ურთიერთობების სირთულენი ეკლესიაში

0 114

ეკლესიაში არსებული დაძაბული ურთიერთობები – დიაგნოზი თუ კანონზომიერება?

 რატომ არ გამომდის ეკლესიაში ადამიანებთან კონტაქტის დამყარება? რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ბუნებრივი, ვიდრე ჩემს და-ძმებთან ქრისტეში დროის გატარება?

იქნებ რაიმე რიგზე არ არის ჩემს ეკლესიაში? ან იქნებ ჩემშია პრობლემა?

მე თვალს ვადევნებ მეზობლებს და ვხედავ, თუ როგორ ჰყავთ ყოველთვის ვინმე სტუმრად სახლში. ყოველ შაბათ საღამოს მათთან მეგობრები იკრიბებიან ფეხბურთის საყურებლად. ყოველ შაბათს! მგონი, მათ მოსწონთ ერთად მოლხენა. რატომ არის ჩემს პატარა წრეში ყველაფერი სულ სხვაგვარად?

არის კიდევ ოჯახური დღესასწაულები. მე გაცილებით უფრო მშვიდად და თავისუფლად ვარ ოჯახური დაბადების დღეებისა და საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნის დროს, ვიდრე მსგავს შემთხვევებში ჩემს ეკლესიაში. როდესაც მაგიდაზე ალაგებენ სალათებს და ჭრიან ტორტს – აი, ნამდვილი ოჯახი! ჩემი ეკლესია კი არ ჰგავს ამას. სწორია ეს? გულახდილად ვთქვათ, ეს განა ასე უნდა იყოს?

 

ოჯახი ბრძოლის მეშვეობით

თუ გვგონია, რომ ეკლესია შეიძლება ოჯახი გახდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, გამოდის, რომ ცუდად გვესმის წმინდა წერილის. იმისათვის, რომ ჩვენი ძმა გამხდარიყო, იესომ ყველაფერი აღასრულა ტანჯვის მეოხებით (ებრ. 2:10). როდესაც იოანე მოციქული ცდილობს ახსნას, თუ რა არის ნამდვილი ოჯახი, ის არ ამბობს, რომ „ნამდვილი ძმები სხედან და ლუდს სვამენ“, ან რომ „ნამდვილი ოჯახი ერთ გუნდს გულშემატკივრობს“, ან რომ „ნამდვილი ოჯახი ერთი წარმომავლობისაა და ერთი კანის ფერი აქვს“. არა, ის საუბრობს ტკივილზე:

„იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის” (1 იოანე 3:16).

 იესომ მართლაც დადო ჩვენთვის თავისი ცხოვრება, ის იყო წამებული, ნაცემი, დამცირებული, ძელზე მილურსმული და მოკლული. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ოჯახად ვექციეთ. თუ ვფიქრობთ, რომ ოჯახში სიყვარული არ საჭიროებს შრომასა და ტკივილს, ესე იგი, არ ვუსმენთ, რას ამბობს ღმერთი იოანეს პირით. ჩვენ ვიძენთ ოჯახს ბრძოლის მეშვეობით.

ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ბრძოლა გვიწევს. პავლე ამას ძველი კაცის მოკვდინებას უწოდებს (კოლ. 3:5). ჩვენ თავად ვართ უმთავრესი დაბრკოლება ახლო ურთიერთობებისაკენ ქრისტეს სხეულში. ჩვენი ცოდვა, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი სურვილები… პავლე არიგებს ფილიპელებს, რომ ქრისტეს სხეული მოცემული გვაქვს იმისათვის, რომ საშუალება გვქონდეს, „მოვაკვდინოთ“ ჩვენი ხორცი.

„არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპ. 2:3-4).

მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახი ლუისვილში ცხოვრობდა, მე ყოველ კვირას ვთამაშობდი მინი-ფეხბურთს. იყო ერთი სტუდენტი, რომელსაც გამუდმებით გამოვყავდი წყობიდან. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა გუნდისთვის ვთამაშობდით და ნებისმიერი კონტაქტი მასთან უფრო უხეში იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. ხვდებით, რას ვგულისხმობ? და აი, ერთხელაც ის ჩემი ეკლესიის წევრი გახდა. მე და ჩემმა მეუღლემ ის ვახშამზე მოვიწვიეთ სტუმრად და როდესაც ნამცხვარს მივირთმევდით, უეცრად გავიაზრე, თუ რაოდენ ძლიერად უყვარს ამ ადამიანს ქრისტე. დები და ძმები ხანდახან ისეც მოიქცევიან, რაც ჩვენთვის მოუხერხებელი და არასასიამოვნო იქნება, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ პრობლემა ჩვენშია და არა მათში.

