პირველი პროტესტანტები საქართველოში

0 151

ქრისტიანობის პროტესტანტული მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XV-XVI საუკუნეებში ევროპაში რეფორმაციული მოძრაობის წიაღში. ბოლო მონაცემებით დღეისათვის მსოფლიოში პროტესტანტების რაოდენობა 600 მილიონს აღწევს (რელიგიები საქართველოში, 2008:238).

საქართველოში პროტესტანტობა წარმოდგენილია ლუთერანული, ბაპტისტური, სახარებისეული რწმენის ორმოცდაათიანელთა, ქარიზმატული, “ხსნის არმიის” და სხვათა ეკლესიებით და არ აღემატება მოსახლეობის 1%-ს.

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პირველი პროტესტანტები საქართველოში იყვნენ 1817 წლიდან ვიურტემბერგიდან და ბადენიდან ჩამოსახლებული 7 000 ათასამდე გერმანელი ლუთერანი (აქტები, 1874:316; მანჯგალაძე, 1970:60). თუმცა, ყურადღებას იპყრობს ცნობა, რომელიც აღნიშნულ თარიღთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, ზაქარია ჭიჭინაძის (1854-1931 წწ.) აზრით, ლუთერანობა მანამდეც ვრცელდებოდა საქართველოში. თავის თხზულებაში – “ლიუტერის სჯულის ქართველები საქართველოში” ზ. ჭიჭინაზეს ნათქვამი აქვს, რომ XVI საუკუნის 10-იან წლებში, როცა “ევროპაში ლიუტერის მოძღვრებამ უკვე ფეხი მოიკიდა”, ეს მოძღვრება ნელ-ნელა ჩვენშიც (ე.ი. საქართველოშიც) გავრცელდა”. ამ საქმის ინიციატორი, ზ. ჭიჭინაძის თქმით, ყოფილა სამცხე-საათაბაგოს გამგებელი მზეჭაბუკი (1500-1516), რომელიც სტამბოლში გასცნობია ლუთერის რჯულის პასტორებს – იაკობს, ანდრიას, სელვეცერს, ანტონს, გელარხს, მარტენს და ისინი ახალციხეში ჩამოუყვანია. ლუთერანობის ქადაგებაში მათ ერთგვარი წარმატებისთვისაც მიუღწევიათ. “1515 წელს ახალციხეში, უკვე საკმარისი რიცხვი იყო ლიუტერის სწავლის მიმდევართა”, – წერს ზ. ჭიჭინაძე. მაგრამ მათ დიდხანს ვერ მოიკიდეს ფეხი, მალე გამოუჩნდნენ მტრები და აიძულეს დაეტოვებინათ ახალციხე. კუტალიას აზრით, ჭიჭინაძის ეს ცნობა ნაკლებად რეალურია ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ზაქარია ჭიჭინაძე ეყრდნობა კათოლიკე მისიონერთა დღიურებს, რომლებიც დაკარგულა და შეუძლებელია ფაქტების გადამოწმება, მეორეც, ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების დროისთვის (1516 წ.) ახალციხეში ამ რჯულის მიმდევართა გამრავლება ძნელი წარმოსადგენია, რადგან თვით ლუთერის სამშობლოშიც კი არ იცნობდნენ მის მოძღვრებას (კუტალია, 1990:64-65).

ჩვენი აზრით გ. კუტალიას არგუმენტები სამართლიანია. თუმცა, მოვლენების ასეთი დეტალური აღწერა უდავოდ იმსახურებს ინტერესს და საჭიროებს დამატებით კვლევას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ზ. ჭიჭინაძეს არეოდა ლუთერანობა კათოლიკობაში (როგორც ამას გ. კუტალია ვარაუდობს), რადგან არაერთხელ აქვს გამიჯნულად ნახსენები ეს ორი მიმართულება. მაგალითად: “ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ ათაბაგი ლიუტერის სწავლის გარეშე, კათოლიკის სარწმუნოებასაც დიდის პატივით ეპყრობოდა და ამ სჯულის მისიონერებსაც დიდ დახმარებას უწევდა”. ასევე სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს კათოლიკეთა და ლუთერანთა განსასხვავებლად, მაგ.: პატრე და პასტორი (ჭიჭინაძე, 1918:8). თუ ჭიჭინაძის მიერ აღწერილი მოვლენები შეესაბამება სინამდვილეს, პრობლემატური რჩება დათარიღება და შესაბამისად მზეჭაბუკის ხსენება.

