ტეგების არქივი: გენოციდი

„არაბული გაზაფხული”, მდუმარე მსოფლიო და სამყარო ფასადებს მიღმა

„მსოფლიო შეძრა…” – ასე იწყება თითქმის ყველა სტატია თუ სიუჟეტი ასურელი ქრისტიანების გენოციდის შესახებ…

დიახ, მსოფლიო შეძრა! სწორედ ის მსოფლიო, რომელიც იბრძვის ადამიანთა უფლებებისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს ტოლერანტობაზე, ქველმოქმედებაზე, თანადგომაზე.. მსოფლიო, რომელიც გმობს ჰომოფობიას, რომელიც თავგამოდებით ებრძვის ტერორიზმს და დგას სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე… მსოფლიო, რომელიც მილიონიან მარშს უძღვნის ისლამური რადიკალიზმის მსხვერპლ 12 ფრანგ კარიკატურისტს, მსოფლიო რომელიც პაროდოქსულად ბრმაა, საიმისოდ რომ დაინახოს 148 კენიელი ბავშვის სიკვდილი და ალბათ ყრუც, რომ გაიგონოს ასურელი ბავშვების სულისშემძრელი ღაღადი… და ეს შეძრული მსოფლიო თავის ემოციას დუმილით გამოხატავს…

პოლიტიკური ოფიციოზი ზედმეტად საქმიანი და დაკავებულია იმისათვის, რომ დაინახოს სამყარო თვითმფრინავის ტრაპთან გაფენილი წითელი ხალიჩის იქით, ან აღიქვას განვითარებადი ქვეყნების ცხოვრება, განვითარებული სამყაროს ცათამბჯენებს მიღმა… იქ, ფერად ფასადებს მიღმა მიუსაფრობაა, ტკივილია, ბრძოლაა არსებობისთვის… იქ სადღაც, „არაბული გაზაფხულის” ქვეყნებში სიმარტოვის ცივი აჩრდილები დაძრწიან… იქ, სადაც ბატარა ბავშვებმაც იციან რა არის ჯიჰადი… იქ, სადაც არ არსებობს სიტყვა ხვალ, რადგან არავინ იცის დადგება თუ არა ის… იქ, სადაც წამებულთა ხმას, ავტომატის მორიგი ჯერი ახშობს… იქ, სადაც ერთი გასროლით სიკვდილი ნეტარებაა… იქ, სადაც ცოცხლად დარჩენილები ჯერ კიდევ მოლოდინით აღსავსე თვალებით ცხოვრობენ… ვინ იცის, როგორ ელოდებიან დასახმარებლად გაწვდილ ხელს… სირიაში გაზაფხულია, მართლაც არაბული წარმოშობის და თან რადიკალური. მსოფლიო იმდენად შეძრულია, რომ დუმილი ამჯობინა. ყოველი მომდევნო მდუმარე წუთი კი კიდევ ერთი სიცოცხლის დასრულებას შეიძლება ნიშნავდეს, იქ, სადღაც ფასადებს მიღმა სამყაროში, სადაც მშობლები შვილების განათლებაზე კი არა მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობენ, მაშინ როცა ტოლერანტული მსოფლიო სულით ხორცამდე შეძრული, მაგრამ მშვიდი და მდუმარე განაგრძობს სვლას.

იქ, სადღაც ახლა გაზაფხულია და ისევე უყვართ ადამიანებს, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებში; ისევე სტკივათ და უხარიათ, ისევე იცინიან და განიცდიან, როგორც მე და შენ, მრავალი კილომეტრის დაშორებით, როგორც ნებისმიერი ფრანგი, რომელიც ეიფელიდან გადმოჰყურებს სამყაროს.

