გია ჯვარშეიშვილი: „ნუ გეშინია, მოუსმინე უფალს”

0 315

“ღამის მეოთხე გუშაგობისას, მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სიარულით. მოწაფეებმა რომ დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „ გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ პეტრემ უთხრა მას პასუხად: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე მოვიდე შენთან წყალდაწყალ.“ მან კი უთხრა: „ მოდი“. პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალ და წყალ მიდიოდა, რომ იესოსთან მისულიყო, მაგრამ ქარი რომ შენიშნა, შეეშინდა, ჩაძირვა იწყო და დაიყვირა: „ უფალო, მიხსენი მე“. იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: „რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნევ?“ და როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ხარ შენ ძე ღმერთისა“. (მათე 14: 25–33)

ეს ამბავი დაახლოებით ორი ათასი წლის წინ მოხდა… ერთხელ მეც განვიცადე ცხოვრებაში მომენტი (მაშინ უკვე მორწმუნე ვიყავი), როცა ვგრძნობდი, რომ მართლა ვიძირებოდი – თითქმის ჩაძირული ვიყავი. ვხედავდი, როგორ მიპყრობდა ეჭვები, შიში და ურწმუნობა. ვხედავდი, რომ ქვეყნიერება, რომელსაც გავექეცი, ისევ მძლევდა, ბოროტი ისევ ცდილობდა ჩემს შთანთქვას. მახსოვს, როგორ შევძახე უფალს ჩემი გულის სიღრმიდან: „ უფალო, შენ ხომ ერთხელამოიყვანე  პეტრე  წყლიდან?! ახლა მეც ვიძირები. ამოყვანა მჭირდება, უფალო!“ მახსოვს, როგორ ამომიყვანა ღმერთის უხილავმა ხელმა, როგორ გამომიყვანა იმ მდგომარეობიდან და ჩემი პრობლემების ზემოთ დამაყენა.

მორწმუნე ადამიანს ხშირად ექნება ასეთი მომენტები, როცა დაუკვირვებლობისა თუ გაუფრთხილებლობის გამო სასოწარკვეთილებამდე, იმედგაცრუებამდე, შიშამდე მივა. სულ ცოტა ხნის წინ  ის ღმერთს ადიდებდა, მის გულში ხსნის სიხარული იყო, სულიწმინდის თანდასწრება ჰქონდა – ღმერთი იყო მასთან. მაგრამ გავიდა მცირე ხანი და დაეჭვდა: ნეტავ ეს ყველაფერი მართლაც ასეა? ნეტავ მართლაც არსებობს ღმერთი? ნეტავ მართლაც ღმერთისგან იყო ჩემი წარმატებები? ნეტავ მართლაც ღმერთის ხელი ერია ამ ყველაფერში? ახლა რატომღა ვარ ასეთ მდგომარეობაში?..

შესაძლოა მოხდეს ისე, რომ  მადლისა და წყალობის დღეები ადამიანს გაჭირვების, ნაღველისა და მწუხარების დღეებად ექცეს. ასეთ დროს მის გონებაში გაიელვებს ეჭვი: ნეტავ რეალურია ღმერთის არსებობა? როცა მოწაფეებმა  წყალზე მომავალი იესო დაინახეს, შეშინდნენ და დაეჭვდნენ – ნეტავ შესაძლებელია, რომ მან წყალდაწყალ იაროს და ჩვენამდე მოვიდესო?

სახარების ამ მონაკვეთში ჩანს უფლის ბუნება, მისი ყოვლისშემძლეობა – ის წყალდაწყალ მოდიოდა. უფალი არა მარტო ბუნებრივია, როგორც ადამიანი იესო, არამედ  ზებუნებრივიცაა, როგორც ღმერთი, ღმერთის ძე. არ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში პრობლემა, რომლის მოგვარებაც ღმერთს არ შეეძლოს. მაგრამ ხშირად უფალი არ ჩქარობს პრობლემური სიტუაციიდან ჩვენს გამოყვანას. პირიქით, სახარებაში წერია, რომ ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ ისიც წერია, რომ, როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. შეშინებულ მოწაფეებს იესო მყისვე გამოელაპარაკა და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ“.

ებრაელ ხალხს ასეთი თქმულება ქონდა, რომ, თუკი ღამით ღია ზღვაში ყოფნის დროს  წყალზე  მოჩვენება გამოჩნდებოდა, ნავში ან გემზე მყოფთ აუცილებლად სიკვდილი ელოდათ. იესოს მოწაფეები სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, რომ მათ შეეშინდათ. არადა სულ ცოტა ხნით ადრე მათ თვალწინ იესო ქრისტემ ათასობით ხალხი დააპურა ხუთი პურითა და ორი თევზით. იქიდან წამოსულებს კი შეეშინდათ, როცა  მოჩვენება იხილეს წყალზე. უფალმა იგრძნო მათი შიში და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ“. მაშინ პეტრემ მიმართა იესოს:  თუ მართლაც შენ ხარ, მითხარი, რომ მეც წამოვიდე შენსკენ წყალდაწყალო. იესომ კი მიუგო: „მოდი“.

