ნინი ჯანგველაძე-ის ყველა სტატია

ტედ კრუზი მერიემ იბრაჰიმის შესახებ

გასულ კვირის ოთხშაბათს, ტეხასში, ადამიანის უფლებათა და რელიგიური თავისუფლების დამცველთა წინაშე გამოსვლისას, ტედ კრუზმა(2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი) ისაუბრა სუდანელ ქრისტიან ქალთან, ორი შვილის დედასთან შეხვედრის შესახებ, რომელიც დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი გახლდათ ქრისტეს რწმენის გამო.

კრუზი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციის (International Christian Concern) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელზეც ყურადღება გამახვილებული იყო ჩრდილოეთ კორეაში ადამიანთა უფლებათა დარღვევებსა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფაზე.

კრუზმა ძირითადად ჩრდილოეთ კორეის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მისი წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ ადამიანებს შეხვდნენ, რომლებმაც უამბეს, როგორ ურეცხავენ ტვინს ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ადამიანებს და ჩააგონებენ, რომ ამერიკა საშინელი ადგილია, ხოლო მათი ქვეყნის მმართველის კიმის ოჯახი კი ღვთაებრივი წარმოშობისაა.

ტედ კრუზმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, მსმენელს საკუთარი ოჯახის დევნის ისტორია გაუზიარა. მამამისი კუბიდან გაიქცა აშშ-ში  1957 წელს, რადგან მას აწამებდნენ და სცემდნენ კუბის რევოლუციის დროს.

ამის შემდეგ კრუზმა ისაუბრა რწმენისათვის დაპატიმრებულ კიდევ ერთ ადამიანზე, მერიემ იბრაჰიმზე, რომლის ამბავმაც საერთაშორისო გამოძახილი ჰპოვა, როცა ის ქრისტიანული რწმენის იყო დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი სუდანში, 2014 წლის მაისში.

მერიემი მუსლიმი კაცის ქალიშვილია. მამამ ის და დედამისი მაშინ მიატოვა, როცა მერიემი ჯერ კიდევ პატარა იყო. ის ქრისტიანულად აღზარდეს და ქრისტიან კაცს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ მერიემ იბრაჰიმი ყოველთვის ქრისტიანად მიიჩნევდა თავს, ხელისუფლება მას მუსლიმად თვლიდა და ამიტომ, რვა თვის ფეხმძიმე მერიემი განდგომილების ბრალდებით დააპატიმრა.

მერიემს სიკვდილი მიუსაჯეს და მიუხედავად მისი გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნისა 2014 წლის ივნისში, მერიემი მანამ არ გაათავისუფლეს, სანამ ფეხებშებორკილმა მეორე შვილი არ გააჩინა ციხეში და სანამ მილიონობით ადამიანმა, მთელი მოფლიოს მასშტაბით მისი გათავისუფლება არ მოითხოვა.

„როგორ მოიქცეოდით მაშინ, როცა ტალახსა და სიბინძურეში ამოსვრილნი საკუთარ მტანჯველთა წინაშე იდგებოდით, რომლებიც სიკვდილით დაგემუქრებოდნენ თქვენც და თქვენს შვილებსაც იმ შემთხვევაში, თუ არ უარყოფდით რწმენას? როგორ გაუმკლავდებოდით მსგავს სიტუაციებს? მერიემი გაბედულად და შეურყევლად იდგა ამ დროს და ამბობდა, რომ ვერ უარყოფდა ქრისტეს რწმენას“, თქვა კრუზმა.

„მე მქონდა მერიემთან შეხვედრის ბედნიერება,“ ამბობს კრუზი. „საოცარი ისაა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და ორი შვილის ჰყავს. ვკითხე, როგორ მოახერხა რწმენის შენარჩუნება, როგორ მოახერხა, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცა. ამ კითხვაზე მერიემმა მიპასუხა: „უფალი იესო იყო ჩემთან“.

 

წყარო

თარგმანი: ნინი ჯანგველაძე

რედაქტორი: ნინო ხუროშვილი

„ღია კარის“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა ნომერი პირველი ქვეყანაა, სადაც ქრისტიანები ყველაზე მკაცრად იდევნებიან

კიმ ჩანგ სიონგი, ადამიანი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ მიუხედავად ქრისტიანების დევნისა, ეკლესია მაინც იზრდება.

ახლა ის სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მისიონერულ საქმიანობას ეწევა. „ერთ-ერთი, რისიც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია, სახარების გავრცელებაა“, – განაცხადა მან პარასკევს ვაშინგტონში დევნილ ქრისტიანთა დასაცავად გამართულ  პირველ ყოველწლიურ მსოფლიო სამიტზე. „რადგან ბიბლია ჭეშმარიტების შესახებ ლაპარაკობს და მაშინ, როცა სინათლის სხივი შეიჭრება ოთახში, სიბნელე იფანტება. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სახარება აღარ გავრცელდეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მზის სხივები ხელებით შევაკავოთ, ის მაინც განაგრძობს ნათებას. ასევე, წინააღმდეგობათა მიუხედავად, სახარების გავრცელება არ შეწყდება“.

კიმ ჩანგ სიონგი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ქრისტიანები იძულებულნი არიან მთავრობას და ხანდახან საკუთარ ოჯახებსაც კი დაუმალონ საკუთარი რწმენის შესახებ, რათა თავიდან აიცილონ დევნა.

კონტროლი ყოველთვის იგრძნობა, ამიტომ ქრისტიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არავინ შეამჩნიოს, როცა ლოცულობენ ან რაიმე რელიგიურ აქტივობაში არიან ჩართულნი. მმართველი კიმ ჩენ ირის ოჯახის თაყვანისცემა ყველა მოქალაქეს ევალება და ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილება, დააკავებენ, აწამებენ, ან მოკლავენ.

უამრავი ქრისტიანული ოჯახია შრომა-გასწორებით ბანაკებში დაპატიმრებული, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება წამების, ცემის, ფიზიკური და გონებრივი ძალადობისა და შიმშილის შედეგად.

„ისინი, ვინც ჩინეთის გავლით სამხრეთ კორეაში გაქცევას ცდილობენ, სიცოცხლეს  საფრთხეში  იგდებენ, თუმცა არც ისინი არიან უკეთეს მდგომარეობაში, ვინც რჩება.”- აცხადებს „ღია კარები“.

ამ დაბრკოლებათა მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეაში, დაახლოებით, 300 000 ქრისტიანია. კიმ ჩანგ სიონგის სამაუწყებლო მსახურება ცდილობს, რომ სახარება, ქრისტიანული მუსიკა და მსოფლიოს ახალი ამბები აუწყოს ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ თანამემამულეებს.

 

წყარო

რედაქტირება: გიორგი ფიროსმანაშვილი