ტეგების არქივი: რუსეთი

რუსეთი პირველად დასახელდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებიან

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ქრისტიანებს ავიწროებენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors-ის შეფასებით, ქრისტიანების რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში გახშირდა, რის გამოც რუსეთი ყოველწლიურ რეიტინგში 50 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანებზე თავდასხმები მოხდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემვალ მუსლიმანურ რესპუბლიკებშიც. მათ შორის დაღესტანში, თათრეთსა და ჩეჩნეთში. როგორც ავტორები აცხადებენ, განსაკუთრებით რთულია გაქრისტიანებული მუსლიმანების მდგომარეობა.

„მუსლიმანებს, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს, უარყოფენ როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე პედაგოგები. რეგიონებში ისინი თემიდან გარიყულები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ყველაზე ნაკლები პრობლემები აქვს ხელისუფლებასთან. თუმცა, დაურეგისტრირებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ხშირად უთვალთვალებენ.

Open Doors-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დიდი საფრთხე ქრისტიანებს ჩრდილოეთ კორეაში ემუქრებათ, რომელიც სიის სათავეში უკვე მეთექვსმეტედ მოხვდა. ხუთეულში მოხვდნენ აგრეთვე ავღანეთი, სომალი, ლიბია და პაკისტანი.

სულ, იმ 50 ქვეყანაში, რომელიც ანგარიშში მოხვდა 700 მილიონი ქრისტიანი მორწმუნე ცხოვრობს, საიდანაც 200 მილიონს აღმსარებლობის გამო დევნიან.

წყარო

რუსეთში ქრისტეს 33-მეტრიან ქანდაკებას 2018 წელს დადგამენ

რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა, ზურაბ წერეთელმა, იესო ქრისტეს ოცდაცამეტმეტრიანი ქანდაკება შექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ძეგლი 2018 წელს რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში დაიდგმება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „მოსკოვი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, მოქანდაკემ დაამზადა 23 მეტრის სიმაღლის სკულპტურული კომპოზიცია „არგონავტები“. „მე ახლა დავასრულე 33 მეტრის სიმაღლის ქრისტეს ქანდაკება. ამ მასშტაბების ძეგლის აღმართვა არც ისე ადვილია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქარის ზეწოლა, საჭიროა საინჟინრო გათვლა, ხოლო რაც შეეხება „არგონავტებს“, პრეზიდენტის განკარგულებით, ის სოჭში დაიდგმება“, – განაცხადა წერეთელმა.

მოქანდაკის სიტყვებით, იესო ქრისტეს ქანდაკება გაშლილი ხელებით შეეგებება მნახველს. „ბრაზილიაში მუშაობისას ვხედავდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდა ჩამოსულ უამრავ ადამიანს. ეს ნიშნავს ტურიზმიდან მიღებულ უზარმაზარ შემოსავალს”, – განაცხადა წერეთელმა.

წყარო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად სცნო

რუსეთის უზენაესი სასამართლო მთავრობის ინიციატივას დაეთანხმა, მან „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად სცნო და უკანონო რელიგიურ დაჯგუფებად გამოაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მათ მიერ გავრცელებულმა ბროშურებმა სხვა ჯგუფების მიმართ სიძულვილი გამოიწვია, თუმცა ორგანიზაციის იურისტები ამას არ ეთანხმებიან და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

„იეჰოვას მოწმეების“ წარმომადგენლების თქმით, მათ 175 000 წევრი ჰყავთ რუსეთში – ქვეყანაში, სადაც სტალინის ეპოქაში სასტიკად იდევნებოდნენ. ახლა კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი საქმიანობა კრიმინალად აღიქმება.

იუსტიციის სამინისტრო  სასამართლოსგან სანკტ-პეტერბურგში, „იეჰოვას მოწმეების“ მთავარი შტაბის დახურვასა და მათი „ექსტრემისტული“ გამოცემების აკრძალვას ითხოვს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზაციას ოჯახების ნგრევაში, სიძულვილის დათესვასა და ადამიანთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ.

„იეჰოვას მოწმეები“ აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს.

ერთ-ერთმა მომხსენებელმა, იაროსლავ სივულსკიმ განაცხადა, რომ ის შოკირებულია განაჩენით: „ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იყო თანამედროვე რუსეთში, სადაც კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიურ თავისუფლებას.”

წყარო

საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სტუმრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე, 19 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მაღალი რანგის სტუმარს ვნუკოვოს აეროპორტში კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები დახვდნენ.

20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდა, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქებმა და მათმა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამავე დღეს კირილმა სიტყვით მიმართა ილია მეორეს:

„თუ ჩვეულებრივ დიპლომატები და პოლიტიკოსები მოქმედებენ ცნობიერების დონეზე, ხოლო ბიზნესმენები − ჯიბისა და მუცლის, ეკლესიები მოქმედებენ ადამიანთა გულების დონეზე. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს კეთილი კავშირები ქვეყნებსა და ხალხებს შორის, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილ ურთიერთობათა შენარჩუნების საქმეში“, – განაცხადა მან.

წყარო