პეტრეს სურვილი  ღმერთის შეცნობის წყურვილით სავსე ნებისმიერი ადამიანის სურვილს ასახავს. ვიდრე ადამიანი თავისი რწმენის რელიგიურ ნავში ზის, ვიდრე ის არ დგამს ღმერთისკენ რწმენის ნაბიჯებს, მის ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა. მაგრამ ღმერთი თავისი ზებუნებრივი ძალით მოქმედებს იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც ცდილობენ რელიგიური ნავიდან გადმოსვლას და ღმერთის უკეთ შეცნობას. უმეტესობა კვირის მსხურებებზე სიარულით კმაყოფილდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ეს საკმარისი არაა – მათ  სასწაულების და ძალების ხილვა სურთ ცხოვრებაში.

როცა პერტემ წყალზე მავალი იესო დაინახა, ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა ნავთან მის მისვლას და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, მიბრძანე, რომ მეც  წყალდაწყალ  წამოვიდე შენსკენო.”

ღმერთის მამაკაცები, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია მოთხრობილი, განსხვავდებოდნენ სხვა ადამიანებისგან. ვერც ერთი მათგანი ვერ ეტეოდა რელიგიურ ნავში – აბრაამს სახლის დატოვება დაჭირდა რწმენის გამო. იგი ქალდეველთა  ურში ცხოვრობდა, მაგრამ მოუწია ქანაანში გადასახლება;  რწმენის გამო ნოეს კიდობნის აგება დაჭირდა; იოსების საცხოვრებელი ეგვიპტე გახდა; დანიელი იერუსალიმიდან ბაბილონში გადაიხვეწა; ნეემია სპარსეთიდან იერუსალიმში გადავიდა; პეტრემ თავისი ხელობა მიატოვა.. ვერავინ შეძლო თავისი ჩვეული ცხოვრებისა და ღმერთის რწმენის ერთმანეთთან შეთავსება – მოსეს ეგვიპტის დატოვება დაჭირდა, იგი უდაბნოში იქნა გაძევებული..

ძვირფასებო, ჩვენში უნდა იყოს ღმერთის ძიების, მისკენ სწრაფვის წყურვილი.  უნდა ვეძიოთ ღმერთი. ვეძიოთ იგი არა რელიგიურად, არამედ გულით, მთელი ჩვენი არსებით. ჩვენი ცხოვრება და ჩვენი რწმენა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი. თუ საჭირო გახდა, რისკზეც უნდა წავიდეთ – ნავიდან წყალზეც გადავიდეთ, რათა მივიღოთ ზეციური, ზებუნებრივი, ღვთიური. პეტრე სწორედ ასეთი ბუნების იყო – მან ნავი მიატოვა და წყალდაწყალ გაემართა უფლისკენ.

აქ ყურადღება პეტრეს შესაძლებლობებზე კი არაა  გამახვილებული, არამედ ღმერთის სიტყვის ძალაა წინა პლანზე წამოწეული – ქრისტემ უთხრა: „მოდი“.  როცა უფალი ამბობს – ეს საკმარისია! ცხოვრების ნეისმიერ სფეროში მიღწეული წარმატებები უფლის აღთქმულის აღსრულებაა. ჯერ უფალი ამბობს და როცა ადამიანი მის ნათქვამს  უსმენს, მაშინ აღსრულდება ის, რაც უფალმა ბრძანა. ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი მისი სიტყვის მოსმენა. ხშირად ადამიანებს არც აინტერესებთ უფლისთვის ყურის გდება. ხდება ისეც, რომ მოუთმენლობის გამო ვერ ელოდებიან მას, იწყებენ მოქმედებას და მარცხს განიცდიან.

მორწმუნეებმა უნდა ისწვლონ უფლის მოლოდინი. თუ უფალი დუმს, არ უნდა დავიწყოთ. როცა უფალი იტყვის, მაშინ უნდა ავმოქმედდეთ. მანამდე კი უნდა ველოდოთ მის სიტყვას. ქრისტეს რომ არ ეთქვა პეტრესთვის მოდიო, აზრი არ ექნებოდა ნავიდან გადასვლას – პეტრე აუცილებლად ჩაიძირებოდა. წყალზე სიარულის ძალა მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როცა უფალმა  სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ შემდეგ სამწუხარო რამ მოხდა: აზვირთებული ტალღების დანახვაზე პეტრემ დაივიწყა უფლის ნათქვამი, მისი მზერა აბობოქრებულმა ზღვამ მიიპყრო. პეტრემ  ჩაძირვა იწყო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მან  უფლის სიტყვიდან ყურადღება აზვირთებულ ტალღებზე გადაიტანა. სიტყვა „მოდი“ იმდენად წყნარად იყო ნათქვამი, რომ მაინც და მაინც დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია პეტრეს ცხოვრებაში, მაგრამ ქარიშხალი და ტალღები ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ პეტრემ, მისდა უნებურად,  ყურადღება მათკენ გადაიტანა. იგი შეცდა.

