ტეგების არქივი: სახარების რწმენის ეკლესია

„სახარების რწმენის ეკლესიის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვდა. მთავრობის გადაწყვეტილება შეეხებოდა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის, – (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია) საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელის უფლება დამცველების თქმით, ამ სარჩელით ნაჩვენები იყო ის, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ ხდებოდა რეალური ზიანის ოდენობის მასშტაბური განსაზღვრა, ან რაიმე ობიექტური, სამართლიანი, განჭვრეტადი კრიტერიუმების გათვალისწინება.  „გარდა ამისა, ის შეიცავს  რელიგიური ორგანიზაციების  ავტონომიურობაში სახელმწიფოს ჩარევის საფრთხეს“.

საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„ეს საქმე სამწუხაროდ ასე დასრულდა,“-გვეუბნება ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ბეგაძე. მისი განმარტებით, ეს შედეგი გამოიწვია იმან, რომ სასამართლომ დაუშვა დამატებითი კითხვა პროცესზე.

„რადგან თქვენ ითხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად ვცნოთ მთავრობის დადგენილება,  ამით თქვენ უშვებთ, რომ სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ვერ მიიღონ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება, – ამბობდა სასამართლო. „სახარების რწმენის ეკლესიას“  კი ჰქონდა მკაცრი განმარტება, რომ ისინი არ ითხოვდნენ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს წართმეოდათ კომპენსაციის ანაზღაურების უფლება,“-ამბობს მარიამ ბეგაძე.

მისი განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დისკრიმინაციულად ცნობდა მთავრობის დადგენილებას, ყველა შემთხვევაში მოხდებოდა ამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზიანის ანაზღაურების შეწყვეტა.

„საკონსტიტუციო საამართლო არ არის პოზიტიური და ის ვერ გადაწყვეტდა, სხვა რელიგიური ორგანიზაციების ამ სიაში დამატების საკითხს. მას მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, იყო თუ არა მთავრობის დადგენილება დისკრიმინაციული.

 

გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები ძალიან მყარად ითხოვდნენ, რომ სხვას არ წართმეოდა ზიანის ანაზღაურების უფლება, სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ნორმის არა მთლიანად გასაჩივრება, არამედ მხოლოდ იმ შინაარსის გასაჩივრება, რომელიც მათ არ ამატებდა სიაში. სამწუხაროდ, პროცესზე ეს ვერ გავითვალისწინეთ,“-ამბობს ბეგაძე.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციას უკვე შეუქმნა მოლოდინი, რომ ისინი მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაციას, შესაძლებელია ამ დადგენილების შეჩერების გამო, სასამართლოს მათაც მიმართონ.

„სამართლებრივად ცოტა რთული და ჩახლართული პროცესია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სარჩელი თავიდან შევიტანოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ მოვახდინოთ რაიმეს დაკონკრეტება.

ჩვენ ველოდებით ლუთერული ეკლესიის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ზიანი მიიღო საბჭოთა რეჟიმისგან და ამის შემდეგ ხელმეორედ მივმართავთ სასამართლოს,“-გვეუბნება ბეგაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის დადგენილებას დისკრიმინაციულად ცნობს, საქართველოს მთავრობა ორი არჩევანის წინაშე დადგენა, ან შეუწყვიტოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც კომპენსაციის გადახდა, ან სიაში დაამატოს მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციებიც.

საბჭოთა რეჟიმის დროს ისევე, როგორც სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, „სახარების რწმენისა“ და ლუთერულმა ეკლესიამაც დევნა განიცადეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომები, ზეპირი მოსმენით,  2015 წლის 11 მარტსა და 2016 წლის პირველ თებერვალს გაიმართა.

ავტორი: ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი
წყარო: netgazeti.ge

„მეგობრული საჩუქარი” ბავშვებს – ქ. თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში „სამარიტელის ქისის” საჩუქრები 350 ბავშვს გადაეცა

13 თებერვალს საბავშვო ღონისძიება ჩატარდა ქ. თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში. საქველმოქმედო ორგანიზაციის„სამარიტელთა ქისის” წარმომადგენლობამ საქართველოში 350 ბავშვს საშობაო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაზე მისულ პატარებს სპეციალური გასართობი პროგრამა შესთავაზეს, ასევე შედგა მულტფილმ „სუპერწიგნის” საშობაო სერიის ჩვენება.

