სიბრძნე – წმიდა წერილის მიხედვით (მცირე მიმოხილვა)

0 16

მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს (იგავნი სოლომონისა 1:5)

როგორც არასდროს ისეა დღევანდელ დღეს აქტუალური სოლომონ ბრძენის (ისრაელის მესამე მეფის) ფრაზა, რომელიც ამბობს: „გინახავს კაცი, ბრძენი რომ იყოს საკუთარ თვალში? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს“. (იგავნი სოლომონისა 26:12).

უკანასკნელი პერიოდი გამოირჩევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და დაინტერესებულ ადამიანს რამდენიმე ღილაკის დაჭერით შეუძლია მიიღოს უდიდესი ინფორმაცია ნებისმიერ სფეროზე, რაც მას აინტერესებს. ეს რა თქმა უნდა ეხება ღვთისმეტყველებასაც. დღეს მრავალ მკვლევარს აღარ ჭირდება იაროს მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში, რათა მოიპოვოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, არამედ შეუძლია მხართეძოზე წამოწოლილმა ცალ ხელში ყავის ფინჯნით, ხოლო მეორე ხელში „მაუსით“ მიიღოს განათლება, რომელიც ორიოდე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა დანიელს რა მასშტაბებზე ესაუბრებოდა სულიწმიდა, როცა ეუბნებოდა: „შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა.” (დანიელი 12:4)

მაგრამ შეუძლია თუ არა სინამდვილეში ამ ცოდნას ადამიანის დაბრძენება? რა თქმა უნდა კი! ვნახოთ რას ეუბნება პავლე მოციქული თავის მოწაფე ტიმოტეს: „რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.“ მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა მცოდნე ბრძენია? ალბათ არა. დაბრძენებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ცოდნა.

ბიბლია ძალიან ბევრს ლაპარაკობს იმის შესახებ თუ რა არის ნამდვილი სიბრძნე. ნამდვილად არაა გაზვიადებული იმის თქმა წმიდა წერილზე, რომ იგი სარკეა, რომელშიც უნდა ჩაიხედოს ყველა ადამიანმა და სხვისი გამოსახულება კი არა საკუთარი სახე ეძიოს. რაც სამწუხაროდ ცოდნის მატებასთან ერთად იკლებს ქრისტიანების ცხოვრებაში.

ამ წერილში შევეცდებით ჩავუღრმავდეთ იაკობ მოციქულის წერილიდან რამოდენიმე მუხლს, რომელიც ცდილობს გააგებინოს მკითხველს თუ როგორია ღმერთის თვალში სიბრძნე და როგორი არაა იგი.

„13 ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. 14 მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. 15 ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა. 16 რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა. 17 ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. (იაკ.3:13-17)

მოდით პირველ რიგში ამ წმიდა წერილის ფრაგმენტის მიხედვით განვიხილოთ თუ რა მიანიშნებს სიბრძნის არქონაზე ჩვენში:

1. შურიანობა. იგავების 14:30 მუხლი ამბობს „მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა“ შურიანი ადამიანი, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ერთ-ერთი ლექსიკონი ამბობს: „შური – ესაა ნაღველი, რომელიც იბადება ადამიანში, სხვისი ბედნიერების გამო“. ვფიქრობ ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ქრისტიანმა უნდა დაუთმოს დრო საკუთარ გულში ჩაღრმავებას, მითუმეტეს თუ იმის პრეტენზია აქვს, რომ მის გულში ქრისტე ცხოვრობს. კარგად უნდა დაუკვირდეს საკუთარ რეაქციას, როცა იგებს კარგ ამბავს, ან ისმენს მათ სამომავლო გეგმებს, ვინც ასე თუ ისე საკუთარ მოწინააღმდეგედ მიაჩნია. და თუ ხედავს, რომ მრავლადაა მასში ასეთი გრძნობები, ისღა დარჩენია უფალს შეევედროს, რომელიც არა მოჩვენებით, არამედ ნამდვილ ღვთიურ სიბრძნეს მისცემს (იხ. იაკ.1:5).

