ტეგების არქივი: საქართველო

ISIS-ის 50 მებრძოლი საქართველოში დაბრუნდა – რა საფრთხეებს უნდა ელოდეს სახელმწიფო

„ახლა, როდესაც ისლამური სახელმწიფო დაეცა, სად მიდიან მისი მებრძოლები?” – აღნიშნული სათაურით სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია Soufan Center-ისა და “გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევების შესახებ, რომლის თანახმადაც, ISIS-ის დამარცხების შემდეგ, სამშობლოში 5600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. უკან დაბრუნებული ტერორისტების რიცხოვნების მიხედვით პირველ 5 ადგილს იკავებს: ტუნისი(800), საუდის არაბეთი(760), ინგლისი(425), რუსეთი(400) და გერმანია(300).

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა და მათგან დაახლოებით 50 უკვე  დაბრუნდა სამშობლოში.

როგორც Washington Post-ი წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებულ წევრებს.

„რასაკვირველია, დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმაზე, თუმცა საგულისხმოა, რომ ისინი შესაძლოა გახდნენ შთაგონების წყარო მათთვის, ვინც რადიკალიზმის გზას ადგას“, – წერს Washington Post-ი.

წყარო

გიორგი ვოლსკი: „იერუსალიმთან დაკავშირებით ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ის მოკავშირეა, რომელსაც თავისი სტრატეგიული მიზნები აქვს.

“აშშ საქართველოს მოკავშირეა, რომელსაც თავისი სტრატეგიული გეგმები და მიზნები აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა პოზიციაა; საქართველო ისე იმოქმედებს, როგორც მის ეროვნულ ინტერესებში იქნება”, – თქვა ვოლსკიმ.

იერუსალიმის სტატუსტზე დღეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც გააკეთა. „ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენს პარტიორებთან კონსულტაციები გვაქვს და გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ”, – თქვა მან.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს,რომლებიც გაეროს რეზოლუციაზე დაუჭერენ მხარს. ეს რეზოლუცია იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად აღიარებას გმობს.

წყარო

სქსკ-ს ორგანიზებით საბაუნიში რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა (ვიდეო)

3 და 4 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის მიერ ინიცირებული, რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „რეფორმაციის 500 წელი და საქართველო“    ჩატარდა.

კონფერენციის მიზანი საქართველოში რეფორმაციის მემკვიდრეობის და კვალის შესწავლა და გაანალიზება გახლდათ. კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყვნენ როგორც სამეცნიერო და არასამთავრობო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები.

მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია საქართველოში. მაიკ პენსი თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

ის თბილისში 31 ივლისს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად  ესტონეთიდან ჩამოვიდა და 1 აგვისტოს მონტენეგროში გაემგზავრა.

მაიკ პენსს პერმიერი, გიორგი კვირიკაშილი, მეუღლესთან ერთად დახვდა. აეროპორტში შეერთებული შტატების ელჩი, იან კელიც, იმყოფებოდა.

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. თქვენ გვერდით ვდგავართ. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ… უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს, გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები,” – განაცხადა მაიკ პენსმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

ევროპის მოედანი სიმბოლურად საქართველოსა და შეერთებული შტატების დროშების ფერებში განათდა. საზეიმოდ იყო განათებული მეტეხის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე სატელევიზიო ანძა ფუნიკულიორზე. მაიკ პენსის საპატივსაცემოდ პუშკინის სახელობის სკვერში კონცერტიც გაიმართა.

 

საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სტუმრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე, 19 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მაღალი რანგის სტუმარს ვნუკოვოს აეროპორტში კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები დახვდნენ.

20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდა, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქებმა და მათმა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამავე დღეს კირილმა სიტყვით მიმართა ილია მეორეს:

„თუ ჩვეულებრივ დიპლომატები და პოლიტიკოსები მოქმედებენ ცნობიერების დონეზე, ხოლო ბიზნესმენები − ჯიბისა და მუცლის, ეკლესიები მოქმედებენ ადამიანთა გულების დონეზე. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს კეთილი კავშირები ქვეყნებსა და ხალხებს შორის, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილ ურთიერთობათა შენარჩუნების საქმეში“, – განაცხადა მან.

წყარო

 

ისრაელი ქართველი ემიგრანტებისთვის ავტომატური უარის შემოღებას გეგმავს

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ავტომატური უარი შემოიღოს, – ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი იუწყება. მედიის ცნობით, შესაბამისი პროცედურა დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

2016 წელს ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 3069 და უკრაინის 5505 მოქალაქემ, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაცილებით მეტია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისრაელის მედია იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ძირითადად აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ავტომატური უარის თქმით, შესაძლებელი იქნება “უფრო სერიოზული სიტუაციების განსახილველად რესურსის გამოთავისუფლება”.

30 სექტემბერს რომის პაპი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა ცნობილია. პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა და 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

პაპი შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, პრეზიდენტთან, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართავს.

1-ელ ოქტომბერს, დილის 10.00 საათზე პაპი ფრანცისკე პირველი წმინდა წირვას თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ქადაგებაზე დასწრება მსურველებს მხოლოდ მოსაწვევების საშუალებით შეეძლებათ, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის კურიაში, აბესაძის # 6-ში უფასოდ გაიცემა.

პაპი თბილისს 2 ოქტომბერს დილით დატოვებს და აზერბაიჯანში გაემგზავრება.