პროტესტანტი მრევლი ბათუმში

0 181

ბათუმი მრავალეთნიკური და კონფესიურად ჭრელი ქალაქია. ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობების გვერდით არსებობენ ნაკლებად ცნობილი, თუმცა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, საინტერესო პროტესტანტული კონფესიებიც.

პროტესტანტი მრევლის პირველი ნაკადი აქ გაჩნდა 1880-იანი წლების მეორე ნახევარში, ევანგელურ-ლუთერული რწმენის აღმსარებელთა სახით. დაიგეგმა ეკლესიის შენობის აგებაც, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო, ვეღარ განხორციელდა. 1911 წელს ბათუმში ლუთერული ეკლესიის პასტორი გაიწვიეს, 1915 წელს კი დაიწყო გერმანული მიწათმფლობელობის შეზღუდვა-გაუქმების პროცესი და გერმანელთა გადასახლება (ასსცა, ფ.1, ან.1, ს. 516, ფურც. 3).

ბათუმში, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის გარდა, სიძველით გამოირჩევა ბაპტისტური ეკლესია. იგი დღემდე მოქმედია და წარმოდგენილია რამოდენიმე საკრებულოს სახით. საქართველოში 1867 წლიდან ფეხმოკიდებული ბაპტიზმი ახლად შემოერთებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 1890-იანი წლებიდან ვრცელდება.

მე-20 საუკუნეში, საბჭოთა წლებსა და შემდგომ პერიოდში ჩნდება სხვა მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობის ეკლესია.

დღეს პროტესტანტი მრევლი ბათუმში წარმოდგენილია საკმაოდ ფართო კონფესიური სპექტრით. ქალაქში მოქმედებს 10-მდე საკრებულო (ეკლესია): ორი ბაპტისტური, სამი სახარებისეული რწმენის ქრისტიანების (ორმოცდაათიანელები), წმიდა სამების პროტესტანტული, “სიცოცხლის სიტყვა” (ქარიზმატული), ხსნის არმია და სხვა. ამათგან მხოლოდ ნახევარს აქვს საკუთარი საეკლესიო შენობა, დანარჩენები კი იკრიბებიან დაქირავებულ დარბაზებსა თუ კერძო სახლებში.

რელიგიური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მეტ–ნაკლებად ცნობილია, ვფიქრობთ, არანაკლებ საინტერესოა საკუთრივ ამ ჯგუფების პოზიციები და შეხედულებები საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს მიმართ, რაც მეცნიერულად შეუსწავლელია. ამ ხარვეზის შესავსებად ჩავატარეთ ბათუმში არსებული საკრებულოების მრევლის გამოკითხვა. ეკლესიებში ზუსტი აღრიცხვიანობის არარსებობის გამო, მრევლის ზუსტი რაოდენობის დადგენა გაგვიჭირდა. კვლევა ჩატარდა ხუთ საკრებულოში, სადაც გამოიკითხა 80-მდე რესპოდენტი, რაც შეადგენს ამ საკრებულოების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%–ს.

გამოკითხვის მიზანი იყო წარმოდგენა შეგვექმნა მრევლის შიდასაეკლესიო ცხოვრებაზე, საზოგადოებრივ განწყობებზე და მორალურ ასპექტებზე.

დაარსების თარიღის მიხედვით გამოკითხულ ეკლესიათა შორის, ყველაზე ძველია სახარებისეული რწმენის ქრისტიანების – ორმოცდაათიანელთა ეკლესია, რომელიც ჩამოყალიბდა 1964 წლიდან. ორმოცდაათიანელთა პირველი ოჯახები აქ ჩამოვიდნენ 1959 წელს ყაზახეთიდან. თავიდან ბაპტისტებთან ერთად იკრიბებოდნენ, თუმცა მალევე გამოეყვნენ და საკუთარი საკრებულო ჩამოაყალიბეს (ტ. კოპალეიშვილი, 2013:104).

1970-იანი წლებიდან დღემდე მსახურება ტარდება 31 დეკემბრის ქუჩაზე (№4) მდებარე სამლოცველო სახლში. მსახურებები ტარდება კვირას (საჯარო წირვა) და პარასკევს (ლოცვის მსახურება).

წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია დაარსდა 1995 წელს. პირველი მორწმუნეების ჯგუფი 30–მდე წევრს მოითვლიდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მრევლის რაოდენობა 150 წევრს მოითვლის. ეკლესიის იერარქიული წყობა რეფორმატულია. ეკლესიაში არსებობს სამი ძირითადი მსახური: პასტორი, ხუცესი და დიაკვანი. კვირის მანძილზე ტარდება რამოდენიმე მსახურება.

ეკლესია “ცოცხალი რწმენა” ევანგელურ ქრისტიანული მიმართულებისაა. დაარსდა 1994 წელს. კვირის მანძილზე ტარდება 6 მსახურება: კვირის, ლოცვის, საოჯახო ლოცვის, ახალგაზრდული, საკვირაო სკოლა, მახარობლური.

ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი” არადენომინაციურია და პროტესტანტულსაც არ უწოდებს თავს, თუმცა ფორმითა და შინაარსით ყველაზე ახლოს სწორედ ამ მოძღვრებასთან დგას. დაარსდა 2003 წელს პასტორის ოჯახის და 8–კაციანი ჯგუფის მიერ. პასტორის პოზიცია არჩევითია და ჯერ–ჯერობით უვადო, მაგრამ მალე იგეგმება წესდების რევიზია, სადაც პასტორობის ვადა 5 წლით უნდა განისაზღვროს. დღეისათვის შედგება 32 წევრისგან.

ზემოთაღწერილ და სხვა ეკლესიებში გამოიკითხა 80 რესპოდენტი (აქედან 49 ქალი, 31-მამაკაცი), რომელთა ასაკი მერყეობს 18-დან 80 წლამდე.

გამოკითხულ საკრებულოებში ეთნიკურად ქართული მოსახლეობა პრევალირებს (ქართველი – 86%, სომეხი – 10%, რუსი – 3 %, სხვა (ბერძენი, ებრაელი, უკრაინელი) – 1%), რასაც ვერ ვიტყვით საბჭოთა თუ რევოლუციამდელ დროზე, როცა არაქართული მოსახლეობა ყოველთვის უმრავლესობაში იყო. რელიგიის საქმეთა რწმუნებულები თუ პოლიცმეისტერები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქართულ მოსახლეობაში აღნიშნული სწავლება პოპულარობით ვერ სარგებლობს (ასსცა, ფ. ი-1, ან.1, ს.447, ფურც. 8; სუიცა, ფ. 1880, ა. 1, ს. 32, ფურც. 30).

რამ გამოიწვია ქართული მოსახლეობის წილის ზრდა პროტესტანტულ ეკლესიებში, ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით მრევლის უმეტესობის ეკლესიაში ყოფნის ასაკი 10 წელზე მეტია (10 წელზე ნაკლები – 28%, 10 წელზე მეტი – 49%, 20 წელზე მეტი – 20%), რაც ქორნოლოგიურად ემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდს, არაქართული მოსახლეობის ემიგრაციის ტალღებს, ქართული მოსახლეობის 70 წლიანი სულიერი გამოფიტის შემდგომ შვების ძიების წლებს. საინტერესოა, რომ კითხვაზე, თუ რომელ კონფესიას ეკუთვნოდნენ ამ ეკლესიაში მოხვედრავმდე, 46%-მა მიუთითა – არც ერთს, 30% – მართლმადიდებელ ეკლესიას, 18% – ისლამს, კათოლიკობას ან სხვა კონფესიებს. რესპოდენტები აღნიშნავდნენ, რომ პროტესტანტული კონფესიის ამა თუ იმ ეკლესიით მათი დაინტერესების მიზეზს უმეტეს შემთხვევებში წარმოადგენდა ამავე კონფესიის მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობა, ოჯახის წევრთა გავლენა ან საკუთარი სულიერი ძიებები.

რამ განაპირობა თქვენი ამ ეკლესიაში პირველად მოსვლა?
ცხოვრების საზრისზე ფიქრმა 17%
მორწმუნეებთან ურთიერთობამ 54%
ოჯახის წევრთა გავლენამ 25%
სნეულებამ ან განსაცდელმა 3%
სასულიერო ლიტერატურის გაცნობამ 1%

