ჰამასის ძე

0 207

ისრაელს  ბევრი  მტერი  ჰყავს, მაგრამ მათგან ყველაზე  სახიფათო, დაუძინებელი  მტერია ტერორისტული ორგანაზაცია ჰამასი.

ყურანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ჰამასის წევრები  ბავშვობიდანვე ისრაელის სიძულვილით იზრდებიან. ოცი  წლის განმავლობაში მათ ათასობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის ტერიტორიზე და მოაწყვეს ასობით ტერორისტული აქტი.

მოსაბ ხასან იუსუფი იყო ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის შვილი. მას, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის  შვილს, ჰამასის პრინცად გახდომას უწინასწარმეტყველებდნენ.

ის თავისი მამის შინაგანი ბრძოლის მოწმე გახლდათ, ბრძოლისა საკუთარ თავთან, რაც შემდგომში შვილზეც, ანუ თავად იუსუფზეც, აისახა.

მოსაბი იხსენებს, რომ, ერთი მხრივ, მამამისი არ მიიჩნევდა, რომ მუსლიმანები უდანაშაულო ხალხის (ქალებისა და ბავშვების) დახოცვით ცუდს სჩადიოდნენ, რადგან, მათი აზრით, ალაჰმა მისცა მათ ამის ნება. მეორე მხრივ, თვითონ მამამისი უშუალო მონაწილეობას არ იღებდა ტერორისტულ აქტებში, რადგან, თავისი შინაგანი ბრძოლიდან გამომდინარე, ის ამას ვერ დაუშვებდა და ვერც აპატიებდა საკუთარ თავს.

იარაღის უკანონო ტარების გამო ციხეში მოხვედრის შემდეგ, მოსაბს დაუახლოვდა ისრაელის უშიშროების აგენტი (შინ ბეტ). ახალგაზრდა მოსაბი არ იყო მზად იმ  კეთილი დამოკიდებულებისათვის, რაც მისდამი ისრაელის აგენტმა და მისმა თანამშრომლებმა გამოიჩინეს.

„ისინი ჩემს სულიერად გატეხას არ ცდილობდნენ, არც რაიმე ცუდის ჩადენისკენ მიბიძგებდნენ,“ − გვიამბობს მოსაბი, „ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ  მე კარგი, ძლიერი და ბრძენი ადამიანი გავმხდარიყავი. გადიოდა დრო და ვხვდებოდი, რომ აღარ მსურდა ისრაელიანების დახოცვა.“

მოგვიანებით, მოსაბი თავის მეგობართან ერთად, დამასკოს კარიბჭის გავლით, მიდიოდა იერუსალიმში. ერთმა ბრიტანელმა ქრისტიანმა ისინი ბიბლიის  კითხვის საღამოზე მიიპატიჟა. იუსუფმა დაიწყო ახალი აღთქმის კითხვა და მის გულს განსაკუთრებით შეეხო იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგება. იგი გამორჩეულად განაცვიფრა მცნებამ: „გიყვარდეთ თქვენი მტრები.“

გარკვეული ხნის შემდეგ იუსუფმა, ებრაელთა დახოცვის ნაცვლად, დაიწყო  თანამშრომლობა ისრაელის უშიშროების სამსახურთან მკვლელობათა თავიდან არიდების მიზნით, მან ხომ ძალიან ბევრი ტერორისტის სახელი იცოდა. ისრაელის  უშიშროების სამსახურისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით აღკვეთილ იქნა უამრავი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც ასობით უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.

იუსუფი უყურებდა იმ ტელეგადაცემებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა ცნობილი კოპტი მღვდელი ზაქარია  ბუტროსი. ამ ღვთისმსახურმა კარგად აღწერა და წარმოაჩინა ისლამის შინაარსი თავად ყურანისა და მუსლიმან იმამთა განმარტებათა საფუძველზე.

„ამ ღვთისმსახურმა ჩემში არსებული ყველა ის მკვდარი ძაფები გადაჭრა, რაც მე ისლამთან მაკავშირებდა და ხელს მიშლიდა იმის დანახვაში, რომ იესო ჭეშმარიტი ღმერთის ძეა.“ – ძალიან მალე იუსუფმა ქრისტიანობა მიიღო და  მოინათლა კიდეც.

როდესაც ციხეში მყოფმა იუსუფის მამამ ეს ყოველივე შეიტყო გაზეთების მეშვეობით,  სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ისლამის ლიდერები და ციხეში მომუშავე ზოგიერთი ისრაელიანი ცდილობდა მის დამშვიდებას. თავდაპირველად, მას არ უნდოდა შვილის უარყოფა, რადგან ეს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იუსუფი საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა, რომ ისლამი ძალადობის რელიგიაა, რომლის  არსიც ომი და ტერორია, რასაც, სამწუხაროდ, მშვიდობიანი  მუსლიმანებიც ვერ ხვდებიან, მშობლებმა ის უარყვეს, ისლამის მოღალატედ გამოაცხადეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თვითონ იუსუფს კი სწამს, რომ სინათლეში  ცხოვრობს, რადგან  ქადაგებს გადარჩენის სახარებას და ემსახურება ჭეშმარიტ ღმერთს.

ყოფილი ტერორისტი თავის ცხოვრებას აღწერს ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომლის სახელწოდებაა − “ჰამასის ძე”.

 

სტატია მომზადებულია CBN-ის წყაროებზე  დაყრდნობით გიორგი ჯიჯიეშვილის მიერ.

ჩატვირთვა...