 

რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიაში „სამარიტელთა ქისის” საჩუქრები 500 ბავშვს გადაეცა (ვიდეო)

ქ. რუსთავში, სახარების რწმენის ეკლესიაში 20, 21 და 27 იანვარს საბავშვო ღონისძიებათა ციკლი ჩატარდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელთა ქისის” წარმომადგენლობამ საქართველოში 500-მდე რუსთაველ ბავშვს საშობაო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაზე მისულ პატარებს სპეციალური გასართობი პროგრამა შესთავაზეს, ასევე შედგა მულტფილმ „სუპერწიგნის” საშობაო სერიის პრეზენტაცია.

თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა

11 და 12 იანვარს თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში გრანდიოზული საბავშვო შოუ “საახალწლო ნაძვის ხე” გაიმართა.

კონცერტი ყოველ წელს იმართება და იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული ბავშვი თავად ხდება ღონიძიების მონაწილე.

საზეიმო შოუს კულმინაცია მულტფილმ სუპერწიგნის საშობაო სერიის პრეზენტაცია გახლდათ.

ორმოცდაათიანელთა ეკლესია: საბჭოთა რეპრესიები და დღევანდელობა

ეკლესიის დაფუძნება და გავრცელების არეალი

რელიგიური გადმოცემით, ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „სულიწმინდის გადმოსვლის“ მოვლენასთან, რის შემდეგაც მორწმუნეები „უცხო ენაზე“ ამეტყველდნენ („გლოსოლალია“). ეს მოვლენა ერთგვარი ანალოგიაა სახარებისეული ამბის, რომლის თანახმადაც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ქრისტეს მოწაფეებმა უეცრად სხვადასხვა ენებზე იწყეს საუბარი და ღვთის სიტყვის ქადაგება. ორმოცდაათიანელთა მიმდინარეობა 1901 წლის 1 იანვრის ღამეს, კანზასის შტატის ქალაქ ტოპეკაში განვითარებულ მოვლენებიდან იღებს სათავეს. გადმოცემის თანახმად, მეთოდისტური ეკლესიის მქადაგებელმა ჩარლზ ფოქს პარხამმა ამ ქალაქში ბიბლიის სკოლის 34 მოსწავლეს მისცა დავალება – ელოცათ და ემსჯელათ „საქმენი მოციქულთა“-ს შესახებ. სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე აგნას ნ. ოზმანი იყო პირველი, ვინც მიიღო სულიწმინდით ნათლობა და „უცხო ენაზე“ ამეტყველდა. მომდევნო დღეებში სხვა მოსწავლეებმაც იგივე ნიჭი გამოავლინეს. პარხამმა და მისმა მოწაფეებმა დაიწყეს ქადაგება ამერიკის სხვადასხვა შტატებში. ამ მოძრაობის პირველი სტაბილური ნავსაყუდელი 1906 წლიდან ლოს-ანჯელესში, პარხამის ერთ-ერთი მოსწავლის, უილიამ ჯეიმს სეიმურის მიერ იქნა დაფუძნებული. საწყის ეტაპზევე ორმოცდაათიანელთა ეკლესია რასობრივი თანასწორობით გამოირჩეოდა, რადგან წარმოადგენდა თეთრკანიანათა ამერიკული მეთოდისტური ეკლესიის „წმინდა მოძრაობისა“ და აფრო-ამერიკული ქრისტიანობის ნაერთს. რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლა ლოს-ანჯელესში დაფუძნებული ეკლესიისთვის მუდმივ საქმედ იქცა. აშშ-დან რელიგიური მოძღვრება ევროპაში მალევე გავრცელდა ინგლისელი ტომას ბოლ ბარეტის თაოსნობით, რომელიც ამერიკაში მოგზაურობისას დაესწრო ორმოცდაათიანელთა მსახურებას და მათი მიმდევარი გახდა. მის მიერ ნორვეგიაში დაარსებული ეკლესიიდან „ფილადელფია“ დანარჩენ ევროპაში ვრცელდებოდა ორმოცდაათიანელთა სწავლება. სამისიონერო საქმიანობის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურობდნენ შვედი ორმოცდაათიანელები. დღეს მსოფლიოს მასშტაბით ორმოცდაათიანელთა მიმდევრების რიცხვი 279 მილიონ ადამიანს აჭარბებს.