რანსიმენი, იკვლევს რა აღმოსავლეთის ეკლესიას 1453-1821 წლებში, აშუქებს მეტად საინტერესო ეპიზოდს: რომის ეკლესიისგან გამიჯვნისთანავე რეფორმაციის მესვეურები აღმოსავლეთის ეკლესიაში პოლიტიკურ და სულიერ მოკავშირეს ხედავდნენ. 1570 წელს კონსტანტინეპოლში ჰაბსბურგთა ლუთერანმა ელჩმა დავით ფონ უნგნადმა კაპელანად მოიწვია ცნობილი ლუთერანი სწავლული, სტეფან გერლახი. მან დაამყარა მეგობრული ურთიერთობა კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემია II-სთან და დააკავშირა იგი ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორ ბერძნულის სპეციალისტ მარტენ კრაუსს (კრუციუსს). გერლახის, მარტინ კრაუსის და ტიუბინგენის უნივერსიტეტის მდივნის ანდრეა იაკობის მიერ მოხდა აუგსბურგის აღსარების ბერძნული თარგმანის 6 ასლის გამოწერა გერმანიიდან და მათი გადაცემა მართლმადიდებელ სასულიერო პირთათვის. მოგვიანებით კი გამოიგზავნა აუგსბურგის აღსარების ქართული თარგმანიც (!) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადასაცემად. რა ბედი ეწია ამ ქართულ თარგმანს და როგორ მიიღეს იგი ქართველებმა უცნობია – წერს რანსიმენი (რანსიმენი, 1968:255). მის ცნობას ზურგს უმაგრებს პროპაგანდა ფიდეს არქივში ილია ტაბაღუას მიერ მოძიებული 1580 წლის ვენცესლავ ბუდოვიცის წერილიც, რომელშიც ის აღწერს სამცხე-საათაბაგოს უფლისწულების, დედისიმედის შვილების: მანუჩარის და ყვარყვარეს ვიზიტს სულთანთან. მისი ცნობით მანუჩარმა სულთნისგან მაჰმადიანობა მიიღო, უმცროსი კი – ყვარყვარე, ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით დაინტერესდა ქრისტიანობის პროტესტანტული ფორმით. ვენცესლავმა გააცნო მას გერმანიის ეკლესიების მდგომარეობა და გადასცა გერლახის მიერ სტამბოლში მრავლად ჩამოტანილი ბაზელში გამოქვეყნებული და ბერძნულად თარგმნილი წიგნი “ავგუსტინელთა აღსარების შესახებ”. “მიიღო რა კეთილგანწყობით ეს წიგნი, მან მაშინვე უბრძანა, ეთარგმნათ იგი თავის, იბერიულ, ენაზე, თანაც დამპირდა, რომ ამ თარგმანს ბერძნულ წიგნთან ერთად თან წაიღებდა” (ტაბაღუა, 1984:222).

რანსიმენთან და ბუდოვიცთან ნახსენებ სახელებში ადვილად ამოსაცნობია რამოდენიმე პიროვნება, რომლებზეც ზ. ჭიწინაძე საუბრობს: მარტინ პასტორი, იგივე მარტინ კრაუსი (კრუსიუსი); ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, პასტორი გერლახი – სტეფანე გერლახი, რომელსაც ჩამოუტანია კონსტანტინეპოლში ლუთერანული აღსარების ბერძნული თარგმანი, რასაც ემოწმება პროპაგანდა ფიდეს არქივში მოპოვებული ვენცესლავ ბუდოვიცის წერილი. ასევე იაკობ პასტორი შეიძლება იყოს ტიუბინგენის უნივერსიტეტის კანცლერი, თეოლოგი იაკობ ანდრეა, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანებში ლუთერანობის გავრცელების საქმეში მონაწილეობდა.

