შენ ხარ საზოგადოება – ეს შენი ვალია!

0 93

…გამურულ მუჭში ჩადებული ხურდა ხშირად უბრალოდ საკენკია სინდისის გასაჩუმებლად და რაღაც, გაუგებარი ვალმოხდილობის გრძნობით ვაგრძელებთ გზას თბილი სახლისკენ, სადაც ჩვენს შვილებს გულში ჩავიკრავთ…იქ , სადაც იმედია, სადაც გველიან და სადაც ვჭირდებით… აღარ გაგვახსენდება გაწვდილ ხელში ნაჩქარევად ჩაჩრილი ხურდა…იქნებ იმიტომ გაწვდილი, რომ ვინმეს ხელი ჩაეკიდა და ეგრძნო, რომ ისიც სჭირდებათ… წარმატებული მომავალი ისაა, რისთვისაც ჩვენ ყველა, ყოველდღიურად ვშრომობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ეს “მომავალი” ჩვენ გვერდით, ჩვენი ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე იზრდება.

ისინი ელიან, დიდხანს…იმდენად დიდხანს, რომ მათი არსებობაც კი გვავიწყდება და ერთ დღესაც წყვეტენ, რომ თავი “შეგვახსენონ” . უჩინარი ბავშვები, რომლებიც ხშირად უარყოფილნი არიან ოჯახისგან, შემდგომ კი საზოგადოებისგანაც, იმ განწყობას, რასაც სოციუმისგან იღებენ, ზრდასრულ ასაკში უკანვე უბრუნებენ და ჩვენდა სამწუხაროდ, თუ სამარცხვინოდ ხშირად ეს განწყობა კრიმინალისა და აგრესიის სახით გვიბრუნდება უკან…

დიდიხანია ის დრო წარსულს ჩაბარდა 90–იანების ბნელ და უღიღმღამო დღეებში თვითგადარჩენისთვის რომ ვიბრძოდით. დღეს საზოგადოება ვართ და ერთიანობისთვის, მეტი ცივილურობისთვის და ტოლერანტობისთვის ვიბრძვით.” საზოგადოება” ის სიტყვაა, ხანდახან ყველას და არავის ერთად რომ გულისხმობს; ყველას იმიტომ, რომ ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც პრობლემაა მოსაგვარებელი და არავის იმიტომ, რომ ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ამ “მრავლობითობაში” ჩაიკარგოს და თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა გვერდით მდგომს აჰკიდოს… რა თქმა უნდა, მერე შეგვიძლია ზოგი რამ მთავრობას გადავაბრალოთ, ზოგი – ვის და ზოგიც – ვის, მაგრამ არსებითი ისაა, რომ შედეგი არ იცვლება და ეს ჩვენ, ყველას ენთუზასტებს, თუ კრიტიკოსებს თანაბრად გვეხება….

შენ ხარ საზოგადოება! ეს ის დეფინიცაა, რომელსაც არ აქვს გასაქცევი და არც ობიექტი მოეძებნება რაიმეს გადასაბრალებლად. გაეცი სითბო, რადგან შენ ხარ საზოგადოება და ეს შენი ვალია!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...