 

ორმოცდაათიანელთა რელიგიური გაერთიანების დაფუძნება საქართველოში და საბჭოთა დევნის პერიოდი

ორმოცდაათიანელთა ეკლესია თავისი ისტორიის დასაწყისს XIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიაში მოღვაწე „შვედურ მისიას“ და მის დამფუძნებელს, ნილს ფედერიკ ჰოიერს უკავშირებს. ჰოიერს 1882 წელს დაევალა კავკასიაში გამგზავრება და მისიონერული საქმიანობის დაწყების შესაძლებლობის შეფასება. თუმცა ოფიციალურად, პირველ ორმოცდაათიანელ მისიონერად მიიჩნევა ენდრიუ დევიდ ურუშანი, რომელიც საქართველოში ირანიდან ჩამოვიდა. სწორედ ამ ადამიანს მიეწერება ტიფლისში, არმავირსა და პეტროგრადში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების დაარსება. თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში ორმოცდაათიანელთა ეკლესიის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინიდან 1929 წელს შიმშილობას გამოქცეული ორმოცდაათიანელების დასახლებებმა ფოთში, ბათუმში, სენაკში, ოზურგეთსა და მიმდებარე სოფლებში.

ორმოცდაათიანელებმა საბჭოთა საქართველოში ბევრი სირთულე გადაიტანეს. პირველი მასობრივი რეპრესია მოხდა 1932 წელს, როცა 300 ორმოცდაათიანელი ფოთის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. რა ბედი ეწიათ ამ ადამიანებს, ვერავინ გაარკვია. ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრების დევნის შემთხვევები განგრძობადი და მრავალჯერადი იყო. საბჭოთა საქართველოში, სხვა/განსხვავებული რწმენის ადამიანების მსგავსად, ორმოცდაათიანელთა ჯგუფებზეც მკაცრ ზედამხედველობას აწარმოებდნენ ერთი მხრივ უშიშროების სამსახურები, ხოლო მეორე მხრივ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთა საზოგადოებები. უშიშროების სამსახურები ახდენდნენ მორწმუნე ადამიანების იდენტიფიცირებას, ნერგავდნენ თავიანთ აგენტურას რელიგიურ ჯგუფებში, რათა დეტალური ინფორმაცია ჰქონოდათ იქ არსებული განწყობების შესახებ. აშკარაა, რომ უშიშროების ორგანოები და რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთა საზოგადოებები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთა საზოგადოების ანგარიშებში მოცემულია სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის, მათ შორის ორმოცდაათიანელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია. კერძოდ, მონაცემები მიმდევართა რიცხვის დინამიკის, ასევე ამ ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შეუძლებელია რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთა საზოგადოებას ამ სახის ინფორმაცია მოეპოვებინა შესაბამისი უშიშროების სამსახურის აგენტურასთან კავშირის გარეშე.

რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის ფუნქცია საბჭოთა კავშირში ეკისრებოდა სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასკომებს. რეგისტრაციისთვის აუცილებელი იყო რელიგიის საქმეთა საბჭოს მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია. საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ორმოცდაათიანელები კი ძირითადად დაურეგისტრირებელ ჯგუფებად რჩებოდნენ, რის გამოც მათ არ ჰქონდათ საკუთარი სამლოცველოს ქონის ფორმალური უფლებაც კი. ორმოცდაათიანელთა ჯგუფებს ხშირად რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ, რადგან ისინი საბჭოთა ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდნენ. ორმოცდაათიანელები უარს ამბობდნენ საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. დღეს კი წვევამდელობის ასაკს მიღწეული ორმოცდაათიანელები ჩვეულებრივ გადიან სამსახურს ქართულ საჯარისო ნაწილებში. საბჭოთა ჯარში არ წასვლა იყო არა პაციფისტური ნაბიჯი მათი მხრიდან, არამედ საბჭოთა სისტემასთან დაპირისპირების მკაფიო მაგალითი. მიუხედავად დევნისა, ორმოცდაათიანელები მაინც ახერხებდნენ ფარულად შეეძინათ მიმდევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. სწორედ მაშინდელი მისიონერული მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა ორმოცდაათიანელების ჯგუფები აფხაზეთის ფაქტობრივად ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში, გორში, ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში, რუსთავში, ჭიათურაში და სხვა არაერთ სოფელსა თუ ქალაქში. ორმოცდაათიანელთა მიმდევრების რაოდენობის ზრდას ხელს უწყობდა ასევე, ამ ეკლესიის წევრთა გადმოსვლა უკრაინიდან საქართველოში. ხშირი იყო უკრაინელი ხუცესების მსახურების შემთხვევებიც.