როდესაც უყურებ შერჩევითობას, ფიქრობ, რომ მითია სიცოცხლის უფლება, რომელიც პრივილეგიად გადაქცეულა მავანთათვის. ახლო აღმოსავლეთი ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რომელთაც ისევე აქვთ სიცოცხლის უფლება, როგორც დანარჩენი ქვეყნების ხალხებს… და რითია ჩვენი სიცოცხლე იმ ბავშვების სიცოცხლეზე ღირებული და აღმატებული ყოველგვარი მარშებისა და ხმაურის გარეშე, რომ კვდებიან, მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც სხვაგან არ დაიბადნენ.

არასდროს, ისტორიაში მსოფლიო არ ყოფილა ასეთი მოჩვენებითი და ყალბი, ასეთი მტრული სამეგობროდ გამოწვდილი ხელის მიღმა. დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ჟურნალის ფოტოშოპით დამუშავებულ პრიალა გარეკანს. ბევრი სამიტი და საქმიანი სხდომაა, არაფრისმომცემი შედეგებით, დასტურის ნიშნად ფოტოკამერებთან ჩამორთმეული ხელით და შეუსრულებელი შეთანხმებებით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე; ხელმოწერილი დოკუმენტებით, მაგრამ მაინც გადმოწეული საზღვრებით; საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპირებით, მაგრამ დაუბრუნებელი ტერიტორიებით; უამრავი საქველმოქმედო პროგრამით, მაგრამ მაინც შიმშილისგან გარდაცვლილი აფრიკელი ბავშვებით; ტერორიზმთან ბრძოლით, მაგრამ მაინც ვერაღკვეთილი გენოციდით სირიაში; საყოველთაო აღშფოთება-შეშფოთებით და მიუსაფარი ხალხით…

უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ასურელ ქრისტიანთა ტკივილი და ასევე უამრავმა ვერ მიიტანა, ბევრმა გაითავისა და ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო. სოციალურ ქსელებში უამრავ განსხვავებულ შეხედულებას შეხვდებით. გაჟღერდა აზრი, რომ ეს ყველაფერი ემოციებზე თამაში და ქართველების ისლამურ სამყაროსთან დაპირისპირებაში ჩათრევის მცდელობაა, რომ ფაქტები გაზვიადებულია, რომ ჯობია საკუთარ ქვეყანას მივხედოთ….

ეს რეალობაა და ამის დაჯერებას მოვისურვებთ თუ არა, ეს რეალობას არ შეცვლის. საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრი, არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. არც წაქცეულზე თვალის არიდებაა უპრიანი იმ ერისთვის, რომლის უფალი “კეთილ სამარიტელზე” ქადაგებს. არც არავინაა დაზღვეული იმისგან, იქნება თუ არა ტერორიზმის შემდეგი მსხვერპლი. მე მიხარია, რომ 500-ზე მეტმა ქართულმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი შეიფაროს ასურელი ბავშვი და 35 000-ზე მეტი ადამიანი აპირებს 19 აპრილს სოლიდარობა გამოუცხადოს ასურელ ქრისტიანებს… ჯერ კიდევ შეგვძლებია სხვისი ტკივილის გათავისება და საკუთარი მცირედი კეთილდღეობის სხვისთვის გაყოფა.

დაბოლოს, დავასრულებ მარტინ ნემიოლერის ცნობილი გამონათქვამით, რომელიც დღეს სწორედ რომ აქტუალურია თავისი შინაარსით : „როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი

“ალაჰ აკბარ!” – ქრისტიანთა გენოციდი სირიაში

“პალესტინა, ლიბანი, სირია და ერაყი – ქვეყნები ისლამური უმრავლესობით, მაგრამ სწორედ ამ მიწაზე დაიბადა ქრისტე და პირველი ნაბიჯები გადადგა ქრისტიანულმა თემმა. როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს ქრისტიანობა იქ აპირებს არსებობის შეწყვეტას, სადაც დაიბადა. ეს არის ნელი სისხლდენა, რომელიც დამახასიათებელია ქრისტიანული თემებისთვის ახლო აღმოსავლეთში და ეს ათწლეულებია გრძელდება.” – აღნიშნავს Corriere della Sera.

