ტერორის ქვეშ… გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

2016 წელი… უსაფრთხოების საუკუნე…

ბელგია, ბრიუსელი, დილის 8.00 საათი, აფეთქება American Airline და Brussel Airline-ის სარეგისტრაციო სტენდებთან… გარდაცვლილია 11 ადამიანი… დილის 10.00 საათი, შეტევა ცენტრალურ მეტროსადგურებზე… დაღუპულია 20 ოცამდე ადამიანი… დაშავებულია – 230…

მანამდე იყო სირია, ISIS-ის ბოევიკები, ქუჩაში დახვრეტილი მოქალაქეები „ალაჰუ აკბარ“ –ის ყვირილით, ჯიჰადს შეწირული ბავშვები, „არაბული გაზაფხული“ და ლტოლვილთა რიგი ევროპის საზღვრებთან, გასაბერი ნავით ჩაძირული გადარჩენისთვის მებრძოლნი, აღშფოთებული, შეშფოთებული და… ჩუმი მსოფლიო.

მერე იყო 3 წლის აილან კურდი…

მერე პარიზი…

ანკარა…

სტამბოლი…

სიმბოლურია, რომ ტერორიზმის ცნების განსაზღვრა პირველად ბრიუსელში, 1930 წელს სცადეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის უნიფიკაციის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე. ტერორიზმი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა დაშინების ან ძალის გამოყენების გზით. ისლამური სახელმწიფო გასცდა ახლო აღმოსავლთს, ის ცდილობს თავისი საცეცებით მთელ მსოფლიოს მისწვდეს. იბრძვის ჩუმად, ლაჩრულად, ე.წ. „მეხუთე კოლონის“ მეშვეობით, სამაგიეროდ ხმაურიანად აცხადებს, რომ „პასუხისმგებლობას იღებს…“. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება, მისი შემოსავალი კვირაში რამდენიმე მილიონს აღწევს, თანხის ნაწილს ის მძევლების გატაცებითა და ტრეფიკინგით შოულობს…

ის, რაც დღეს ევროპაში ხდება ჯაჭვური რეაქციაა. შედეგია დაუსჯელობის სინდრომისა იმ გენოციდისათვის სირიაში, რომელიც ISIS-მა მოაწყო. რატომ არის უსაფრთხოების საუკუნეში ასე რთული საკუთარი მოქალაქეების დაცვა საშიშროებისგან? რატომ არიან ტერორისტული დაჯგუფებანი ასეთი ძლიერნი და მობილიზებულნი? იქნებ იმიტომ, რომ სახელმწიფოები არა მხოლოდ იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ, ზოგჯერ, ჩართულნიც კი არიან მასში და მას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ტერორიზმის ექსპერტი, ბრიუს ჰოფმანი მასზე ამბობდა, რომ მომავალში იგი გახდებოდა ერთ-ერთი ეფექტური გზა ძლიერი მეტოქისათვის ფარული ომის საწარმოებლად.

ძნელია განსაზღვრო, რა აიძულებს ადამიანს ჯიჰადის ქამრით თავი აიფეთქოს, რადგან ჩვენ, ყველას განსხვავებული მოტივები და შეხედულებანი გვაქვს, თუმცა ჰოფმანი ფიქრობს, რომ ტერორისტები, რომლებიც იბრძვიან რელიგიური მოტივით, დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ქმედებას ამართლებს არა მარტო მათი პირადი რწმენა, არამედ ისინი ღვთიური განკარგულების შემსრულებელნი არიან. შესაბამისად, ტერორისტები საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც ალტრუისტებს, რომლებსაც სიკეთე მოაქვს უმრავლესობისთვის. საკუთარ სიმართლეში თავის დარწმუნება, ვალდებულების განცდა, „სამართლიანობის“ დამყარების სურვილი, თავდადების გრძნობა და რადიკალიზმი უბიძგებს ადამიანებს გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგნიზაციებში.
ISIS-ი ცდილობს შექმნას შარიათზე დამყარებული ერთიანი ტრანსნაციონალური ისლამური სახელმწიფო. ბოევიკები სასტიკად უსწორდებიან ყველას, ვისაც არამართლმორწმუნედ მიიჩნევენ, მათ შორის მუსლიმანებსაც. ის, რომ ტერორიზმი, ბოლო დროს, უფრო მეტად იგივდება ისლამთან, სახელწოდების ტრანს-ნაციონალური ისლამური სახელმწიფოს“ დამსახურებაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს, ეს ადამიანების დამახინჯებული აღქმაა რელიგიასა და მის მიზნებზე.

ოფიციალური მსოფლიო გმობს ტერორიზმს და მაინც… ის არსებობს, ჩუმად აბამს ქსელს იატაკქვეშეთში და ხმაურიანად ესხმის თავს უდანაშაულო მოქალაქეებს. არავინ იცის, სად და როდის იფეთქებს ის, თესავს შიშს და უნდობლობას, რელიგიასა და „წმინდა ომს“ ამოფარებული სახელს უტეხს უდანაშაულო მორწმუნეებს, აჩენს სტიგმასა და დევნის საფრთხეს მათდამი…

მსოფლიოში დღეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა და რაც მეტად გვეშინია, მით მეტად იკრებს ძალას ტერორი. ის, ვინც ამბობს, რომ „პასუხისმგებლობას იღებს“, აუცილებლად აგებს კიდეც პასუხს ჩადენილისთვის…

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და სამძიმარს ვუცხადებთ ტერორის მსხვერპლთა ოჯახებს.

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...