 

საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანული) ეკლესიის სტრუქტურა და საქველმოქმედო მსახურება

საქართველოში ორმოცდაათიანელთა რამდენიმე რელიგიური ჯგუფი არსებობს. მათგან ყველაზე მრავალრიცხვოვან ორგანიზაციას წარმოადგენს სახარების რწმენის ეკლესია, რომელიც ამ სახელწოდებით, 2013 წლიდან არის რეგისტრირებული. საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე განფენილ ორმოცდაათიანელთა ჯგუფებს ზედამხედველობენ ხელდასმული ეპისკოპოსები. სწორედ ეს ეპისკოპოსები, უფროს ეპისკოპოსთან ერთად, შეადგენენ სულიერ საბჭოს, რომელიც ეკლესიის უმაღლესი ზედამხედველობითი ორგანოა. ორგანიზაციის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს თბილისში.

სახარების რწმენის ეკლესია ცდილობს არ შემოიფარგლოს მხოლოდ რიტუალური ღვთისმსახურებით და სოციალურ მსახურებასაც აქტიურად ეწევა. 2000 წლიდან რელიგიური გაერთიანების ბაზაზე დაფუძნდა ბიბლიის კოლეჯი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს. ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი ეკლესიის ხუცესთათვის, სადაც სწავლობენ არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე მსახურების მსურველი ორმოცდაათიანელები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. ასევე, ეკლესია ცდილობს მსგავსი საგანმანათლებლო კერების შექმნას სხვა ქალაქებში არსებულ ადგილობრივ ეკლესიებთანაც . პერიოდულად გამოიცემა როგორც ჟურნალ-გაზეთები, ასევე სხვადასხვა სახის საღვთისმეტყველო კრებულები. ეკლესია თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიიჩნევს ქველმოქმედებას და რეგულარულად მონაწილეობს მრავალ, როგორც ერთჯერად, ასევე განმეორებადი ხასიათის საქველმოქმედო აქციაში. ქველმოქმედების ძირითადი მიმართულებებია:

  • მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების აღზრდასა და სოციალურ საჭიროებებზე ზრუნვა;
  • ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანთა მეთვალყურეობა და მხარდაჭერა;
  • საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირების მორალური მხარდაჭერა;
  • მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების საკვებითა და სხვა პირველადი საჭიროების საგნებით უზრუნველყოფა.

ამ და სხვა საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად რელიგიურ გაერთიანებას 1991-1996 წლებში გახსნილი ჰქონდა უფასო სასადილო, ხოლო სასადილოს დახურვის შემდეგ, 1996 წლიდან 2006 წლამდე, ეკლესია პროდუქტებით ეხმარებოდა მოქალაქეებს. დღემდე მსგავსი სახის დახმარება გარდაბანსა და თბილისში 120-მდე ოჯახზე გაიცემა. ეკლესია მუდმივად ეხმარებოდა ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარს სხვადასხვა ნივთებით, ასევე ონკოლოგიურ საავადმყოფოს და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა დისპანსერის პაციენტებს. ეკლესიის „ქალთა ასოციაცია“ ეხმარება 15 მარტოხელა დედას სოციალური პრობლემების მოგვარებაში და უფინანსებს მათ შვილებს უცხო ენის შემსწავლელ კურსებს. ეკლესია არაერთხელ ჩართულა მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტრაგიკული მოვლენების გამო დაწყებულ საქველმოქმედო აქციებში. მაგალითად, ეკლესიამ ფინანსური დახმარება აღმოუჩინა 1989 წლის 9 აპრილის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გაზით მოწამლულ ადამიანებს, 2005 წელს, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად დაეხმარა წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახებს. იმავე წელს აჭარაში სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. 2008 წელს საქართველოს სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესია აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარა როგორც ომის დღეებში, ასევე შემდგომაც. ეკლესიამ გამოყო მობილური ჯგუფები, რომლებიც პროდუქტებით და საჭირო ნივთებით ამარაგებდა დაზარალებულებს. სახარების რწმენის ეკლესიის თქმით, ისინი მომავალში უფრო მასშტაბური საქველმოქმედო აქციების გამართვასაც გეგმავენ.

