ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დევნილი რელიგია მსოფლიოში

0 237

დაახლოებით 2,3 მილიარდი ქრისტიანი წარმოადგენს დედამიწაზე ყველაზე დიდ რელიგიურ ფორმაციას მსოფლიოში, თუმცაღა, ამავდროულად, ქრისტიანობა ყველაზე მეტად დევნილი რელიგიაა მთელს მსოფლიოში.

„ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რომელიც უფრო და უფრო მწვავდება, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში (თუმცა იქ სიტუაცია მუდმივად უარესდება), არამედ ჩინეთშიც, ჩრდილოეთ კორეაში, ყველგან,“ − განაცხადა კრის სმითმა, რელიგიის თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთმა ლიდერმა, CBN News-თან ინტერვიუში.
ის ამბობს, რომ შეიმჩნევა ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის, მათ შორის ყოველგვარი წამების, დევნის და შევიწროების ზრდა.

ჯონ ალენმა, Boston Globe-ის რედაქტორის დამხმარემ, მთელი მსოფლიო მოიარა და შეაგროვა საშინელი ფაქტები თავისი წიგნისთვის − „გლობალური ომი ქრისტიანთა წინააღმდეგ.“
ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთს მასობრივად ტოვებენ, ამტკიცებს ლიბიის ყოფილი პრეზიდენტი ამინ ჟემაიელი. ჟემაიელი მარონიტული კათოლიციზმის მიმდევარია. მან ახსენა, რომ ქრისტიანებს დევნიან მათი შეკრების ადგილებიდან. „ეგვიპტეში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა ეკლესიების დაწვა, ფიზიკური ძალადობა, თავდასხმანი და მკვლელობანი; „ტერორის სასტიკი ბატონობა“ და „ულტრარადიკალი ისლამისტები“ სირიაში, „თავდასხმანი და მკვლელობანი“ ერაყში,“ − იუწყება სააგენტო CWN The Arab Daily News-ზე დაყრდნობით.

ლიბანის ექს-პრეზიდენტმა მოუწოდა სირიაში ხელისუფლების გაყოფის შესახებ ხელშეკრულების აღსრულებისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფო დაწესებულებებს შეაჩეროს ქვეყანაში მომძლავრებული ძალადობა.

მიუხედავად ამისა, არასწორი იქნება, ვამტკიცოთ, რომ ქრისტიანებს მხოლოდ რადიკალი ისლამისტები დევნიან. ის კი ფაქტია, რომ ისინი ქრისტიანობის ყველაზე დაუძინებელი და პირველი მტრები არიან, თუმცა მათ გარდა ქრისტიანებს ებრძვიან ბუდისტები, ინდუსები და სხვ. ქრისტიანობა განიცდის სერიოზულ შევიწროებას და პრობლემებს ას ათი ეროვნების წარმომადგენელთა მხრიდან. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ მიანმაში არსებული მდგომარეობა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიანმაში ბოლოს სამი წლის განმავლობაში პოლიტიკურ-რელიგიურ დაპირიპირებათა შედეგად განადგურდა 66 ეკლესია, რომელთაგან რამდენიმე კათოლიკურია, დანარჩენი კი პროტესტანტული ეკლესიებია. აქ ქრისტიანებს უკვე ბუდისტები ავიწროებენ და დევნიან.

როგორც დღეს ამ საკითხში გათვიცნობიერებული სპეციალისტები და მკვლევარები ამბობენ, ქრისტიანობის ყველაზე დიდი პრობლემა, სხვადასხვა რელიგიის რადიკალთა ჩათვლით, ისაა, რომ ის არის ყველაზე კარგი სამიზნე მათთვის, ვინც დასავლეთზეა განრისხებული.

დღესდღეობით ის ფაქტი, რომ ქრისტიანობის დევნა სულ უფრო და უფრო ძლიერდება, უტყუარია. ყველა აღიარებს ერთ ჭეშმარიტებას: ქრისტიანობა დღეს ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად, ყველაზე დევნილი რელიგიაა მსოფლიოში.

თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...