ISIS-ის ტერორისტი ქრისტიანი გახდა

0 153

ის „სიამოვნებით“ ხოცავდა ქრისტიანებს, მაგრამ შემდეგ ესიზმრა „თეთრით მოსილი“ ადამიანი და უთხრა: „შენ ჩემს ხალხს ხოცავ“. ამის შემდეგ ტერორისტი ქრისტეს მიმდევარი გახდა.

მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა ის, რომ ქრისტიანობაზე მოქცეული მუსლიმანი ამტკიცებს, რომ ისლამის დატოვებისკენ უბიძგა სიზმარმა, რომელშიც იესო ქრისტე ნახა. მსგავსი რამ (ერთი მისიონერის დამოწმებით) გამოცადა ახლა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა ტერორისტმა, რომელსაც მრავალი ქრისტიანი ჰყავს განადგურებული. იმის შემდეგ, რაც მას „თეთრით მოსილი“ ადამიანი ესიზმრა და ეს თავზარდამცემი სიტყვები უთხრა, ის თავის მსხვერპლთა რელიგიისკენ მოექცა.

„ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი ახლო აღმოსავლეთში, ამ წლის დასაწყისში, თავის მეგობარს ესაუბრებოდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და მეგობარმა მას ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყოფილი მებრძოლი გააცნო, რომელსაც ბევრი ქრისტიანი ჰყავდა მოკლული“, –  თქვა ჯინა ფედლიმ (მისია „წამებულთა ხმის“ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ რადიოგადაცემაში), რომელიც გახლავთ ახალგაზრდული ქრისტიანული ორგანიზაცია YWAM-ის დირექტორი.

არაკომერციული მოსიონერული ორგანიზაცია YWAM (Youth With A Mission) მოქმედებს 1960 წლიდან და საკუთარ თავს უწოდებს „სხვადასხვა კულტურის, ეთნიკური ჯგუფის, ქრისტიანული ტრადიციის წარმომადგენელ ქრისტიანთა საყოველთაო მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს იესოსადმი მსახურებას მთელ მსოფლიოში“. „წამებულთა ხმა“ კიდევ ერთი არაკომერციული მისიონერული ორგანიზაციაა, რომლის მსახურებაც მიმართულია დევნილ ქრისტიანთათვის მხარდასაჭერად დედამიწის ყველა კუთხეში.

ფედლიმ, რომელიც ხსენებულ რადიოგადაცემაში გამოჩნდა კევინ სატერთან (YWAM-ის კიდევ ერთ ხელმძღვანელთან) ერთად, შემდეგ თქვა, რომ ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტმა აღიარა არა მხოლოდ ის, რომ ხოცავდა ქრისტიანებს, არამედ ისიც, რომ ამას „სიამოვნებით“ აკეთებდა.

„ის ირწმუნებოდა, რომ სიზმრად ხედავდა „თეთრით მოსილ“ ადამიანს, რომელიც მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა: „შენ ჩემს ხალხს ხოცავ“, – აგრძელებდა თხრობას ფედლი. ამის შემდეგ ტერორისტმა იგრძნო ზიზღი და შფოთი იმისადმი, რასაც აკეთებდა. ერთხელ ერთმა ქრისტიანმა, სიკვდილის წინ, უთხრა მას: „ვიცი, რომ ჩემს მოკვლას აპირებ, მაგრამ მე ჩემს ბიბლიას გაძლევ“. მორწმუნის მოკვლის შემდეგ, ტერორისტმა აიღო ბიბლია და დაიწყო კითხვა, შემდეგ იესო ისევ ეჩვენა მას და შესთავაზა, გამხდარიყო მისი მიმდევარი, მისი მოწაფე.“

„ამიტომ, ვინ იცის… შესაძლოა, ეს ადამიანი ახალი სავლე გახდეს, რომელიც, როგორც ბიბლიაშია დაწერილი, თავიდან ქრისტიანებს სდევნიდა, შემდეგ კი შეწყვიტა ადრეული ეკლესიის დევნა და გახდა მოციქული, ეკლესიის ერთ-ერთი ლიდერი. ღმერთს შეუძლია ყველაფერი 180 გრადუსით შემოაბრუნოს“ – თქვა ფელდიმ.

ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (შემოკლებით ISIS), რომელსაც, ბოლო ხანს, უწოდებენ Daesh-ს, 2013 წლიდან სისხლისმღვრელ კამპანიას ეწევა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სუნიტური ხელმძღვანელობის მქონე ხალიფატის დამყარების მიზნით. ISIS-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ საკუთარი ხალიფატის გავრცელება ვატიკანამდე.

