ტეგების არქივი: ქრისტიანული შეკრება

ლონდონის რამდენიმე სკოლაში გაუქმდება ქრისტიანული შეკრებები

ბრენტის რაიონის (ლონდონის ჩრდილო-დასავლეთი) ადგილობრივმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გააუქმოს აუცილებელი ქრისტიანული შეკრებები სახელმწიფო სკოლებში და ისინი მულტირელიგიური შეკრებებით ჩაანაცვლოს.

ამჟამად ბრიტანეთის სკოლები, რომლებსაც ხელისუფლება აფინანსებს, ვალდებულნი არიან ჩაატარონ ყოველდღიური ქრისტიანული შეხვედრები უფლის თაყვანისცემისათვის. ასეთ შეკრებათა ფორმა კანონით არ რეგულირდება, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ყოველი შეკრება ქრისტიანული ჰიმნების გალობას გულისხმობს. ბოლო დროის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბევრი სკოლა უგულებელყოფს ამ წესებს და არ ატარებს ქრისტიანულ შეკრებებს.

ლონდონის რაიონის, ბრენტის საბჭომ, მათი აზრით, „ნოვატორული“ გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანული თაყვანისცემა ჩაანაცვლოს მულტირელიგიურით. ასეთ შეკრებებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ყველა რელიგიის წარმომადგენლები და ისინიც, ვინც არც ერთი რელიგიის მომხარე არ არის. მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებას ლონდონის სხვა რაიონების საბჭოებიც შეურთდნენ.

რაბინმა ჯონათან რომეინმა აღნიშნა, რომ „თაყვანისცემის შესახებ არსებული ამჟამინდელი კანონები არ არის პოპულარული და ხელს უშლის სკოლებს“ იმგვარად ჩაატარონ შეკრებები, რომ ყველასთვის შთამაგონებელი იყოს – თანამშრომლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. მან აღნიშნა, რომ ქრისტიანული ფუნდამენტის მქონე საზოგადოებაში ყველა რელიგიის წარმომადგენლისათვის არის ადგილი, მათთვისაც კი, ვინც არც ერთი რელიგიის მომხრე არ არის. სწორედ ამიტომ, თაყვანისცემის ერთიანი ფორმა უნდა დაინერგოს თანამედროვე განათლების სისტემაში.

ქრისტიანული უფლებადამცველი ორგანიზაციის – Christian Concern – დირექტორმა ანდრეა უილიამსმა ბრენტის საბჭოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანულ შეკრებათა არსი ის არის, რომ ყველას შეახსენოს – განათლების მთელი სისტემა ქრისტიანობიდან იღებს სათავეს და ქრისტიანობას ეფუძნება.

წყარო: http://www.christiantoday.com/