 

 

სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა

სახარების რწმენის ეკლესიას საქართველოში ბევრი დაბრკოლება ექმნება. სახელმწიფო დღეს რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზიანს არ აღიარებს. ამიტომ ეკლესია ვერ იღებს ამ სტატუსის შესაბამის მატერიალურ კომპენსაციას. ეკლესიის წარმომადგენლები საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებზეც საუბრობენ. მათ ხშირად მოიხსენიებენ „სექტანტებად“. მათი განსხვავებული რელიგიური პრაქტიკა ქართულ იდენტობასთან შეუთავსებლად აღიქმება. ხშირია საჯარო სკოლებში მოსწავლეების დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის შემთხვევები.

რელიგიურ გაერთიანებას უარს ეუბნებიან საჯარო სივრცეში ღონისძიებების გამართვაზეც. მაგალითად, 2014 წლის ივნისში ეკლესია მასპინძლობდა საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებების ღონისძიებას „იმედის ფესტივალი.“ ამ დღისთვის ფესტივალის ორგანიზატორები ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ორგანიზატორებმა სპორტის სასახლის დირექციასთან ხელშეკრულება დიდი ხნით ადრე გააფორმეს და მომსახურების თანხაც გადაიხადეს. ფესტივალის გამართვას საპროტესტო განცხადებებით გამოეხმაურნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე, სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. სპორტის სასახლის დირექტორმა ორგანიზატორებს განუცხადა, რომ შენობის უსაფრთხოების რისკების გამო, სასახლეში ღონისძიებას ვერ გამართავდნენ. ხანძრის შედეგისა და უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად, ორგანიზატორებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზეც კი უარი უთხრეს. იქედან გამომდინარე, რომ ხანძარის მასშტაბი მცირე იყო და ორგანიზატორები, სახალხო დამცველის და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის მომდევნო დღეებში შეუზღუდავად შედიოდნენ შენობაში, ამიტომ ადმინისტრაციის დამოკიდებულება აძლიერებდა ეჭვს, რომ ღონისძიების გამართვას ხელოვნურად შექმნილი ბარიერები აბრკოლებდა.

საბოლოოდ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ ფესტივალის გასამართად ალტერნატიული სივრცის მოძიება სცადა და თბილისში არსებულ ყველა დიდ ობიექტს მიმართა თხოვნით, თუმცა ღონისძიების ჩასატარების საშუალება არავინ მისცა. საბოლოოდ, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ფესტივალი, რომელშიც 150 ქრისტიანული კონფესია და უამრავი სტუმარი მონაწილეობდა, სახარების რწმენის ეკლესიის ეზოში, შეზღუდულ სივრცეში აღენიშნათ.

მსგავსი პრობლემები და უთანასწორო მოპყრობა ეკლესიის წარმომადგენლებს ხშირად უქმნის განცდას, რომ მოსახლეობის უმრავლესობისგან განსხვავებული რწმენის გამო, ისინი საქართველოს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქმებიან.

 

 

ავტორი: კონსტანტინე ჩაჩიბაია

წყარო: TDI

სახარების რწმენის ეკლესიაში იერუსალიმის დაბრუნების 50-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს

28 მაისს ქ. თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში იერუსალიმის დაბრუნებისა და გაერთიანების 50-ე წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება  საერთაშორისო ორგანიზაციის „ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან”, ასევე ორგანიზაციების „Ezra georgia”-სა და „Ebenezer-ის” ორგანიზებით გაიმართა.

