ტეგების არქივი: საგანგებო მდგომარეობა

ეგვიპტე საგანგებო მდგომარეობას აცხადებს კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებულ თავდასხმათა შემდეგ

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატა ალ-სისიმ სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში ორ კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ, რის შედეგადაც 44 ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ორდერის გარეშე გაჩხრიკონ სახლები და დააკავონ ადამიანები, მაგრამ ამას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რომელიც შემდგომ თავდასხმათა შესახებაც ავრცელებს მუქარას.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჯიჰადისტებთან ბრძოლა „ხანგრძლივი და მტკივნეული“ იქნება და საგანგებო მდგომარეობა ძალას შეიძენს მას შემდეგ, რაც „კანონიერი და საკონსტიტუციო ნაბიჯები“ გადაიდგმება.

ისლამური სახელმწიფოს განცხადებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა აფეთქებები. ერთმა თავი აიფეთქა ტანტას წმ. გიორგის კოპტურ ეკლესიაში, სადაც 27 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ მეორე ტერორისტი შეაჩერა, რომელიც ალექსანდრიის წმ. მარკოზის კათედრალში შესვლას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, მან ასაფეთქებელი ტაძრის გარეთ გაააქტიურა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციის ოფიცერი.

წყარო