ჩვენ ვიზიარებთ ბეჟან ჯავახიას ახსნას, რომლის მიხედვით, ზ. ჭიჭინაძის მიერ აღწერილი შემთხვევა მართლაც უნდა მომხდარიყო, თუმცა არა XVI საუკუნის დასაწყისში, არამედ II ნახევარში. ანაქრონიზმის მიზეზად ჭიჭინაძის მიერ ლუთერანობის ისტორიის უცოდინრობა უნდა დასახელდეს. ხოლო რაც შეეხება მზეჭაბუკის ხსენებას – ჭიჭინაძემ ლუთერანი პასტორების ჩამოსვლა ივანე გვარამაძესთან ნაპოვნ დღიურში ნახსენები მზეჭაბუკის მიხედვით დაათარიღა. ხოლო ქართლის ცხოვრება სამცხის წარჩინებულებიდან ამ სახელით, ყველაზე ვრცლად მზეჭაბუკ ქაიხოსროს ძის (დიდის), (1502-1516) სამცხის ათაბაგის შესახებ მოგვითხრობს. ალბათ ამან უბიძგა ცნობილ ისტორიკოსს ლუთერანების ჩამოსვლა 1513-1515 წლებით დაეთარიღებინა. მზეჭაბუკის სახელის ხსენებას კი ჯავახია უკავშირებს ქართლის ცხოვრებაში მზეჭაბუკის სახელით ცნობილ სხვა ჯაყელს – მზეჭაბუკ ქაიხოსროს ძეს, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად, 1572 წელს “იქორწინა გურიელის გიორგის ასულს როდომსა ზედა” (ვახუშტი ბატონიშვილი; ჯავახია, 2007:23; 2005:144).

სამაგიეროდ არანაირ ეჭვს არ იწვევს პროტესტანტების 1817 წელს გამოჩენის ფაქტი, რასაც ამყარებენ საარქივო დოკუმენტები, იმდროინდელი მემუარები თუ საისტორიო ცნობები. როგორც ცნობიალია, საქრთველო იმ დროისათვის ახალი შეერთებული იყო რუსეთთან და იმპერიის მესვეურები რეგიონში სანდო ელემენტების კოლონიზაციით ცდილობდნენ შეექმნათ მტკიცე დასაყრდენი. გერმანელების ჩამოსახლების მთავარი მიზანი, რუსეთის იმპერიის მხრიდან, იყო გერმანულ მეურნეობაში და მიწათმოქმედებაში მიღწეული წარმატებების გაცნობა და ადგილობრივად დანერგვა.

თავის მხრივ, კოლონისტების ჩამოსახლების მოტივების გასაგებად გასარკვევია, თუ ვინ იყვნენ ისინი, როგორი რელიგიური შეხედულებები ჰქონდათ მათ. საინტერესოა, რა მიზეზებმა განაპირობეს მათი ასეთი მასობრივი აყრა და ახალი საცხოვრებელი ადგილის ძიება.

ტრადიციულად მიჩნეულია რომ ჩამოსული კოლონისტები ლუთერანები იყვნენ (აქტები, VIII, 1881.231). იმპერატორ ალექსანდრე I-სადმი მიწერილ კოლონისტთა წერილში გადმოსახლების მსურველებში ნახსენებია აუგსბურგის აღსარების ლუთერანები (სცსა, ფ. 2, აღ. 1, ს. 658, ფ.15), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კოლონისტთა შორის კლასიკური ლუთერანობის მიმდევრები იყვნენ. აუგსბურგის აღმსარებლობა ლუთერანულ ან კალვინისტურ (რეფორმატულ) ეკლესიასთან იგივეობას ნიშნავდა. რადიკალური რეფორმაციის უმრავლესი მიმდინარეობა კი ამ აღსარებას ნაწილობრივ ან საერთოდ არ იზიარებდა.

ზემოაღნიშნულ წერილში გადმოსახლების მიზეზად დასახელებულია მოახლოებული “ქრისტეს მეორედ მოსვლა”. გ. ბურჭულაძე ასე აღწერს ამ პერიოდს: “გამუდმებულმა ომიანობამ ხალხი ძალიან გააღატაკა, ნამეტნავად სამხრეთ გერმანიაში, რომელიც საფრანგეთის მოსაზღვრედ მდებარეობს; ხალხი ვეღარა ჰხედავდა ომისა და არეულობის დასასრულს. სწორედ ამ დროს ვიურტემბურგის საერისთავოში გავრცელდა ხმა: “მოახლოვდა ქვეყნის დასასრული; მალე იქნება მეორედ მოსვლა; ეს არეულობა წინამორბედია ანტიქრისტეს მოსვლისაო; რომელ ქრისტიანსაც სურს ანტიქრისტეს დევნისაგან თავი იხსნას, უნდა გაიხიზნოს შორს აღმოსავლეთისაკენ, საცა იესო ქრისტე აღადგენს თავის სამეფოსა” (ბურჭულაძე, 1911:4). სახელდებოდა ქვეყნის აღსასრულის თარიღებიც – 1836 ან 1840 წელი.