ბოლო დროს მსოფლიო შეძრა ასურელი ქრისტიანების წამების შემზარავმა კადრებმა. სირიაში, სადაც ქრისტიანობა ფეხს იდგამდა მისი გავრცელების პირველივე დღეებიდან, ქრისტიანების გენოციდი მიმდინარეობს.

აქ, მოციქულების მიერ დაარსებულ ეკლესიებს ბევრჯერ მოუწიათ სასტიკი დევნისა და შევიწროვების გადატანა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ქრისტიანებმა დიდი როლი ითამაშეს ისეთი ქვეყნების ცხოვრებაში, როგორებიც არიან ეგვიპტე, სირია, ლიბანი და ერაყი.

ლიბანში 20, ხოლო სირიაში 10 ქრისტიანული კონფესია მოქმედებდა. მე-20 საუკუნე რთული აღმოჩნდა არაბულ სამყაროში მცხოვრები ქრისტიანებისთვის, მათდამი მოპყრობა სულ უფრო სასტიკი ხდებოდა, ისინი უცხონი გახდნენ საკუთარ ქვეყანაში და ნელ-ნელა დაიწყეს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება, რათა თავი დაეღწიათ რელიგიური ნიშნით დევნისთვის.

1948 წელს ქრისტიანებმა დაიწყეს პალესტინის ტერიტორიის დატოვება, 1975 წელს ლიბანი აღმოჩნდა ამ ფაქტის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე რელიგიური (და არამარტო) უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებებითაა გამორჩეული და ადამიანების უფლებების დასაცავად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოღვაწეობს ფართო ასპარეზზე, ეს საუკუნეც მძიმე აღმოჩნდა ისლამური სამყაროს ქრისტიანებისთვის.

2003 წელს ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ მასიურად დაეტოვებინათ ერაყი, ხოლო 2011 წლიდან სირია დადგა ქრისტიანთა გადასახლებისა და გენოციდის საფრთხის წინაშე.

სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიაში ქრისტიანთა რაოდენობა დაახლოებით ორ მილიონ მცხოვრებზე მეტს შეადგენდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს, თუმცა ასევე არიან კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც.

საკუთარი სახლების იძულებით დატოვება უკვე 450 ათასზე მეტ სირიელ ქრისტიანს მოუწია, დაახლოებით 25 000 ლიბანში დევნილის სტატუსით იმყოფება. ქვეყანაში დარჩენილები კი გენოდის საფრთხის წინაშე დგანან.

ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები წამებულთა და დახოცილთა შესახებ, თანამემამულენი უგზავნიან სასტიკი დევნის ამსახველ ვიდეომასალას სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოძმეებს, უამრავ ფაქტს თვითონ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები ასაჯაროვებენ და მეტი “ეფექტისთვის” ქრისტიანთა უმოწყალო წამებასა და ხოცვას მუსიკალურად და კომპიუტერული სპეცეფექტებით აფორმებენ. ეს მუქარის მესიჯია ცოცხლად დარჩენილი ქრისტიანებისთვის.

კადრებში ჩანს, როგორ სთხოვენ მათ რჯულის შეცვლას და საპასუხო დუმილის ფონზე ისმის გამყინავი “ალაჰ აკბარ” და ერთი გასროლით თავში, ქრისტიანები კვდებიან თავიანთი რწმენის გამო. ეს შედარებით “ადვილი” სიკვდილია იმათ ფონზე, ვისაც თავებს აჭრიან, ახრჩობენ, ან მცირეწლოვან შვილებს უხოცავენ თვალწინ, არის ჯვარზე წამების ფაქტებიც…

2006 წელს 11 რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების გაერთიანების შედეგად, დაარსდა ISIS-ი _ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (არაბ. الدولة الإسلامية في العراق والشام), 2014 წლის 29 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო (არაბ. الدولة الإسلامية) — სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. იგი აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს.

ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი. ISIS- ი ცდილობს შექმნას შარიათზე დამყარებული ერთიანი ტრანსნაციონალური ისლამური სახელმწიფო. ბოევიკები სასტიკად უსწორდებიან ყველას, ვისაც არამართლმორწმუნედ მიიჩნევენ, მათ შორის მუსულმანებსაც.

შექმნის დღიდან ISIS-ი აქტიურად “მოღვაწეობს” ქრისტიანების დევნის კუთხით, თუმცა ბოლო ორი წელია მისმა ქმედებამ გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია და მსოფლიო ირანში ქრისტიანთა გენოციდზე ალაპარაკდა. ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში სირიაში რადიკალმა ისლამისტებმა 60 ქრისტიანული ტაძარი დაანგრიეს და დახოცეს ჰომსის, ალეპოს, მაალულას ქრისტიანული მოსახლეობა. მიმდინარე წლის თებერვალში ISIS-ის ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს პროვინცია ელ-ჰასაკის მცხოვრები 350-ზე მეტი ქრისტიანი, წამებით მოკლეს 15 ახალგაზრდა, სოფელ თელ-შამირამში ბოევიკებმა ხელთ იგდეს მთელი დასახლება, 51 ოჯახი, რომელთაგან თითოეულში, საშუალოდ, 5 წევრი გახლდათ, სოფელ თელ-ჰორმიზდში ერთ ქალს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ორი მამაკაცი დახვრიტეს. 23 თებერვალს ბოევიკებმა გააუპატიურეს და მოკლეს სირიელი ქრიტიანი ქალი. გარდა ამისა, დაწვეს ეკლესია და ქრისტიანთა სახლები. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აღდგომის კვირეულში წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი ააფეთქეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰასაკას პროვინციაში…

მაგალითები უამრავია და შეუძლებელია ზუსტი რიცხვის დასახელება, რადგან წამებულთა უმეტესობა უსახელოდ კვდება, ბევრი მათგანის ისტორია ვერ აღწევს ჩვენამდე. უამრავი ბავშვი ხდება “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლი, შემაძრწუნებელია გავრცელებული ვიდეომიმართვები, სადაც მათ ნაადრევად “გაზრდილ” მზერას ვაწყდებით, რომლებიც შველას ითხოვენ.

გმირები, რომელთა სისხლიც ქრიტეს სიყვარულზე ღაღადებს, თავიანთი მოწამეობრივი აღსასრულით ღირსეული ქრისტიანობის მაგალითს აძლევენ ქრისტეს მიმდევრებს. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, ჩვენ რიგითმა ქრისტიანებმა, ვისაც დევნისა და წამების შიშის გარეშე შეგვიძლია ჩვენი რწმენის აღიარება, ვინც არ ვიცით რას ნიშნავს კეფაზე მობჯენილი იარაღი, ვინც საკუთარ სახლში და სამშობლოში მშვიდად ვცხოვრობთ, ვისმა შვილებმაც არ იციან რა არის ჯიჰადი…

ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ თუნდაც მცირედი, ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი ასურელი (და არამარტო) ქრისტიანებისთვის. გავუწოდოთ დახმარების ხელი ჩვენს დებსა და ძმებს, მივცეთ თავშესაფარი და გავუყოთ ჩვენი სიმშვიდე. დღეს მათ სჭირდებათ სოლიდარობა. გამოხატე შენი სოლიდარობა პეტიციაზე ხელმოწერით, გაუყავი შენი კეთილდღეობა და თუ მილიონიანი მარშის მოწყობას ვერ შევძლებთ, უბრალოდ გავაიგივოთ ისინი საკუთარ თავთან და თითოეულმა შევძლოთ პატარა, გამამხნევებელი განაცხადის გაკეთება : ” მე, დღეს ასურელი ქრისტიანი ვარ!”

პეტიციაზე ხელმოსაწერად გადადით ლინკზე: http://www.petitions24.com/113880