2. შუღლი – შუღლი ესაა გამუდმებული უთანხმოება. უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს თუ ხშირად იწვევს ჩვენში ვინმეს ქმედება აგრესიას. თუ ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვინც გვაღიზიანებს და კონფლიქტში გვიწვევს. ასეთ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოძებნოს პრობლემა, როგოც ქრისტე საუბრობდა „საკუთარი თვალიდან დირეს ამოღებაზე“ (მათ.7:4-5)

ახლა კი ვნახოთ თუ რა ნიშნები ახასიათებს ბრძენ ადამიანს ბიბლიის მიხედვით. “ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.”

1. იგი წმიდაა – რას ნიშნავს იყოს წმიდა სიბრძნე? ვფიქრობ ამ სიწმიდეში ბიბლია გულისხმობს სიბრძნეს, რომელშიც არაა სითაღლითე, ორპირობა, ბოროტება და ა.შ. ვინაიდან სხვა შემთხვევაში წუთისოფლის წარმატებული ადამიანები ყველაზე ბრძენები იქნებოდნენ. ისინი, ვინც თავიანთი მოხერხებულობით ახერხებენ მწვერვალების დაპყრობას და წარმატებას აღწევენ სხვისი განადგურების ხარჯზე… ეს არაა უფლისმიერი სიბრძნე – ესაა ეშმაკური, ხორციელი და ადამიანური.

2. მშვიდობის სიყვარული. პარადოქსია, მაგრამ ვისაც საკუთარი თავი ბრძენი ჰგონია, ის წარმოაჩენს თავის უგუნურებას უმრავლეს შემთხვევაში. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან კოფლიქტურობით, სხვებზე თავის გადამეტებით, არაერთსულოვნებით და დაუმორჩილებლობით. საოცარი სიტყვებით მიმართავს ასეთ ადამიანებს პავლე მოციქული, როცა ქრისტიანულ ურთიერთობების საფუძვლებზე ლაპარაკობს რომაელთა მე-12 თავში: „ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.“ (რომაელთა მიმართ 12:16)

3. ლმობიერება – ლმობიერება თავის თავში გულისხმობს შემწყნარებლობას, ანუ ისეთი ადამიანების ატანას, როგორებიც გარს გვახვევიან. ყველა ჩვენგანი გარკვეული თვალსაზრისით აუტანელები ვართ. მაგრამ უფლის მიერ ბოძებული სიყვარული გვაერთიანებს და გვაყვარებს ერთმანეთს. ყველაზე დიდი მაგალითი ლმობიერების თვით უფალია, რომელიც გვიტანდა და გვიტანს დღემდე. მრავალ ქრისტიანს დაუმოწმებია და უთქვამს, რომ მას შემდეგ რაც მიუღია მხილება სულიწმიდის მიერ აღმოხდენია: „როგორ მიტანდი აქამდე უფალო“.
იგავი, რომელიც იესომ მოყვა უმოწყალო მონაზე (მათ.18:23-35), გვასწავლის უფლის უდიდეს მოწყალებაზე, და ამავე დროს მის უდიდეს მრისხანებაზე, როცა შეწყალებული ადამიანი იგივენაირად არ ექცევა მის ირგვლივ მყოფთ. ზოგადად ადამიანები, რომლებიც ღვთიური სიბრძნის ნაკლებობას განიცდიან ცდილობენ სხვისი ხილული ცოდვებით მანიპულირებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი უხილავი, დაფარული ცოდვები ბევრად უფრო ბინძური და საძაგელია. კარგად ამბობს პავლე მოციქული ამათზე: „ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება.“ (1ტიმ.5:24) რითიც იმის თქმა უნდა, რომ შენი ცოდვა – დაფარულია იგი თუ ცხადი, თავს ვერ დააღწევ მას და მოგიწევს პასუხისგება. ამიტომ მართლაც ბრძნული იქნება, თუ ნაკლებს ვილაპარაკებთ სხვის ცოდვებზე, რათა ამით საკუთარ თავს არ გამოვუტანოთ განაჩენი დავითივით, რომელმაც თქვა: „უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი“ (2მეფ.12:5). 

4. ნებიერი (მორჩილი) – ამ სიტყვას სხვადასხვა ბიბლიური თარგმანი სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევს. მაგრამ ყველა მათგანში საუბარია ადამიანზე, რომელიც ადვილად დასარიგებელია, აქვს ნაკლები წინააღმდეგობები, უყვარს მოსმენა. რადგან ზოგიერთს ის, რაც „სიბრძნე“ გონია ხელს უშლის სხვების მოსმენაში და მათი აზრის ანგარიშის გაწევაში, რაც ნამდვილად არაა ღვთიური სიბრძნე.
„ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ.“ (იგავნი სოლომონისა 19:20) გვირჩევს ბიბლია, ხოლო მათ ვისაც ეს ელემენტარული ჩვევა არ გააჩნიათ, ბევრი აკლიათ ჯერ დაბრძენებამდე და მოუწევთ დამოკიდებულებების შეცვლა ბევრ რამეზე.