პროტესტანტი მრევლი, ეკლესიასთან სიახლოვის დონის მიხედვით, პირობითად რამოდენიმე კატეგორიად იყოფა: ახლად მოსულს, გაეცნობა რა საეკლესიო ცხოვრების თუ ქრისტიანული მოძღვრების ძირითად პოსტულატებს (გაივლის კატეხიზაციას), შეუძლია მიიღოს წყლით ნათლობა და ავტომატურად გახდეს ეკლესიის წევრი. ზოგიერთ ეკლესიაში (მაგ. წმიდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში), მონათლული შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ საკრებულოში დარჩეს წევრად. ეკლესიის წევრობა გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს მორწმუნეს, როგორიცაა მსახურებებში მონაწილეობა, შიდა საწევრო კრებებზე დასწრება, სადაც ირჩევა შიდა საეკლესიო საქმეები, მიიღება ეკლესიის ცხოვრებისთვის ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. წევრისგან არის მოლოდინი მეათედის შეწირვისა, ეკლესიის მსახურებაში აქტიური ან არარეგულარული ჩართვისა. ყველა ეკლესიას გააჩნია შიდა მსახურთა (ან უხუცესთა) წრე, რომელიც ეკლესიის ბირთვს წარმოადგენს და ზურგს უმაგრებს ეკლესიის მწყემსს – პასტორს ან პრესვიტერს. ეკლესიის მსახურებებში ჩვეულებრივ მოიაზრება დიაკვნობა, მქადაგებლობა, გუნდში გალობა, რეგენტობა, საშინაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, ახალგაზრდული შეხვედრების ხელმძღვანელობა, ხაზინადარობა და სხვა.

ბათუმის ეკლესიებში გამოკითხული პროტესტანტი მორწმუნეების 38% მსახური იყო (რაც გულისხმობს მონათლულობას და წევრობასაც), 49% – მონათლული წევრი, 9% – მხოლოდ მონათლული და 4% – მსმენელი. ციფრები ნათლად ასახავს პროტესტანტობის ერთ-ერთ საყვარელ დოქტრინას „საყოველთაო მღვდლობის“ შესახებ, რომელიც კარს უხსნის ნებისმიერ მორწმუნეს აქტიურად ჩაერთოს მსახურებაში (1 პეტრე, 2:9, ლუთერი, 1520:5).

ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტოლერანტობის თემა რელიგიათაშორის დიალოგში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა 2003, 2004, 2006 და 2008 წლებში ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, გორი, ბათუმი). შედეგები ასახავს დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ: 2006 წლის მონაცემებით გამოკითხულთა 67.7% თვლიდა, რომ საქართველოსთვის უმჯობესია, თუ ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება; 30.2% – ფიქრობდა, რომ საქართველოს კეთილდღეობისათვის საზიანო არ იქნება, თუ ქვეყანაში იქნებიან სხვა აღმსარებლობის მატარებელი ქართველებიც. 2% -ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა (უმცირესობები საქართველოში, თბ., 2008:30). 2008 წლის მონაცემებით კი პროცენტები გადანაწილდა შემდეგნაირად: 82.2%, 16.2% და 1.6% (საქართველოს ქალაქური მოსახლეობა რელიგიური და პოლიტიკური საკითხების შესახებ, თბ., 2010:7).

2003-2008 წლის გამოკითხვების ანალიზის საფუძველზე იკვეთება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია: ერთის მხრივ კლებულობს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ რადიკალურ-ძალადობრივი ზომების მომხრეთა რიცხვი, მეორეს მხრივ, იზრდება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, სკოლაში მხოლოდ მართლმადიდებლობის სწავლების, სხვა კონფესიათა აქტივობის შეზღუდვის მომხრეთა რიცხვი. აღნიშნული ტენდენციების გაძლიერება-შესუსტება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე (იქვე, 2010:16).

ნიშანდობლივი იყო ჩვენთვის საინტერესო რელიგიური ჯგუფის აზრის შესწავლაც ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით. გამოიკითხა მათი დამოკიდებულება ბათუმში მოღვაწე ძირითადი და საკუთრივ შიდაპროტესტანტული კონფესიების მიმართ:

კითხვა ჟღერდა შემდეგნაირად:

რა დამოკიდებულება გაქვთ ბათუმში სხვა კონფესიების მიმართ?
კონფესია პოზიტიური (%) ნეიტრალური (%) ნეგატიური (%)
მართლმადიდებლური 24 67 9
კათოლიკური 40 56 4
მუსლიმური 24 52 24
სომხური სამოციქულო 37 60 3
ადვენტისტური 29 66 4
ორმოცდაათიანელები 63 37 0
ბაპტისტური 55 45 0
ქარიზმატები 56 42 2
ხსნის არმია 38 62 0
იეჰოვას მოწმეები 3 32 65

როგორც ვხედავთ, ნეიტრალური დამოკიდებულება ჭარბობს ორ შემთხვევაში – ან ტრადიციულ კონფესიებთან ან მათთვის ნაკლებად ცნობილ რელიგიურ ჯგუფებთან.

