ტეგების არქივი: რწმენის თავისუფლება

ტაბულას ინფორმაციით კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულობის დათქმით იზღუდება

„ახალი კონსტიტუციის პროექტით რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება დამოუკიდებლად აღარ არსებობს და ის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების დათქმით იზღუდება,” – ინფორმაცის ტელეკომპანია ტაბულა ავრცელებს.

პროექტის მე-8 მუხლი:

“რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან”.

ჩანაწერში გამქრალია მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის ფორმულირება “სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას” – რომელიც აზუსტებდა რწმენის თავისუფლების აბსოლუტურობას. აღმსარებლობის თავისუფლების ჩანაწერის შეკვეცის მიუხედავად, უცვლელი დარჩა მუხლის შემდგომი ფორმულირება: “ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან”.

საკონსტიტუციო კომისიამ, 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციას არ მიუღია. პარტიებმა კომისია სხვადასხვა დროს, პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს. იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=Ig6Y55Wob7Q. იგი ნეგატიურად აფასებს კომისიის მუშაობის ფორსირებულ რეჟიმს, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.
იხ. ბმულზე ახალი საკონსტიტუციო პროექტი http://constitution.parliament.ge/uploads/masalebi/konstitucia-gadasinjva-proeqt.pdf

 

წყარო