აღნიშნული მიზეზით გადმოსახლება უცნაურია, რადგან მსგავსი ჰილიასტური იდეები და თარიღების წინასწარმეტყველება არ არის დამახასიათებელი კლასიკური პროტესტანტიზმისთვის, მათ შორის აუგსბურგის აღსარების ლუთერანებისთვის.

საკითხის სიღრმისეულად შესწავლისას ირკვევა, რომ რელიგიური შეხედულებების თვალსაზრისით, ჩამოსულები არაერთგვაროვან მასას წარმოადგენდნენ. ეს კარგად გამოჩნდა მომდევნო წლებში, როცა მათ შორის თავი იჩინა რელიგიურმა უთანხმოებამ.

ირკვევა რომ, ჩამოსულთა შორის გარდა ლუთერანებისა, იყვნენ გერნჰუტელები, რომლებიც აღიარებდნენ აუგსბურგის აღსარებას მხოლოდ ნაწილობრივ; აგრეთვე, შტუნდისტ-ბაპტისტებიც (გუმბათოვა, 2005:31). საქართველოსაკენ დაძრულთა მასიდან ყველაზე აქტიურები ყოფილან ე.წ. სეპარატისტები. მათ რეფორმატორულ მისტიკურ სექტასაც უწოდებდნენ, რადგან ქვეყნიერების დასასრულისგან აღმოსავლეთში ხსნის ძიების იდეა სწორედ მათ წიაღში გაჩნდა.

სეპარატისტები წარმოადგენდნენ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ლუთერანული ეკლესიიდან გამოყოფილ პიეტისტური მოძრაობის ერთ-ერთ განშტოებას. ისინი ეყრდნობოდნენ იუნგ-შტილინგის (1740-1818) მოძღვრებას. პროტესტანტი მწერლისა და მისტიკოსის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა გოეთეზე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ზე. საფრანგეთის

რევოლუციის შემდეგ დაიწყო სამყაროს დასასრულის და “ათასწლიანი სამეფოს” დადგომის ქადაგება (მენი, 2002).

იუნგ-შტილინგი წინასწარმეტყველებდა ქვეყნიერების დასასრულს და თავის მიმდევრებს არწმუნებდა ხსნა ეძიათ კავკასიაში – არარატის მთასთან. ბადენის ჰერცოგის კარზე 1808 წელს იგი გაეცნო ბარონესა ბარბარა კრიდენერს (კრუდენერს), რომელიც მისი ჰილიასტურ-მისტიკური იდეების ერთ-ერთი აქტიური მქადაგებელი გახდა. ბარბარა კრიდენერის წყალობით, რომელიც დაახლოებული იყო რუსეთის იმეპრატორთან, მოხდა სეპარატისტთა შეხვედრა ალექსანდრე I-თან. შეხვედრის დროს სეპარატისტთა წარმომადგენლებმა რუსეთის იმპერატორს გააცნეს თავისი რელიგიური რწმენის არსი და სთხოვეს კავკსიაში დასახლების ნებართვა. სავარაუდოა, რომ ალექსანდრე I კრუდენერის მეშვეობით საკმაოდ კარგად იცნობდა სეპარატისტთა მოძღვრებას და თანაუგრძნობდა კიდეც მათ. იგი დაჰპირდა სეპარატისტებს კავკასიაში დასახლებას და მათი რელიგიური რწმენის ხელშეუხებლობას.

სეპარატისტების ძირითადმა ნაწილმა თავი მოიყარა ეკატერინენფელდის კოლონიაში (ბოლნისში), რომელიც სამეურნეო თვალსაზრისით ყველაზე დაწინარურებული იყო. 30-40-იან წლებში აქ კონცენტრირებულმა სეპარატისტულმა მოძრაობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რეგიონში კოლონიების არსებობა და აიძულა მთავრობა ენერგიული ზომები მიეღო მის ჩასაქრობად.

გერმანელთა ეს რელიგიური ჯგუფი თავიდანვე განიხილავდა საქართველოს თავის დროებით სამყოფელად. მიზანი – იერუსალიმამდე ჩასვლა იყო. ამით აიხსნება ერმოლოვის გაღიზიანებაც, რომელიც იმედოვნებდა, რომ გერმანელები შრომისმოყვარეობის მაგალითს აჩვენებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ამის საპირისპიროდ მას წარმოუდგა “მეოცნებე ხალხი, რომელიც უქმად ატარებდა დღეებს, ეძინათ დღის იმ დროს, როდესაც ადგილობრივები მუშაობდნენ. მათი ერთადერთი საქმიანობა – შეხვედრები და აპოკალიფსზე საუბარი იყო” (აქტები, VI, 1874:340).

