ტეგების არქივი: სირია

სირიაში III-IV საუკუნით დათარიღებული მიწისქვეშა ტაძარი აღმოაჩინეს

ქალაქი მანბიჯი, 10 მაისი. საიდუმლო მიწისქვეშა ქრისტიანული ტაძარი სირიაში, რომელიც მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება, სასწაულებრივად გადაურჩა ისლამურ სახელმწიფოს: არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა სამსხვერპლოები, საიდუმლო გასასვლელები, სამლოცველო დარბაზები, სამარხები და ქვაზე ამოტვიფრული ბერძნული ხელნაწერები.

არქეოლოგებმა შეძლეს ადრეული საუკუნეების მიწისქვეშა ტაძრის აღმოჩენა მანბიჯში, სირიის ჩრდილოეთით მუჰაფაზის რეგიონში. ეს ტერიტორია ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მიერ იყო ოკუპირებული. მიწისქვეშა გალერეის ეს უძველესი სისტემა გახლდათ საიდუმლო თავშესაფარი რომის იმპერიის მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის.

გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი კარიბჭე, რომელიც სამლოცველო დარბაზში გადის, მისი კედლები მორთულია ამოტვიფრული ჯვრებით და წარწერებით, ასევე აქ ნახავთ პრიმიტიულ სამსხვერპლოებს. შენობაში ასევე  გათვალისწინებული გახლავთ საიდულო გვირაბები, რომლებიც მრევლს საშუალებას აძლევდა, ტაძრის დარბევის შემთხვევაში გაქცეულიყვნენ და დამალულიყვნენ. ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბს მივყავართ მრგვალ გალერეაში, სადაც იპოვეს ქვის მოჩუქურთმებული სამარხები, რომლებზეც იმ დროის წმინდანები იყვნენ გამოსახულნი.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი მთელ მიწისქვეშა შენობაში,“ – ამბობს აბდულვაჰაბ შეკო, სპეციალური სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. – სავარაუდოდ, ამ კარიბჭის შესასვლელს იცავდა დარაჯი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში ნიშანს აძლევდა ტაძარში მლოცველებს, რათა გაქცეულიყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებიდან.“

პირველი გათხრები 2014 წელს ჩატარდა აღნიშნულ კატაკომბებში, თუმცა პროცესი გასაიდუმლოებული იყო, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ამ ტერიტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ განახლდა არქეოლოგიური გათხრები.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნატალია ჩიქოვანი

გაეროს სხდომა სირიის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა

გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც სირიაში განხორციელებულ  ქიმიურ თავდასხმას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებას სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივ ქმედებებს მიმართავს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის სასწაფოდ შესწავლას, ჩავარდა რუსეთის პოზიციის გამო. ნიკი ჰეილის განცხადებით, სირიის მთავრობა, რუსეთი და ირანი არ არიან დაინტერესებულნი კონფლიქტის გადაჭრაში.

შეგახსენებთ, 4 აპრილს სირიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის დროს გამოიყენეს ქიმიური გაზი. დაიღუპა 72 მშვიდობიანი მოსახლე.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ სირიის სამთავრობო ავიაციამ დაბობმა შეიარაღებული ოპოზიციის საწყობი, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა.

წყარო

ქიმიურმა თავდასხმამ სირიაში, დაახლოებით, ასი მოქალაქე შეიწირა, მათ შორის, ათეულობით ბავშვია

ქიმიურმა თავდასხმამ სირიაში, დაახლოებით, ასი მოქალაქე შეიწირა, მათ შორის, ათეულობით ბავშვია. ეს ცნობა სირიის ადამიანის უფლებათა დამცველმა სადამკვირვებლო პუნქტმა გაავრცელა (Syrian Observatory for Human Rights). ეს ცნობები ეყრდნობა უშუალოდ თვითმხილველთა მონაყოლს.

საბრძოლო თვითმფრინავებმა განზრახ ამოიღეს მიზანში ხან-შეიხუნი, იდლიბის სამხრეთით მდებარე ქალაქი. ამ თავდასხმის შემდეგ, ჰოსპიტალი, სადაც წინამორბედი თავდასხმის მსხვერპლი ადამიანები მკურნალობდნენ, დაიბომბა.

დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის, აშშ, ასადის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს ქიმიურ თავდასხმაში. ვაშინგტონის განცხადებით, ადამიანთა სიკვდილი გამოიწვია ზარინის გაზმა, მაგრამ რუსეთმა სხვა მოსაზრება გამოთქვა, თითქოსდა ამ მომწამლავმა აირმა აჯანყებულთა ქიმიური იარაღიდან გამოჟონა.

ჰასან ჰაჯ ალიმ, თავისუფალი იდლიბის არმიის მეთაურმა, მოსკოვის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა. „ყველამ დაინახა ის თვითმფრინავი, რომელიც ბომბავდა გაზით“, უთხრა მან გამომცემლობა როიტერს.

პირველად ვაშინგტონმა ქიმიური იარაღის, ზარინის გაზის, გამოყენებაში ასადი 2013 წელს დაადანაშაულა, როცა ასობით ადამიანი დაიღუპა დამასკოს გარეუბანში განხორციელებული თავდასხმისას. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ასადმა გადაკვეთა მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ დადგენილი „წითელი ხაზი“.

ობამა ასადს საჰაერო თავდასხმით დაემუქრა, მაგრამ უკანასკნელ წუთს გადაიფიქრა, რადგან ასადმა თანხმობა განაცხადა უარი ეთქვა თავის ქიმიურ არსენალზე მოსკოვის შუამავლობით დადებული შეთანხმების საფუძველზე. ამას აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ობამას სისუსტედ მიიჩნევს.

ტრამპმა სამშაბათის ინციდენტს „ბაშარ ალ-ასადის მიერ ჩადენილი საზარელი ქმედება“ უწოდა და ობამაც დაადანაშაულა იმაში, რომ მან ოთხი წლის წინ არ გააძლიერა ის „წითელი ხაზი“.

წყარო

გაერო: 2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა

2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა, იუწყება გაერო თავის ახალ მოხსენებაში. ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მონაცემებით, გასულ წელს 650-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ომში. კიდევ ასობით ბავშვი დაავადებისგან გარდაიცვალა, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელი იყო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში.

იუნისეფის მოხსენება სირიის კონფლიქტის დაწყების 6 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

გასულ კვირას ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები” განაცხადა, რომ სირიელი ბავშვები „ტოქსიკურ სტრესს“ განიცდიან, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ფსიქოლოგიურის.

იუნისეფის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 851 ბავშვი გახდა იძულებული, რომ საომარ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

წყარო