ტეგების არქივი: იუთუბი

იუთუბმა გააუქმა ქრისტიანული არხი, სადაც 5,600-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული

YouTube-მა ხანმოკლე დროით გააუქმა ანგარიში, სადაც 5,600-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული და ამის შესახებ ანგარიშის მფლობელისთის ახსნა-განმარტება არ მიუცია, თუმცა, მოგვიანებით, ანგარიში ისევ აღადგინა.

SermonIndex.net გახლავთ ვებ-გვერდი, რომელსაც აქვს ქრისტიანული ქადაგებების ძალიან დიდი არქივი. მას სხვადასხვა ქრისტიან მქადაგებელთა ათასობით ვიდეო აქვს გამოქვეყნებული YouTube-ზე და 95 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ვებ-გვერდის ანგარიში იუთუბზე ოფიციალურად გაუქმდა, სავარაუდოდ, სოციალური მედია-საიტების მომსახურების პირობების ხშირ დარღვევათა გამო.

ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ქრისტიანულ პორტალს – Christian Post – SermonIndex.net-ის წარმომადგენელმა შეტყობინება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშის გაუქმების შესახებ ორშაბათს დილით აღმოაჩინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ იუთუბისგან ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი პასუხი მიიღეს ანგარიშის გაუქმების მიზეზებთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის შემდეგ SermonIndex.netის ანგარიში იუთუბმა ისევ აღადგინა.

„ეს ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ იუთუბზე არსებულ სხვა ქრისტიანულ მსახურებებსაც ემუქრება საფრთხე. ათასობით ადამიანი ლოცულობდა და იუთუბის წარმომადგენლობას ურეკავდა ან ელექტორნულ შეტყობინებებს უგზავნიდა,“ განაცხადა SermonIndex.net-ის წარმომადგენელმა 1 თებერვალს.

SermonIndex.net-მა გამოაქვეყნა იუთუბის მიერ მათთვის გაგზავნილი შეტყობინება არხის აღდგენის შესახებ:

„ჩვენ ხელახლა განვიხილეთ თქვენი ანგარიში და დავასკვენით, რომ ის არ არღვევს ჩვენი მომსახურების პირობებს. სწორედ ამიტომ, აღვადგინეთ თქვენი ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი არხი კვლავ აქტიურია. მაშინ, როცა მსგავს შემთხვევებზე მიგვითითებენ, ხელახლა განვიხილავთ შინაარსს და შესაბამის ქმედებებსაც ვახორციელებთ, ანუ აღვადგენთ ვიდეოებს ან არხებს, რომლებიც შეცდომით წავშალეთ.““

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იუთუბმა დაბლოკა ქრისტიანული შინაარსის მქონე ვიდეოები. მაგალითად, გასული წლის თებერვალში მან საიტიდან ამოიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქრისტიანთა დევნის შესახებ – “Chased.”

წყარო: http://www.christianpost.com