სეპარატისტები თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო ბევრ პრობლემას უქმნიდნენ მთავრობას: არ დებდნენ ფიცს იმპერატორის ერთგულებაზე ეყრდნობოდნენ რა ბიბლიაში, იაკობის 5:12-ში მოყვანილ სიტყვებს; არ არეგისტრირებდნენ ქორწინებას და ბავშვების დაბადებას, რადგან ყველაფერი ეს ხდებოდა ლუთერანი მღვდლების კურთხევით, რომლებთანაც ოპოზიციაში იყვნენ ისინი.

საინტერესოა, რომ დასახლების პირველ წლებში ერმოლოვი ხშირად აღწერს გარყვნილებას ოჯახებში, მთავრობის და ზემდგომების სრულ იგნორირებას, სიზარმაცეს და სხვა მანკიერებებს. ყოველივე ამას იგი უაპელაციოდ სეპარატისტებს აბრალებდა. თუმცა, მოგვიანებით თვითონვე მივიდა დასკვნამდე, რომ კოლონისტებში გარდა ვირტემბერგელებისა, იყო რელიგიურ ჯგუფებს მიკედელებული უამრავი გერმანელი ბოგანო. აღვირახსნილობით გამოირჩეოდნენ ფრანგულ ჯარში ნამსახურევი ჯარისკაცები, სიზარმაცით კი – ოდესაში დიდხანს ნაცხოვრებნი (აქტები VI, 1874:346). ერმოლოვი იმდენად იყო შეწუხებული, რომ სიამოვნებით გაასახლებდა ურჩებს, მაგრამ სახელმწიფოს წინაში მათი ვალების გამო იძულებული იყო შეგონებითა და მსუბუქი სასჯელით შემოფარგლულიყო.

რუსეთის მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა “განსხვავებულად მოაზროვნეთა” კონსოლიდირებისათვის. სათვისტომოს რელიგიური ცხოვრება მხოლოდ 40-იან წლებში დარეგულირდა.

ამრიგად, პირველი პროტესტანტები საქართველოში სავარაუდოდ გამოჩნდნენ XVI საუკუნის II ნახევარში, სამცხე-საათაბაგოში, თუმცა, შემდეგ გაითქვიფნენ ადგილობრივ კათოლიკეებში. 1817-1818 წლებიდან საქართველოში დასახლდა პროტესტანტების ახალი ჯგუფი გერმანიიდან. გადმოსახლება მოტივირებული იყო მათ სამშობლოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე იკვეთება, რომ საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელთა შორის სჭარბობდნენ პიეტისტური მოძღვრების სხვადსხვა შტოს მიმდევრები. შემადგენლობის ექლექტურობამ და მთავრობის მხრიდან ამ ფაქტის არასათანადოდ გააზრებამ მომავალში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების მიზეზი გააჩინა, როგორც საკუთრივ კოლონისტებში, ასევე კოლონისტებსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის. როგორც ვხედავთ, კოლონისტთა გადმოსახლებას ჰქონდა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე რელიგიური მოტივები, რომელთაგან რელიგიური – პრევალირებდა.

ტატიანა კოპალეიშვილი

ლიტერატურა:

სცსსა, ფ. 2, ან. 1, ს. 658.

რელიგიები საქართველოში, თბ. 2008.

გ. ბურჭულაძე, გერმანულ ახალშენები ამიერკავკასიაში, 1911.

გ. კუტალია, ლუთერანობა საქართველოში, “სკოლა და ცხოვრება”, 1990.

გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში, თბ., 1970.

ჯავახია ბ., საქართველოში ლუთერანობის გავრცელების მცდელობის ისტორიიდან, კრიტერიუმი #13, თბ., 2005.

Rancimen St., The Great Church in Captivity: A Study of the Patriarchate of Constantinople from the Eve of the Turkish Conquest to the Greek War of Independence, Cambridge, 1968.

Акты собранные Кавказскою археографическою комиссиею, т. VI, ч. I, Тиф., 1874; т. VIII, Тиф., 1881.

Т. Гумбатова, Жизнь Немецких колонистов за Кавказом, Баку 2005.

Грета Ионкис, Немецкие Гернгутеры, или просионистские идеи Юнга Штиллинга, http://www.jcrelations.net/.3187.0.html?L=7

А. Мень  “Библиологический словарь”  СПб.,2002.

წყარო: საისტორიო მაცნე”, ბათუმი, 2013.

ჩატვირთვა...