დაიხსომეთ ერთი რამ: მნიშვნელობა არა აქვს ღმერთი თავის სიტყვას წყნარად გეტყვით, თუ ხმამაღლა შემოგძახებთ – უფლის ნათქვამი და მისი სიტყვა ყოველგვარ სტიქიაზე ძლიერია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა გვითხრა ღმერთმა. არ უნდა დავუგდოთ ყური იმას, რასაც სატანა ჩაგვჩურჩულებს. ეჭვი არ უნდა შევიტანოთ უფლის ნათქვამში მაშინაც კი, როცა გარემოებები საშინელებებს გვიქადის. უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი უფლის ფერხთაქვეშაა ყოველივე – ისაა მეფე და უფალთ უფალი.

ძვირფასებო, თუ ატყობ, რომ იძირები და ღმერთის ხელი გჭირდება, იცოდე, რომ ამის მიზეზი შენშია. შენ გადაიტანე ყურადღება უფლის სიტყვიდან გარემოებებზე.  შენ დაკარგე ღმერთის სიტყვა. დაუბრუნდი იმ ადგილს, სადაც ის დაკარგე და ნუ დაუწყებ ბრძოლას ტალღებს საკუთარი ძალებით. დაიბრუნე ღმერთის სიტყვა – მისმა ხელმა უნდა ამოგიყვანოს წყლიდან. წყლიდან ამოსულს კი ღმერთი დაგანახებს შენი პრობლემის მიზეზს. ამის შემდეგ კი  აუცილებლად უნდა მოაგვარო პრობლემა.

ხშირად, გაჭირვებაში ჩავარდნილნი ვევედრებით უფალს  დაგვეხმაროს და ვპირდებით მას, რომ მისი მორჩილები ვიქნებით, მაგრამ შემდეგ, როცა ღმერთი დახმარების ხელს გამოგვიწოდებს და გვიხსნის გაჭირვებიდან, დანაპირები გვავიწყდება. ზღვა ქვეყნიერების სახეა, ჩვენი რწმენა ქრისტე იესოში სძლევს ქვეყნიერებას. სხვაგვარად ღმერთი ვერ გვასწავლის ცხოვრებას, სწორ აზროვნებას. არასდროს რომ არ ჩავძირულიყავით, იმის საჭიროებაც არ გვექნებოდა,  ღმერთის სიტყვისთვის რომ გვემზირა. ასე დაემართა პეტრესაც: მან ჩაძირვა იწყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა უფლის დახმარების ხელი. უფალმა უთხრა პეტრეს: „რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნევ? ჩემს ნათქვამში ეჭვი რატომ შეგეპარა? ნუთუ ტალღები უფრო მეტია, ვიდრე ჩემი ნათქვამი? ნუთუ ქარიშხალი ჩემს სიტყვაზე მეტია? რატომ დაეჭვდი?!“

ხშირად  მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ღმერთის სიტყვა, უგულებელვყოფთ მას და მაინც  ჩვენს ნებაზე მოქმედების უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. მორწმუნის ცხოვრებაში მოსული პრობლემები მისი რწმენის გამოსაცდელადაა დაშვებული. სატანა ათასგვარი ტყუილებით ცდილობს მორწმუნის რწმენის შესუსტებას, მაგრამ უფალის ხელი მუდამ მზადაა ჩვენს დასახმარებლად. ნუ შევეჩვევით წყნარ და მოსვენებულ ცხოვრებას. ვესწრაფოთ უფლისკენ და გვახსოვდეს, რომ ვერანაირი პრობლემა ვერ იქნება მის ხელზე ძლიერი. დაუბრუნდი იმ საწყის მდგომარეობას, საიდანაც პრობლემები დაიწყო. დაიბრუნე ღმერთის სიტყვა!

უფალმა იხსნა პეტრე. ნავში მსხდომებმა თაყვანი სცეს იესოს და თქვეს: „ესაა ჭეშმარიტად ღმერთის ძე“.

უფალი ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად განსაცდელებს უშვებს ჩვენს ცხოვრებაში. ასე ვიზრდებით რწმენიდან რწმენაში. ნუ შეგვეშინდება პრობლემების, რადგან უფლის ხელი კვალავაც ახლოსაა ჩვენთან.

ერთგულია ღმერთი!

 

გია ჯვარშეიშვილი 

01.12.1996

ჩატვირთვა...