სპიკერები იყვნენ: საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი და  საერთაშორისო ორგანიზაციის „ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან” გენერალური დირექტორი  ოლეგ ხუბაშვილი, ეკლესია „სიცოცხლის სიტყვის” უფროსი ხუცესი და საერთაშორისო ორგანიზაციის „ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან” აღმასრულებელი დირექტორი  მამუკა ჯებისაშვილი, გივი ქუთელია (ორგანიზაცია „Ezra georgia” წარმომადგენელი) და სტანისლავ მაილიანი (საერთაშორისო ორგანიზაციის „Ebenezer” საქართველო-სომხეთის წარმომადგენელი).

საზეიმო ღონისძიებას გაუძღვნენ სახარების რწმენის ეკლესიის მგალობელთა გუნდები ნინო გოგსაძისა და ტატო შოშიტაშვილის ხელმძღვანელობით და ასევე სახარების რწმენის ეკლესიის ბავშვთა გუნდი „ცისარტყელა“.

http://www.specialsportbets.com/

სახარების რწმენის ეკლესიაში ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა

სახარების რწმენის ეკლესიაში 12 იანვარს 7დან 13 წლამდე  ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა.

სახარების რწმენის ეკლესიაში, სულთმოფენობის დღისადმი მიძღვნილი მსახურება გაიმართა

დღეს სახარების რწმენის ეკლესიაში, სულთმოფენობის დღისადმი მიძღვნილი მსახურება გაიმართა, რომელსაც კათოლიკური და სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

რას ითხოვს სახელმწიფოსგან სახარების რწმენის ეკლესია

„იყო შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი იმიტომ დააპიტიმრეს, რომ ორმოცდაათიანელები იყვნენ. ხუთი შვილის დედას ჩამოართვეს დედობა და ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ციხიდან რამდენიმე წელში გამოვიდნენ, მაგრამ ორი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ“, – ამ ამბავს ლელა ხონელიძე გვიამბობს. ეს 1951 წელს მოხდა, სტალინური რეპრესიების დროს, როცა სახარების რწმენის, იგივე ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ასობით წევრი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად დოკუმენტური მასალების არსებობისა, სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად მხოლოდ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას მიიჩნევს, მათ შორის არ არის ორმოცდაათიანელთა ეკლესია. „ჩვენ არ ვითხოვთ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ეკლესია იდევნებოდა საბჭოთა რეჟიმის დროს და სახელმწიფომ ეს უნდა აღიაროს“, – ამ მოთხოვნით სახარების რწმენის ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის სახელმწიფოს.

ლელა ხონელიძემ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მასალები, რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს რელიგიური გაერთიანების წევრების დევნას ადასტურებს, არქივებში მოიპოვა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

„საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ასწლიანი ისტორია აქვს [ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება. მას ახლა სახარების რწმენის ეკლესია ეწოდება]. 1914-1915 წლიდან ეკლესია უკვე არსებობდა საქართველოში და, ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდიც გამოიარა. ჯერ კიდევ 1924 წელს სამასი მორწმუნე ფოთის პორტიდან გამოიყვანეს და რა ბედი ეწია მათ, არავინ იცის. ეს ყველაფერი დოკუმენტური მასალებია, არქივებშია დაცული. მე ვიმუშავე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის არქივში, ასევე უშიშროების არქივში, საიდანაც დეტალურად ამოვიღე ყველა დოკუმენტი ამის შესახებ.