პოზიტიური დამოკიდებულება – პროტესტანტობის შიგნით დოგმატურად ახლო მდგომ კონფესიებთანაა (მაგ: ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ქარიზმატები). მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება კი აქვთ მხოლოდ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის მიმართ.

საინტერესოა, რომ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გამოკითხვისას იეჰოვას მოწმეებს და ბაპტისტებს სექტებად მოიხსენიებს და ცალკე გამოყოფს “სხვა კონფესიებს“, სადაც დაკონკრეტებულია : კათოლიკები, პროტესტანტები, მუსლიმები. ვფიქრობთ, ასეთი კატეგორიზაცია არ შეესაბამება საკუთრივ პროტესტანტული მრევლის თვითაღქმასა და მიკუთვნების ხარისხს, თუმცა იგი ასახავს მართლმადიდებელი მრევლის წარმოდგენებს, რომელშიც პროტესტანტობა და იეჰოვას მოწმეები ერთად მოიაზრება. ბაპტისტების გამოყოფაც საერთო პროტესტანტული ნიშიდან არ მიგვაჩნია მართებულად.

გამოკითხულ ეკლესიათა მრევლი კატეგორიულად ემიჯნება იეჰოვას მოწმეთა შეხედულებებსა თუ საქმიანობას და ისევე ნეგატიურად არის განწყობილი მათ მიმართ, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყურადსაღებია მრევლის აზრი ისეთი სოციალური ასპექტების მიმართ, როგორიცაა მილიტარული თემა და პოლიტიკური აქტივობა. გამოკითხვამ თუ როგორია მრევლის დამოკიდებულება სამამულო ომში მონაწილეობის მიმართ, შემდეგი შედეგი აჩვენა:

ომის შემთხვევაში მორწმუნეს აქვს უფლება წავიდეს ომში იარაღით ხელში; 32%
ომის შემთხვევაში მორწმუნეს აქვს უფლება წავიდეს ომში ალტერნატიულ სამსახურში; 48%
არ უნდა წავიდეს ომში რელიგიური მოტივით; 11%
მიჭირს პასუხის გაცემა 9%

საგულისხმოა, რომ გამოკითხულ ეკლესიათა უმეტესობა ეკლესიური პოლიტიკის დონეზე არ იზიარებს პაციფისტურ პოზიციას – მოძღვრები აცხადებენ, რომ მორწმუნე თავისუფალია თავის არჩევანში და საკუთარი სურვილის შემთხვევაში შეუძლია იმსახუროს ჯარშიც და იარაღით ხელში დაიცვას სამშობლო. თუმცა მრევლის უმეტესობა უფრო მართებულად სწორედ პაციფისტური გზა მიაჩნია.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, საკითხში გარკვევის ინტერესი ნაკარნახევი იყო საბჭოთა დროს პროტესტანტ მორწმუნეებში არსებული მარგინალური და ხშირად მტრული დამოკიდებულებით საბჭოთა მთავრობის მიმართ. არაღვთისნიერ საქციელად ითვლებოდა უღმერთო მთავრობასთან კოლაბორაცია, მითუმეტეს პოლიტიკოსობა. მორწმუნეები გაყოფილნი იყვნენ ორ ბანაკად – რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ეკლესიებად (ტ. კოპალეიშვილი, 2013:102). რეგისტრირებულებშიც კი მორწმუნის პოლიტიკური აქტიურობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით. საინტერესო იყო იმის დადგენა, თუ რა ცვლილებები განიცადა შეხედულებებმა პოლიტიკური რეჟიმების ცვლის ფონზე.

დამოკიდებულება საჯარო სამსახურის ან პოლიტიკის მიმართ:
ვთვლი, რომ მორწმუნეს აქვს უფლება მონაწილეობდეს პოლიტიკაში ყველა დონეზე; 42%
ვთვლი, რომ მორწმუნის მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა გამოიხატებოდეს არჩევნებში მონაწილეობითა და მთავრობისადმი მორჩილებით. 49%
მორწმუნე არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში არც ერთ დონეზე 9%

როგორც ჩანს, ძველი დროის გამოძახილი იგრძნობა დღევანდელ მორწმუნეებშიც. ჯერ კიდევ დიდია იმათი წილი, ვინც თვლის რომ მორწმუნე მინიმალურად უნდა იყოს პოლიტიზირებული. თუმცა მკვეთრად არის გაზრდილი იმათი რიცხვიც, ვინც თვლის რომ მორწმუნე უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე.

რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი თემების ერთ-ერთი თავისებურებაა ეთიკური საკითხებისადმი უფრო კონსერვატული და კატეგორიული დამოკიდებულება. ეს, სავარაუდოდ, აიხსნება თვითგადარჩენის სურვილით ნაკარნახევი უფრო ჩაკეტილი და თემური თანაცხოვრების წესითა და იდენტობის გამძაფრებული განცდით – “ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ უმრავლესობისგან”.

ასეთ მცირერიცხოვან თემებში ეთიკურ საკითხებზე კონტროლის მექანიზმებიც შესაბამისად მეტია და მათი სისრულეში მოყვანაც უფრო ადვილია. ბათუმის პროტესტანტული მრევლიც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ეს კარგად გამოჩნდა მრევლის გამოკითხვისას ნიკოტინთან, კონტრაცეფციასთან, ქორწინებასთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დამოკიდებულება ნიკოტინთან:
ვეწევი და ვთვლი რომ ეს ნორმალურია 0 %
ვეწევი, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს ნორმალურია 1.5 %
არ ვეწევი, მაგრამ სხვას არ ვუშლი 7 %
არ ვეწევი და სხვას სიგარეტის მოწევაში არ შევუწყობ ხელს 92 %

კონტრაცეფციის თემასთან დაკავშირებით სიტუაცია ბოლო ათწლეულებში საკმაოდ შეცვლილია. საბჭოთა დროინდელი პროტესტანტები ცნობილი იყვნენ მრავალშვილიანი ოჯახებით. ზოგადად, მსოფლიო პროტესტანტობაშიც, კონტრაცეფციისადმი ერთიანი პოზიცია არ არსებობს, როგორც მაგალითად კათოლიკურ ეკლესიაში, ამდენად ყოველი საკრებულო თავისუფალია შიდა პოლიტიკის შემუშავებაში.

დამოკიდებულება კონტრაცეფციის მიმართ:
გამოყენება დასაშვებია 54%
გამოყენება დაუშვებელია 15%
გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში 31%

 

დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ:
დასაშვებია არასასურველია დაუშვებელია
ბანქოს/კარტის თამაში 9% 30% 61%
ინტერნეტში თამაში 23% 31% 46%
ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ფულზე თამაში 0% 18% 82%
ლატარეის ბილეთების ყიდვა 26% 28% 46%
კაზინოში თამაში 0% 24% 76%

 

ქორწინება დასაშვებია:
მხოლოდ ჩემი კონფესიის წევრთან 3%
ნებისმიერი პროტესტანტული ეკლესიის წევრთან 44%
ნებისმიერ ქრისტიანთან 32%
ქორწინება დასაშვებია ნებისმიერ ადამიანთან განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა 21%

ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ მცირერიცხოვანი პროტესტანტი მრევლი ბათუმში სხვათაგან განსხვავებით, უფრო კონსერვატულად ცხოვრობს, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, მაინც უფრო კარჩაკეტილია და ზომიერად თანამშრომლობს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ინსტიტუციებთან.

ვფიქრობთ, წარმოდგენილი მასალა, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გარკვეულ წვლილს შეიტანს მკითხველში პროტესტანტების ცნობადობის ამაღლებასა და მათდამი ობიექტური დამოკიდებულების ფორმირებაში.

ტატიანა კოპალეიშვილი – ისტორიის დოქტორი

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

  • გამოკითხვის მასალები;
  • ასსცა, ფ.1,ან.1, ს.516;
  • ასსცა, ფ. ი-1, ან.1, ს.447;
  • სუიცა, ფ. 1880, ა. 1, ს. 32;
  • საქართველოს ქალაქური მოსახლეობა რელიგიური და პოლიტიკური საკითხების შესახებ, თბ., 2010;
  • უმცირესობები საქართველოში, თბ., 2008;
  • კოპალეიშვილი ტ., პროტესტანტული ეკლესიების ისტორიისათვის ბათუმში, ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა, ბათუმი 2013;
  • Лютер М., К Христианскому дворянству Немецкой нации, 1520; http://www.gumer.info/ bogoslov_Buks/protestant/lyuter/15.php
ჩატვირთვა...