ტეგების არქივი: საფრანგეთი

საფრანგეთი: მოსწავლეთათვის ბიბლიის კითხვის გამო მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მშობლების ბრალდების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ის თავის მოსწავლეებს ბიბლიიდან მუხლებს უკითხავდა.

ორმოცი წლის მასწავლებელი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პატარა ქალაქ მალიკორნეს დაწყებით სკოლაში. ცოტა ხნის წინ მშობლების ჯგუფმა იჩივლა იმის შესახებ, რომ მასწავლებელი ბიბლიიდან ციტატებს უკითხავდა 9-11 წლის ასაკის ბავშვებს. მშობლებმა ერთობლივი საჩივარი შეადგინეს, ხოლო სკოლის დირექტორმა სამსახურეობრივი გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა. მასწავლებლის სახელი და ის, თუ, სახელდობრ, რის ციტირებას ახდენდა ის ბიბლიდან, პრესაში არ ვრცელდება.

მშობლებმა მასწავლებელი დაადანაშაულეს პროზელიტიზმში და ამტკიცებდნენ, რომ ის მოსწავლეებს თავს ახვევდა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს. დირექტორმა მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა ანტიკლერიკალიზმის კანონის დარღვევის გამო, რომელიც მოითხოვს რელიგიისა და განათლების მკაფიო გამიჯვნას.

სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სამსახურეობრივი გამოძიების შედეგები მარტის შუა რიცხვებისათვის გახდება ცნობილი.

ამავდროულად, ქალაქის მერმა ჟან-პოლ ბალერუმ აღნიშნა, რომ ხსენებულ მასწავლებელს დიდად აფასებენ თავად მოსწავლეები და მშობლები. სამსახურიდან მის გათავისუფლებას მერმა ‘მეტისმეტად მკაცრი სასჯელი უწოდა’.

წყარო: http://www.christiantoday.com/
https://www.francebleu.fr/

საფრანგეთი – აბორტის მოწინააღმდეგეებს ორწლიანი პატიმრობა ელით

16 თებერვალს საფრანგეთში მიიღეს კანონი აბორტის მოწინააღმდეგე იმ ვებ-გვერდების გაუქმების შესახებ, რომლებიც მკაფიოდ არ განაცხადებენ, რომ აბორტის მოწინააღმდეგენი არიან და ასე შეეცდებიან ქალების დარწმუნებას, რომ არ შეწყვიტონ ორსულობა.

კანონი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ხმათა უმრავლესობით.

ახალი დანაშაული ისჯება ორწლიანი პატიმრობითა ან ჯარიმით, რომლის ოდენობაც 30,000 ევროთი განისაზღვრება.

ლორანს როსინიოლმა, ქალის უფლებებისთვის მებრძოლმა ფრანგმა პოლიტიკოსმა, განაცხადა, რომ აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტებს კვლავ აქვთ თავისუფლება იმისა, რომ აბორტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ „ისინი ღიად განაცხადებენ, რას საქმიანობენ და რა სურთ“.

საფრანგეთის კანონმდებლობამ უკვე აკრძალა აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ ქუჩაში აბორტის კლინიკების დემონსტრირება. ახალი კანონპროექტის მომხრეები ამჟამად იმას აპროტესტებენ, რომ აბორტის მოწინააღმდეგეთა ტაქტიკამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ესეც უნდა შეწყდეს.

მარსელის არქიეპისკოპოსმა ჟორჟ პონტიერმა, საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტმა, მისწერა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს და შეშფოთება გამოხატა ახალი კანონის გამო.

არქიეპისკოპოსმა სთხოვა პრეზიდენტს არ დაუშვას კანონპროექტის დამტკიცება. ჟორჟ პონტიერმა ამას „დემოკრატიული პრინციპების სერიოზული დარღვევა“ უწოდა.

იანვრის ბოლოს ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში ამ ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად.

წყარო: http://www.catholicherald.co.uk