მაქვს ჩხრეკის ოქმები, დაკითხვის ოქმები, ფოტოები და ყველა ტიპის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადამიანები იდევნებოდნენ რელიგიური ნიშნით, იმის გამო, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ყველა ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ამოღებულ იქნა: პასპორტი და რელიგიური ნიშნის საგანი – ბიბლია, რელიგიური ხელნაწერები და ა.შ. ანუ აშკარად ჩანს, რომ დაპატიმრების მიზანი იყო რელიგიური ნიშანი. 1924 წელს 300 ადამიანი დააპატიმრეს, 1954 წელს – 40-ზე მეტი პატიმარი იყო, 1961 წელს 14 ადამიანი დააპატიმრეს, შემდეგ იყო დაპატიმრებები 1964 წელს. ჯამში, იმ სამასის გარდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცით რა ბედი ეწიათ, ჩვენ კიდევ გვყავდა ასამდე პატიმარი რელიგიური ნიშნით“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას; ისლამურ და იუდეურ თემებს და კათოლიკურ ეკლესიას ცნობს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად. ეს რელიგიური გაერთიანებები საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„შარშან, როცა პრემირ-მინისტრმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ ოთხი რელიგიური გაერთიანება დაფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, ჩვენი პირველი რეაქცია დადებითი იყო, მაგრამ როცა კრიტერიუმები გამოიყო და ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი, ამან უკვე სხვა კითხვები გააჩინა. გამოდის, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ან არ ვარსებობდით, ან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი არ ვყოფილვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესია არის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ეკლესია“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოში პირველი განმწესრიგებელი სხდომა 11 მარტს გაიმართა. ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციულია სახელმწიფოს პოზიცია, საბჭოთა რეპრესიების დროს დაზარალებულად ცნოს მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანება: „სხვა ეკლესიებსაც, ამ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გარდა, მიადგა საბჭოთა პერიოდში ზიანი, ამიტომ მხოლოდ ოთხის გამოყოფა და გამოცალკევება სახელმწიფოს მხრიდან იყო დისკრიმინაციული მიდგომა და რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის მცდელობა. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არღვევს სეკულარიზმის პრინციპს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

იურისტის განმარტებით, მათ შენიშვნები აქვთ იმ ნაწილშიც, რაც ითვალისწინებს მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ან სიმბოლურ ანაზღაურებას: „ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ნორმატიულმა აქტმა არ განსაზღვრა ზიანის ოდენობის დაანგარიშების სამართლიანი და გაზომვადი კრიტერიუმები. ეს სახელმწიფოს აძლევს „თვითნებობის“ შესაძლებლობას, განსაზღვროს ზიანის ოდენობა ყოველწლიურად ან მოახდინოს მათი დისტრიბუცია. ასეთი ჩანაწერი არ აკმაყოფილებს სამართლიანი სახელმწიფოს იდეას.

ჩვენ წარვადგინეთ იმ ოთხ რელიგიურ ორგანზაციასთან რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ ხარჯვის მიზნობრიობას და ხარჯთაღრიცხვის კონტროლს ახორციელებს სააგენტო, მათ შორის, მაგალითად, მუსლიმ თემთან დაკავშირებით მითითებულია, რომ თემისთვის გადაცემული მილიონ ასი ათასიდან 75 პროცენტი სასულიერი პირების ხელფასებს უნდა მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მიიჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება, სახელმწიფო ითვალისწინებს ზიანის სახით დაფინანსების ანაზღაურების შეწყვეტის შესაძლებლობას. ეს სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა, განსაზღვროს ყოველდღიური თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, რაც კომპენსაციის შემთხვევაში განსაკუთრებით გაუგებარია, რადგან კომპენსაცია არის საკუთრების უფლების ნაწილი და პირს ის თავისუფლად შეუძლია განკარგოს. ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური განცხადება – სინამდვილეში რელიგიური ორგანიზაციები იმიტომ დააფინანსეს, რომ სახელმწიფომ ეს ორგანიზაციები [განსაკუთრებით მუსლიმი თემი] გააკონტროლოს, ვალიდური [სარწმუნო] ხდება“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე, ანუ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურისტები ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გამოყოფის შესახებ ამბობდნენ, რომ „ესენი არიან ტრადიციული ორგანიზაციები“: „ცხადია, თავად ამ ტერმინის გამოყენება და მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან არის დისკრიმინაციული – რაიმე ტიპის გრადაციას ეკლესიებს შორის ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს“.

