე ყველა ლიტურგია, ჩვენ მათ ვმღეროდით და ვკითხულობდით, შემდეგ სხვა ხუცესებმაც აღმოგვაჩინეს და შემოგვიერთდნენ.” – თქვა ალექს ვიკმა.

მანამ, სანამ ტამრაზიანების ოჯახი დეპორტაციის საფრთხის ქვეშ იქნება, ეკლესიის წარმომადგენლების თქმით ღვთისმსახურება გაგრძელდება.

წყარო

მიწისძვრა მექსიკაში: ღვთისმსახურების დროს სამლოცველო სახლი ჩამოინგრა

გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრის გამო მექსიკაში კათოლიკური სამლოცველო სახლი ჩამოინგრა. The Guardian-ის ცნობით, დაღუპულია 15 ადამიანი. წმინდა სანტიაგოს სახელობის ეკლესია მთა პოპოკატეპეტლის ფერდობზე იყო აშენებული.  ტაძარში ბავშვის ნათლობა ტარდებოდა, როდესაც ბიძგები დაიწყო.  ცნობილია, რომ სახურავის ჩამონგრევისას დაიღუპა ერთი ოჯახის 11 წევრი, მათ შორის, ორი თვის გოგონა. ოჯახიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი გოგონას მამაა, რომელიც მღვდელი გახლავთ.

პუებლას შტატში ორმოცამდე ადამიანია დაღუპული, ხოლო მთლიანად მექსიკაში, დაახლოებით, 217 ადამიანი. გარდა ამისა, მექსიკაში დანგრეული 40 შენობის რიცხვში შედის სკოლაც. ცნობილია, რომ დაღუპულია 20 მოსწავლე და 2 ზრდასრული ადამიანი. კიდევ 30 ბავშვი და 12 ზრდასრული უგზო-უკვლოდ არის გამოცხადებული.

პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რადგან ხელისუფლება მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შედეგებს ითვლის.

მიწისძვრა 19 სექტემბერს, მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. რიხტერის შკალის მიხედვით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,4 ბალს შეადგენდა. სტიქიის შედეგად, დაახლოებით, 5 მლნ. ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მექსიკის ხელისუფლება ცდილობს, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დაადგინოს.