ამ ჯიჰადისტთა მეთოდები უკიდურესი სისასტიკით გამოირჩევა – წვავენ, ახრჩობენ, ქვებით ქოლავენ, თავებს ჰკვეთენ ადამიანებს და ეს ყველაფერი მიმართულია იმ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, როგორებიც არიან იეზიდები, ქრისტიანები და სხვა მუსლიმანები, რომლებიც ISIS-ის სისასტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ისლამურმა სახელმწიფომ შიშის ზარი დასცა მსოფლიოს ვიდეოს გამოქვეყნებით, რომელზეც ასახულია, რა მხეცური სისასტიკით ხოცავენ ლიბიაში ეთიოპიელ ქრისტიანებს, როგორ ჰკვეთენ მათ თავებს.

ეპისკოპოსმა ანჯელოსმა, რომელიც გახლავთ კოპტური ეკლესიის მეთაური დიდ ბრიტანეთში, 21 ეთიოპიელი ქრისტიანის მკვლელობის შემდეგ, აპრილში, მოუწოდა მორწმუნეებს, ეპატიებინათ საკუთარ მდევნელთათვის და ელოცათ მათთვის.

სატერმა (იხ. ზემოთ) არაბული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის სიტყვები მოიშველია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუსლიმანთა შორის „უპრეცედენტო სულიერი შიმშილი“ შეიმჩნევა.

„ბევრ ქრისტიანს ახლა სწამს იესოსი, მაგრამ ჩუმად, – ამბობს იგი. – ისინი არ აცხადებენ ამას ხმამაღლა. ეკლესიაშიც კი არ დადიან, სახლებში იკრიბებიან იმისათვის, რომ ‘ერთობლივად უყურონ ტელევიზორს’. ზიარებასაც ‘ტელევიზორის ყურების’ შემდეგ ატარებენ.“

ფედლიმ თქვა, რომ ღმერთი სიზმრებს იყენებს YWAM-ის მისიონერთა დასახმარებლად, რომელთათვისაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ქრისტიანული უწყებით მისვლა ახლო აღმოსავლეთის მრავალ მცხოვრებთან. ის დარწმუნებულია, რომ სიზმრები ერთ-ერთი საშუალებაა, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი არწმუნებს მუსლიმანებსა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ირწმუნონ იესოსი, როგორც საკუთარი მხსნელისა.

ნაბილ კურეშიმ, ქრისტიანმა აპოლოგეტმა და ავტორმა წიგნისა „ვეძებდი ალაჰს – ვიპოვე იესო: მტკიცედ დარწმუნებული მუსლიმანი გადააწყდა ქრისტიანობას“ – The Christian Post-ისთვის მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანია სიზმრები მუსლიმანთათვის:

„საერთოდ თუ ვისაუბრებთ, მუსლიმანურ კულტურაში არ არსებობს ღმერთთან ურთიერთობის კონცეფცია. ღმერთთან ურთიერთობა ღრმა ქრისტიანული ცნებაა, რომელიც ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იესომ „გახია ფარდა“, მაგრამ ბევრ კულტურაში ეს ფარდა ხელუხლებელია. ისლამში, მაგალითად, ადამიანებს არ სწამთ, რომ ღმერთი პირადად უპასუხებს ლოცვას, რომ ღვთის სულს შეუძლია ადამიანში ცხოვრება. ამიტომაც, ისინი ღმერთს სიზმრების მეშვეობით ხელმძღვანელობას სთხოვენ. მუსლიმანისთვის ეს თავისებური საშუალებაა იმისა, რომ ღმერთის ხმა „მოისმინოს“.

„მუსლიმანისთვის არაფერია უცნაური იმაში, რომ მიმართოს ღმერთს შემდეგი სიტყვებით: ‘გამომეცხადე მე სიზმარში. შენ, იესო, თუ ღმერთი ხარ, გამომეცხადე სიზმარში’. ასე მრავალი მუსლიმანი იქცევა“, – აცხადებს კურეში.

მრავალი ქრისტიანი სკეპტიკურად უყურებს მუსლიმანთა დამოწმებას იმის შესახებ, რომ ისინი ქრისტიანობაზე სიზმარში იესოს გამოცხადების შემდეგ მოექცნენ, თუმცაღა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მისიონერი დევიდ ჰარისონი ადასტურებს ფაქტს – მუსლიმანთა არცთუ მცირე რაოდენობა იძენს რწმენას იმისას, რომ იესო უფრო მეტია, ვიდრე უბრალო წინასწარმეტყველი (ისლამში ქრისტე ერთ-ერთ წინასწარმეტყველადაა მიჩნეული).

 

წყარო

ჩატვირთვა...