რა შედეგის მიღება სურს სახარების რწმენის ეკლესიას ამ სარჩელით? – ეკლესია საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის მატერიალურ ანაზღაურებას არ ითხოვს, პირიქით, ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს არ უნდა აფინანსებდეს. „ჩვენ გვინდა, რომ სახარების რწმენის ეკლესია რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

„ამ ეკლესიას განსაკუთრებით მძიმე ისტორია ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფომ კი არ აღიარა ის დევნა, რაც მან განიცადა, ეს მათთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ყველა ქვეყანაში, როცა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ზიანის მიყენების ანაზღაურების საკითხი დგება, პირველ რიგში, ზიანის მასშტაბს აფასებს სახელმწიფო, რაც გულისხმობს საარქივო მასალების გახსნას, დამუშავებას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ეს ოთხი ორგანიზაცია და ზიანის ანაზღაურების წესი ისე განსაზღვრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები საერთოდ არ ჩაუტარებია, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დისკრიმინაციული მიდგომა“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

საქართველოში სახელმწიფოსგან დაფინანსებას ხუთი რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ყველაზე სოლიდური თანხა – 25 მილიონი ლარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია შეხვდა, 2014 წელს კონფესიებისთვის სააგენტოს ანგარიშზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჩაირიცხა. ისლამურმა თემმა მიიღო ერთი მილიონ ასი ათასი ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულმა თემმა – 300 ათასი ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულმა თემმა – 200 ლარი და საქართველოს იუდეურმა თემმა – 150 ლარი.

რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთავრობამ 2014 წელს შექმნა. 2015 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარია. „ბათუმელები“ სტატიის მომზადებისას სააგენტოს არაერთხელ დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე კომენტარს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი, განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. მორიგი სხდომა ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ამჯერად მოსამართლე თეოლოგებსა და ისტორიკოსებს მოუსმენს.

ნანა კვაჭაძე

წყარო: batumelebi.ge

სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ბათუმში დღეს, 11 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. „სახარების რწმენის ეკლესია“ სახელმწიფოს რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციასა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების  არსებული მოდელის დისკრიმინაციულობაზე ედავება.

სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„ეს არის გამწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის დასაშვებობა უნდა შეაფასოს. თუმცა სასამართლოს მხრიდან არსებით განხილვასთან დაკავშირებული შეკითხვებიც უნდა იყოს. ეს არის პირველი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია დავობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოდელზე და იმ დადგენილებაზე, რომელიც ამას არეგულირებს“, – აცხადებს იურისტი თამთა მიქელაძე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული დადგენილება დისკრიმინაციულია:

„სახელმწიფომ ამ დადგენილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია მოიცვა და სხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი, უგულებელჰყო.  მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის დაანგარიშება, ეს სახელმწიფოს თვითნებობის უფლებას აძლევს, რაც ეკლესიების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის რისკია.“

იურისტის შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმის არარსებობის გამო, სახარების რწმენის ეკლესია ასევე დავობს, საკუთრების უფლებისა და ზიანის ანაზღაურების პრინციპებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი ორი მთავარი არგუმენტი არის არსებული ზიანის ანაზღაურების მოდელის დისკრიმინაციულობა და მისი არაშესაბამისობა სეკულარიზმის პრინციპთან“.

სარჩელი პროტესტანტული მიმართულების ეკლესიებიდან მხოლოდ სახარების რწმენის ეკლესიამ შეიტანა სასამართლოში. თუმცა, როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, ლუთერანული ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიებიც  ამ დისკრიმინაციული ნორმის ადრესატები არიან.

„სარჩელის სულისკვეთებას  ეს ეკლესიებიც უერთდებიან, თუმცა ისინი მოსარჩელეები არ არიან. სახარების რწმენის ეკლესიას საბჭოთა პერიოდის საკუთარი ისტორია ძალიან კარგად ჰქონდა დამუშავებული, ამიტომ გაადვილდა ამ მასალების თავმოყრა და მტკიცება, რომ მათ მიადგათ ზიანი“, – აცხადებს იურისტი.   მისი შეფასებით, ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია  არა ფინანსური კომპენსაცია, არამედ სახელმწიფოს პოზიცია:  „ის, რომ სახელმწიფომ არ აღიარა ის დევნა და ის ისტორია, რაც ამ ეკლესიას გადახდა და, ზოგადად, გამოავლინა დისკრიმინაციული მიდგომა  ე.წ. არატრადიციული ეკლესიების მიმართ“.

წყარო: netgazeti.ge