რუთ გრემი: მშვიდი კლდე ცნობილი მახარებლის გვერდით

0 160

ბილი გრემის მსახურების 6 ათწლეულის განმავლობაში მისი მეუღლე, რუთ ბელ გრემი, მის ცხოვრებაში ერთადერთი ჭეშმარიტი მუდმივა გახლდათ რწმენის შემდეგ.

ხანგრძლივ განშორებათა მიუხედავად, როდესაც გრემი მოგზაურობდა და ქადაგებდა, რუთი, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, მისთვის ყოველთვის მტკიცე დასაყრდენად რჩებოდა, ის აძლევდა მას რჩევებს, მაგრამ ასევე ხშირად დუმდა, რათა ბილს მთელი თავისი ყურადღება თავის მისიაზე გაემახვილებინა.  

„არ იქნებოდა ბილი გრემი… რომ არა რუთი“, – წერდა განსვენებული ტ. ვ. უილსონი, გრემის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, თავის წიგნში „დაფასებული წინასწარმეტყველი“.  

გრემმა პირველმა აღიარა მეუღლის როლის დიდი მნიშვნელობა თავის ცხოვრებაში. „შენი რჩევა, წახალისება და ლოცვა იყო ჩემი საყრდენი და ხანდახან, მე ლამის გებღაუჭებოდი ურწმუნოების, პრობლემებისა და სირთულეების ჟამს“, – სწერდა ის რუთს ლოს-ანჯელესიდან.

მეუღლის გარდაცვალების შემდგეგ ბილი გრემმა თავისი მეუღლის შესახებ თქვა: „სხვას არავის შეეძლო იმ ტვირთის ზიდვა, რასაც ის ატარებდა. ის ჩვენი მსახურების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი იყო და ჩემი მუშაობა, მრავალი წლის განმავლობაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი მხარდაჭერის გარეშე.“

ერთი შეხედვით, რუთი შესაძლოა მქადაგებლის სტერეოტიპული ცოლი ჩანდა: ის შინ იყო და ზრდიდა თავის ხუთ შვილს. რუთის სიძლიერემ გრემს მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა მისცა იმისათვის, რომ ემოგზაურა და ჩაეტარებინა მრავალრიცხოვანი სამახარებლო კამპანიები.

„თვითუარყოფამ, რომელიც მან ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, როგორც ჩანს, რუთი ამ როლისთვის მოამზადა, რომელსაც ის გრემისთვის ასრულებდა“, – თქვა რენდალ ბალმერმა, დარტმუტის კოლეჯში რელიგიის განყოფილების თავმჯდომარემ და ბილი გრემის შესახებ დოკუმენტური ფილმის ავტორმა.

რუთ ბელი დაიბადა 1920 წელს ჩინეთში პრესვიტერიანელ მისიონერთა ოჯახში. იმ დროისთვის, როდესაც მან გრემი გაიცნო ილინოისის შტატის უიტონის კოლეჯში 20 წლის ასაკში, ის უკვე მიჩვეული იყო მსახურებას, დანაკარგებს და ახლობლებთან განშორებას. თავდაპირველად, რუთი მისიონერობას აპირებდა, თავისი მშობლების მსგავსად, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა ცოლად გაჰყოლოდა გრემს 1943 წელს.  

მიუხედავად იმისა, რომ რუთს მეორე პლანზე ყოფნა ერჩია, მისი ზეგავლენა ქმარზე საკმაოდ აშკარა იყო. თავისი კარიერის დასაწყისში ის კვლავ და კვლავ იწყებდა და ამთავრებდა ბიბლიის კითხვას, ჭრიდა სტატიებს გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ქადაგების იდეებისთვის. მან ოჯახში პერსპექტივა და ცოდნის წყურვილი მოიტანა.

