ჰოლანდიელი ქრისტიანი ქალის პატიება ტერორისტებს

0 131

მარიკე ველდმანმა დატოვა ჰოლანდია და აი, უკვე 40 წელია იერუსალიმში ცხოვრობს. მისი მიზანი გახლდათ გამხდარიყო არაბი ბავშვების დედობილი.

„ფული არ მქონდა. არაფერი მქონდა, გარდა ღმერთის დაპირებისა („…შენ განდობს თავს დაჩაგრული, შენ იყავი ობლის შემწე“. ფსალმუნი 10:35) ობლებზე ზრუნვის შესახებ“, თქვა მარიკემ. „თავდაპირველად რწმენით დავიწყე. სახლი ვიქირავე და მოვაწყვე, შემდეგ კი ბავშვებიც მოვიდნენ“.

წლების  განმავლობაში ოცზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა მარიკესთან. ზოგი მათგანი ცოტა ხნით იმყოფებოდა იქ, ზოგი კი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა.

ცხოვრება მყისიერად იცვლება

2015 წლის 13 ოქტომბერს, მარიკეს ცხოვრება შეიცვალა. ეს იმ დღეს მოხდა, ორი პალესტინელი კაცი ავიდა იმ ავტობუსში, რომლითაც მარიკე მგზავრობდა. პალესტინელებმა დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამი მგზავრი მოკლეს.

„ისე საეჭვოდ გამოიყურებოდნენ, ვიფიქრე, ნეტავ, რატომ გაუჩერა ავტობუსის მძღოლმა მათ?“ გაიხსენა მარიკემ. ისინი ტერორისტები იყვნენ. ერთ მათგანს  ხელში დანა ეჭირა, მეორეს – ცეცხლსასროლი იარაღი. დანიანი მამაკაცი ჩემკენ გადმოხტა, ხელი მკრა და ფანჯარაზე მიმაგდო. შემდეგ კი დანით ჭრილობები მომაყენა მხარზე, გულმკერდსა და ხელებზე“.

„მანამ, სანამ დანას მირტყამდა, მე ჩემს მშობლიურ ენაზე ვიმეორებდი: ‘უფალო, იესო'”, თქვა მარიკემ.

მარიკე ხელებით ცდილობდა თავის დაცვას, როცა, უეცრად, კაცმა შეწყვიტა დანის დარტყმა და ავტობუსის ბოლოსკენ წავიდა. მოულოდნელად მარიკემ მინის მსხვრევის ხმა გაიგონა და კარი გაიღო.

მარიკე ავტობუსიდან გადაძვრა. შოკურ მდგომარეობაში იყო და სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა ხელის დაექნია მძღოლისთვის, რომელმაც ის სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა. მას ექვსი ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, რომელთა შედეგადაც ფილტვების კოლაფსი განუვითარდა.

„გძულვართ ახლა?“

ბევრი ყოფილი შვილობილი ესტუმრა მარიკეს საავადმყოფოში. „პირველი კითხვა, რაც ბავშვებმა დამისვეს: ‘დედა ახლა გძულვართ? გძულს არაბები?’“ იხსენებს ის.

„განცვიფრებული ვიყავი, არ მეგონა ასეთ კითხვებს თუ დამისვამდნენ. ვუპასუხე, ‘არა, ბავშვებო, როგორ მეკითხებით ასეთ რამეს?’ რა თქმა უნდა, არ მძულს ისინი’“.

„მაშინ, როცა ავტობუსიდან გამოღწევა მოვახერხე, ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ ცოცხალი ვიყავი და ერთი წუთითაც არ მიფიქრია ის, რომ არაბები შემძულებოდა. მე იმ ადამიანსაც კი ვაპატიე, რომელმაც დამჭრა“, თქვა მან.

„ბავშვებმა მითხრეს: ‘დედა, ეს ხომ უაზრობაა. როგორ შეგიძლია აპატიო მას, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა?’ ამ დროს ვიფიქრე, რომ არ არის უაზრობა ამგვარი ადამიანისათვის თავისი საქციელის მიტევება. ჩვენმა ზეციერმა მამამაც ხომ მოგვიტევა იესო ქრისტეს მეშვეობით. პატიება არჩევანია. მე მინდა ავირჩიო პატიება და თუ შენც ამას ირჩევ, ღმერთი, თავისი მადლით, გაძლევს ძალას ამის გასაკეთებლად. აი, ეს ავუხსენი ჩემს ბავშვებს. ამ საშინელმა ამბავმა კიდევ უფრო დამაახლოვა ღმერთთან. ღმერთმა დამიმტკიცა, რომ ის საოცარი ღმერთია. ჩვენ დიდებულ ღმერთს ვემსახურებით. ის კეთილია. ეს არის ის, რის თქმაც მინდოდა“.

წყარო: http://www1.cbn.com/

ჩატვირთვა...