ტეგების არქივი: სამშვიდობო მარში

ერაყში ქრისტიანები სამშვიდობო მარშით 140 კილომეტრს გაივლიან

ვნების კვირაში ერაყელი ქრისტიანები 140 კილომეტრს გაივლიან იმისათვის, რომ თავად ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდონ ყველას. მსვლელობა დაიწყება 9 აპრილს, ერბილში (ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი).

ქალდეველთა კათოლიკური ეკლესიის პატრიარქმა ლუის საკომ განაცხადა: „მშვიდობას ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რელიგიურმა წინამძღოლებმა, ასევე პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა, გაბედულ ინიციატივათა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა მეშვეობით“.

პატრიარქმა ისიც თქვა, რომ მარშის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ ქალაქ ერბილიდან და მივლენ ნინევეს ველზე მდებარე ქალაქ ალკაშამდე. მეორე ჯგუფი კი, რომელშიც იქნებიან ფრანგი მღვდლები, გაივლის მანძილს ქალაქ ტელასკოვიდან ბაკოვამდე დიდ ხუთშაბათს.

ერაყელ სასულიერო პირთა სამშვიდობო ინიციატივა მიმართულია იმის ჩვენებისკენ, რომ ერაყში არსებული ქრისტიანული თემები და ეკლესიები მტკიცედ არის ერთმანეთთან დაკავშირებული მიუხედავად ყველა დევნისა და ტანჯვისა, რომელთა გადატანაც მოუხდათ მათ უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ის ქრისტიანული ქალაქები, რომლებშიც გაივლიან სამშვიდობო მარშის მონაწილენი, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისში აიგო. ეს ქალაქები ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან.

ქალაქ ტელასკოვის სახელი ითარგმნება, როგორ „ეპისკოპოსის მთა“. ისლამური სახელმწიფოს დაპყრობამდე, ის თანამედროვე და აყვავებული ქალაქი იყო, მაგრამ ისლამისტებმა აიძულეს ქრისტიანები ქალაქი დაეტოვებინათ.

2003 წელს ომის დაწყებამდე, როცა სადამ ჰუსეინი ჩამოაგდეს, ერაყის ქრისტიანული მოსახლეობის რიცხვი 1, 4 მლნ-ს შეადგენდა. დღეს კი მათი რიცხვი 250 ათასს არ აღემატება.

წყარო