„ის გახდა გრემისთვის საყრდენი და აგრძელებდა ქმრის მსახურებას სამშობლოში“, – თქვა მარკ ნოლმა, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა. – „ეს მნიშვნელოვანი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე-20 საუკუნის 60-იანი და 90-იანი წლების დასაწყისში ბილი გრემი გაცილებით უფრო აქტიურად ქადაგებდა მსოფლიოს სხვა კუთხეებში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.“

რუთი ცხოვრობდა მისიონერთა შორის, სადაც ქალები მამაკაცებთან ერთად ერთსა და იმავე სულიერ ბრძოლის ველზე მსახურობდნენ და ამ გამოცდილებამ განსაზღვრა მისი შეხედულება გენდერულ როლებზე. „ბილი აღიზარდა ოჯახში, სადაც ქალები არ ეკითხებოდნენ მამაკაცებს, ჩემს სახლში კი ყველაფერი პირიქით იყო“, – ამბობდა ის.

რუთი ყოველთვის პრესვიტერიანულ ეკლესიას მიაკუთვნებდა თავს და არასოდეს შეერთებია თავისი მეუღლის სამხრეთ-ბაპტისტურ დენომინაციას; რუთის ამ პოზიციამ კიდევ უფრო გააფართოვა ბილი გრემის მსოფლმხედველობა.

„ბილი გრემი უფრო მოქნილი იყო, ვიდრე სხვა მახარებლები და ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მეუღლის გავლენას“, – თქვა ნოლმა. – „ის არასოდეს იყო დამოკიდებული ამერიკულ დენომინაციურ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა მისიონერისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩინეთი, სადაც ძალიან მცირე იყო ქრისტიანთა რიცხვი და ყველა კონფესიას უნდა ესწავლა შეთანხმებულად ცხოვრება.“

მეგობრების თქმით, რუთის იუმორის გრძნობასა და ხუმრობისადმი სიყვარულთან ერთად, დიდებისა და ძალაუფლებისადმი სწრაფვისადმი მისმა სიძულვილმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა ბილი გრემზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბილი გრემი რამდენიმე პრეზიდენტის არაოფიციალურ მრჩევლად ითვლებოდა, ხოლო გრემის ოჯახი ნიქსონისა და ბუშის ოჯახების მეგობრად მიიჩნეოდა, რუთი არასოდეს იყო სრულად კმაყოფილი მათი ოჯახის ცხოვრებაში რელიგიისა და პოლიტიკის შეხამებით. მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ჯონსონმა გრემს აზრი ჰკითხა 1964 წლის არჩევნებში პოტენციური კანდიდატების შესახებ, რუთმა ქმარს უთხრა: „შენ უნდა შემოიფარგლო მორალური და სულიერი პრობლემების შესახებ რჩევებით და ერიდო პოლიტიკას.“

„ის თავის ქმარს ფუჭი ამბიციებისგან იცავდა“, – თქვა ედი გიბსმა, ფულერის სასულიერო სემინარიის საპატიო პროფესორმა პასადონში, კალიფორნიაში, – „მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა და ამბობდა: ‘ჩემი მოწოდება მახარებლობაა’“. იმ დროს, როდესაც ბილი გრემი მილიონობით ადამიანს ემსახურებოდა, რუთს ერჩივნა უფრო მცირე მასშტაბებით ემოქმედა. ის არ უკადრისობდა გასამართლებულ დამნაშავეებთან, სხვადასხვა პრობლემით დათრგუნულ მოზარდებსა და ნარკომანებთან ურთიერთობას, ხოლო 1975 წელს ბილი გრემი დაარწმუნა, რომ ეს უკანასკნელი დახმარებოდა ვიეტნამიდან თექვსმეტკაციანი ოჯახის ევაკუაციაში.

საბოლოოდ, მან შეწყვიტა თავისი მსახურებები ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად საუბრობდა მათზე, ვისაც დახმარებია, მისმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ბილი გრემს თავისი ნიჭისა და რწმენის განმტკიცებაში. ის გამუდმებით შეახსენებდა მეუღლეს, რომ „მათი ქორწინება ზეცაში იყო დაგეგმილი“.

„რუთი არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო ღვთისმეტყველი ან ეკითხა ლექციები. ეს იყო უბრალო და წყნარი ზეგავლენა“, – თქვა ერთხელ ცნობილმა ავტორმა კორნუელმა თავის ინტერვიუში. – „ეს იყო არა ის, რასაც რუთი ამბობდა, არამედ ის, რასაც თავად წარმოადგენდა.“

 წყარო

ჩატვირთვა...