5. წყალობით სავსე – ბიბლიური სიბრძნე ღვთაებრივია და ღვთის ხასიათს ირეკლავს. თავისთავად მოწყალება ბრძნული მოქმედებაა, ვინაიდან მას შემდეგ რაც ვიცით, რომ როგორც ჩვენ მივუტევებთ, ჩვენც ასევე მოგვეტევება, უგუნური უნდა იყოს ნამდვილად ადამიანი, რომ ხელიდან გაუშვას შეწყალებისა და პატიების შანსი. ბრძენმა, სულიერმა ქრისტიანმა ყოველდღიურად უნდა ეძებოს საკუთარ გულში ის ადამიანები, ვისთვისაც რაიმე საპატიებელი აქვს, რათა დროულად განთავისუფლდეს ამ ქვეყანაზევე სულიერი ნაღველისაგან, ხოლო ზეცაში მსჯავრისაგან, რომელიც თუ სრულად სამართლიანი იქნება ჩვენს მიმართ (როგორც ზოგჯერ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ სხვების მიმართ), არანაირი შანსი არ გვექნება გადარჩენის.

6. კეთილი ნაყოფით სავსე. – რაც არ უნდა ბრძენი ეჩვენებოდეს ადამიანს საკუთარი თავი, ჯობია ფრაზების სიღრმესა და შთამბეჭდაობაზე ფიქრს თავი დაანებოს და გადახედოს იმ შედეგებს, რაც მის ბაგეს მოაქვს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ხე ნაყოფით შეიცნობა (მათ.12:33), იმდენადაა შენი სიბრძნე ღვთიური, რამდენადაც სხვებს აშენებს და მშვიდობა და სიხარული მოაქვს სხვა ადამიანების ურთიერთობასა თუ პირად ცხოვრებაში

7. მიუკერძოებელი – მიკერძოება ადამიანის უდიდესი სენია. ზოგადად ადამიანებს როცა ვინმე არ მოგვწონს, მისი არაფერი არ მოგვწონს, არც კარგი და მითუმეტეს არც ცუდი, მაგრამ თუ ვიღაცა გვიყვარს, მისი შეიძლება ცუდიც კი ლამაზად მოგვეჩვენოს. ადამიანმა აუცილებელია ივარჯიშოს იმ სულიერ თვისებაში, რომ ყოველთვის კიდევ და კიდევ უფრო მიუკერძოებელი გახდეს. მიკერძოება მით უფრო საშიშია, რამდენადაც ბრძენია მიკერძოებული ადამიანი. რადგან ზოგადად ბრძენის აზრს ითვალისწინებენ მისი გარშემომყოფნი, ხოლო მისი მიკერძოება კი აუცილებლად უსამართლოდ აქცევს მას, რითიც მისი ღირსება პირდაპირ და ირიბად ღმერთის სახელი იგმობა სხვა ადამიანებში.

8. უთვალთმაქცო – ამ საკითხს გარკვეულწილად შევეხეთ პირველ პუნქტში, რომ ღვთიური სიბრძნე ღიაა და ნათელია, არავის დაცემას არ ეძებს, არ ცდილობს სხვა ადამიანებისათვის მახის დაგებას, რათა შეცდომაში შეიყვანოს და შემდეგ იზეიმოს მათზე „გამარჯვება“.

ასევე არ მინდა არ აღვნიშნო, რომ არ არსებობს სულიერი სიბრძნე სულისწმიდის გარეშე. რადგან ვერ იქნება ურწმუნო ადამიანი ღვთიურად დაბრძენებული, ვერ იქნება მორწმუნე მაგრამ, ურჩი ადამიანი ბიბლიის მიერ გონიერად წოდებული. ერთადერთი გზა ჭეშმარიტი სიბრძნისაკენ იესო ქრისტეს და მისი მცნებების მიყოლაა.

(ალექსანდრე ბერიკაშვილი)

ჩატვირთვა...