რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სამხედრო სამსახურს, „გირჩს“ და „განტევების ვაცს“?

0 241

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. ინიციატვის მიხედვით,  უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან. ავტორის თქმით, ეს ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე. იგი ამას კონკორდატით გათვალისწინებული წესებით ხსნის. ცნობილია, რომ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის პროტესტის მიზეზი გახდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

უნდა ითქვას, მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების ფუნდამენტური ასპექტია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები და მისი შეზღუდვის საფუძვლებიც. აღსანიშნავია, რომ სესიაშვილის ინიციატივა შეუთავსებლობაში მოდის როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციასთან და თუ როდისმე პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ის ავტომატურად ჩაითვლება ბათილად.

მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

თუკი ბატონი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მიერ სამხედრო სამსახურის მოხდა აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ეს სავალდებულო მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის? და თუ ეს ცვლილებები, როგორც სესიაშვილი ამბობს,  “გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო გახდა აუცილებელი, ცახდია, რომ “გირჩის” მიერ დაარსებული „ბიბლიური თავისუფლების” არსებობას თავად არსებული გაუმართავი სისტემა უწყობს ხელს. როდესაც კანონი არ არის სრულყოფილი, ყოველთვის ჩნდება ალტერნატიული გზა ამ კანონისგან თავის დასაღწევად, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციაზე ფიქრს, სჯობს არსებულ კანონდებლობას გადავხედოთ და გავიაზროთ, რამ უბიძგა ხალხს, მიემართა „გირჩის” მიერ შემოთავაზებული ხერხისთვის და ე.წ. სასულიერო პირი გამხდარიყო.

სხვა საკითხია, კიდევ როგორ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცხადყოფს, რომ მთავრობა იოლ გამოსავალს ეძებს, ნაცვლად იმისა, რომ სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს. „განტევების ვაცი” კი არამართლმადიდებელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ.

 

 

ჩატვირთვა...