ჩვენი ზრდა კონფლიქტებისა და სირთულეების მეშვეობით ხდება, განსაკუთრებით კი ეკლესიის შიგნით. ღმერთი გვაძლევს კონფლიქტებს, რათა საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების  მეშვეობით სტიმული მისცეს ერთობას ჩვენი მხრიდან. აი, კონფლიქტურ სიტუაციაში მოქცევის წესიც: თქვენ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ  დააყენოთ თქვენი დებისა და ძმების საჭიროებანი თქვენს საჭიროებებზე მაღლა, თუკი ისე დაიმდაბლებთ თავს, როგორც ეს  იესომ გააკეთა (ფილიპ. 2:5-11).

 

ყველაზე მაღალი კედლები

ჩვენს ზეციდან შობას, იგივე პრობლემა აქვს, რაც პირველ, ფიზიკურ შობას: ჩვენ არ ვირჩევთ ოჯახს, რომელშიც ვიბადებით. მე არ ამირჩევია ჩემი ბიოლოგიური და-ძმები. და არც ის არის ჩემზე დამოკიდებული, ვის გადაარჩენს ღმერთი და მოიყვანს ჩემს ეკლესიაში.

ღმერთი ხშირად დასცინის ადამიანურ სიბრძნეს (1 კორ. 1:27-29). ადამიანური სიბრძნის მიხედვით, ჩვენ ეკლესიად უნდა შევკრიბოთ ისეთი ადამიანები, რომელთაც რაღაც საერთო აქვთ: კანის ფერი, შემოსავალი, განათლების დონე, პრიორიტეტები თაყვანისცემაში და ა.შ. მაგრამ ღვთიური სიბრძნე ისეთ ადამიანებს იხსნის (როგორებიც იყვნენ, მაგალითად, პეტრე და კორნელიუსი), რომელთაც გვერდიგვერდ ვერ დაინახავდით ვერც ერთ სიტუაციაში და ხდის მათ ძმებად (საქმ. 10).

ქრისტეს ეკლესია სწორედ ის ადგილია დედამიწაზე, სადაც ინგრევა საზოგადოების მიერ აღმართული ყველაზე მაღალი კედლები (ეფეს. 2:13-16), და ამის გაკეთება შეუძლებელია ბრძოლისა და მიძღვნის გარეშე.

როდესაც პავლე საუბრობს ოჯახისთვის ქრისტეს შრომის შესახებ, იყენებს მკაცრ ტერმინებს: მან ჯვარზე „მოაკვდინა მტრობა“ (ეფეს. 2:16); ადამიანები, რომლებიც ოდესღაც გაუცხოებულნი  იყვნენ და მტრები იყვნენ ბოროტი საქმეების გამო (კოლ. 1:21). თუ ისინი ამგვარად ღმერთს ექცეოდნენ, წარმოიდგინეთ, როგორ მოექცეოდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ვიდრე ქრისტე არ მოვიდა მათ ცხოვრებაში. იმისათვის, რომ შეკრებილიყო ღვთის ოჯახი, საჭირო გახდა ბრძოლა. შესაძლოა, ღვთის ოჯახის შენარჩუნებისთვის არანაკლები ძალისხმევა დაგვჭირდეს. როგორც არ უნდა იყოს, ეკლესია – ეს არის დახსნილ ცოდვილთა საზოგადოება.

 

საჭიროა ბრძოლა

ეკლესიაში ჩვენ არ გვაქვს გარე ფაქტორები, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა დაყრდნობა: ჩვენ არ ვართ სისხლით ნათესავები, ჩვენ შეიძლება გვქონდეს კანის სხვადასხვა ფერი ან სხვადასხვა წარმომავლობა; ჩვენი შემოსავლები შესაძლოა ძლიერ განსხვავდებოდეს; განათლების დონე იყოს სხვადასხვა, და ასევე, რა თქმა უნდა, შეიძლება სრულიად განსხვავებული რამეები მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენ გვყავს იესო და ის საკმარისია.

იესო ერთად კრებს მათ, ვინც თავისით ერთად არასდროს შეიკრიბებოდა. სწორედ ამიტომ, ეკლესიაში შეიძლება იყოს არაბუნებრიობის შეგრძნება, დაძაბულობისაც კი. ასეც უნდა იყოს. სიყვარული ხომ მხოლოდ გრძნობა არაა, სიყვარული ასევე შრომაა. ხანდახან საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდეთ, რომ უპირატესობები, ვთქვათ, მუსიკაში, ეს მხოლოდ უპირატესობებია. შესაძლოა, ჩვენ გვმართებს, ვისწავლოთ მოხუცებულების ხუმრობებზე სიცილი და უფროსკლასელთა გულუბრყვილო შიშის თანაგრძნობა.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...