მუსლიმანთა 10 შეხედულება ქრისტიანებზე

0 179

ამ სტატიას საფუძვლად უდევს მრავალრიცხოვანი საუბრები მუსლიმებთან, ჩემი პირადი გამოკვლევები და ინტენსიური მზადება მისიონერთა სკოლაში ერთთვიან მისიონერულ მოგზაურობაში წასვლამდე, 1979 წელს.

მუსლიმებთან გამართულ საუბრებში ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ მათი უმრავლესობა იზიარებს იმ მორალურ ფასეულობათ, რომლებსაც უნდა ემხრობოდნენ ქრისტიანები და ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლების ლოდი, რაც ხელს უშლის მათ ირწმუნონ ქრისტიანობის ჭეშმარიტება. (ამ ადამიანთა უმრავლესობა თბილი და კეთილგანწყობილია. ექსპერტების შეფასებით, მუსლიმთა მხოლოდ 7-10% არის დაკავშირებული რადიკალურ ისლამთან, თუმცაღა ეს 7-10% ას მილიონ ადამიანს შეადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით).

ადრეული ეკლესია ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთაგან შედგებოდა (მაგალითად, გამოცხადების წიგნში ნახსენები ყველა ეკლესია თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა) და ეკლესიის ზოგიერთი დიდი მამა (ავგუსტინე, ტერტულიანე სხვ.) ცხოვრობდნენ და ემსახურებოდნენ ღმერთს ჩრდილოეთ აფრიკაში (რომელიც თანდათან თითქმის მუსლიმანური გახდა). მიუხედავად ამისა, დღეს ქრისტიანები უკიდურეს თავშეკავებას იჩენენ მუსლიმთათვის სახარების ხარების საკითხში.

ქვემოთ მოტანილი პუნქტები იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ქრისტიანებმა უკეთ გაუგონ მეზობელ მუსლიმებს მანამ, სანამ მათთან სახარებით (კეთილი უწყებით) მივიდოდნენ.

1. ქრისტიანები გაუბედავნი და სუსტნი არიან

მუსლიმანები ჩვენს რწმენას, რომ იესო, ღვთის ძე, მოკვდა ჯვარზე, სისუსტის უდიდეს გამოხატულებად და ყოვლისშემძლე ღმერთის შეურაცხყოფად მიიჩნევენ, ღმერთისა, რომელიც არ შეიძლება ოდესმე მოკვდეს!

მუსლიმანები ფიქრობენ, რომ პატივია საკუთარი რწმენის, ოჯახის, მეგობრების დაცვისას სიკვდილი, ხოლო ქრისტიანული პრაქტიკა მეორე ლოყის მიშვერის შესახებ, მათი აზრით, სულმოკლეობაა. მათ იციან, როგორ სწრაფად გაავრცელა მუჰამედმა ისლამი ქრისტიანულ ქვეყნებში მახვილის მეშვეობით და ყველა ქრისტიანს სუსტ და გაუბედავ ადამიანად მიიჩნევენ.

რა თქმა უნდა, ბევრი ქრისტიანი ამახინჯებს იესოს სწავლებას, რომელიც მან მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით (მათე 5:38-39). იესო მხოლოდ იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ პირადი შეურაცხყოფისათვის შური არ უნდა ვიძიოთ, იგივენაირად არ მოვექცეთ. მას არ უთქვამს, რომ ქრისტიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ან საკუთარი ოჯახის დასაცავად ბრძოლა, ან თუნდაც საკუთარი ხალხისა (ერთი გამონაკლისით: ქრისტეს გულისათვის დევნა და სიკვდილი განსაკუთრებული პატივია, რასაც ვხედავთ კიდეც მოციქულების მაგალითიდან გამომდინარე, საქმეების წიგნის მე-4 თავში).

2. ქრისტიანობა ხელს უწყობს კერპთაყვანისმცემლობას

მუსლიმანთა უმრავლესობამ არ იცის ქრისტიანულ დენომენაციათა შორის არსებულ განსხვავებათა შესახებ (ისევე, როგორც მრავალმა ქრისტიანმა არ იცის სუნიტებს, შიიტებსა და ვაჰაბისტებს შორის არსებული სხვაობანი) და ქრისტიანობას აფასებენ მსოფლიოში ყველაზე მეტად გაბატონებული რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიხედვით. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენ ოთხ ღმერთს ვცემთ თაყვანს: მამას, ძეს, სულიწმიდას და მარიამს. გარდა ამისა, რომაულ-კათოლიკურ ტაძრებში ქანდაკებათა არსებობას მორალურად დასაძრახის საქციელად მიიჩნევენ. (მუჰამედის მიერ ქრისტიანობის აღმოფხვრის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი გახლდათ კერპთაყვანისმცემლობა, რომელსაც ის ხედავდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ეკლესიებში).

3. ქრისტიანები მორალური დეკადენტები არიან

იმის გამო, რომ მუსლიმანთა უმრავლესობა დასავლეთ ევროპასა და ამერიკას ქრისტიანულად მიიჩნევს, მათ თვალში ერთმანეთს უთანაბრდება ამ ქვეყნებში არსებული ზნეობრივი დაცემა და საშუალო ქრისტიანის ზნეობრიობა. ისინი ფიქრობენ, რომ პორნოგრაფია, ნახევრად შიშველი ქალები, აბორტები, ჰომოსექსუალიზმი, ბილწსიტყვაობა ტელევიზიის მეშვეობით და საზოგადოებაში მოდებული მექრთამეობა ქრისტიანთა ხასიათისა და მათი ზნეობრივი სახის ანარეკლია.

გარდა ამისა, ისინი ხედავენ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისა და პროფესიონალ სპორტსმენთა უზნეო საჯარო ცხოვრებას, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ.

4. ქრისტიანობა დაკავშირებულია რადიკალურ ფემინიზმთან

მაშინ, როცა მუსლიმანები ხედავენ, როგორ იცვამენ ქრისტიანები კოლეგები სამსახურში (განსაკუთრებით ქალები), გაოგნებულნი არიან და გამოაქვთ დასკვნა იმის შესახებ, რომ ქრისტიანები ქადაგებენ თავისუფალ სექსუალურობას, რაც რადიკალური ფემინიზმის შედეგია. ეს ყველაფერი ემატება მათ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანი ცოლები უპატივცემულოდ ექცევიან ქმრებს: სახლის საქმეებს უძღვებიან, ბრძანებებს გასცემენ, უფრო მეტს გამოიმუშავებენ ქმრებთან შედარებით და აბორტებსაც კი იკეთებენ. მუსლიმანებს არ სურთ, რომ რაიმე საერთო ჰქონდეთ ჩვენს რწმენასთან! ისინი ამჯობინებენ, რომ მათ ქალებს მოკრძალებულად ეცვათ, სახესა და სხეულს იფარავდნენ და საკუთარ სხეულებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მეუღლეთათვის ინახავდნენ. ისევე, როგორც ჩვენს ეკლესიებში ვაკრიტიკებთ მათ ქალებს, რადგან მათ ფარანჯა აცვიათ და მთლიანად დაფარული აქვთ თავი, ისინიც ასევე გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოკრძალებულად არ გვაცვია ან გახდილნი დავდივართ საჯაროდ!

5. ეკლესია არცხვენს ჭეშმარიტ რელიგიას

ცოტა ხნის წინ მუსლიმანთა ერთ შესანიშნავ ოჯახს ვესაუბრე. მათ გულწრფელად აინტერესებდათ, რატომ აუღლებს ეკლესია ერთი სქესის ადამიანებს? მათ არ იციან განსხვავებანი ამერიკაში არსებულ ლიბერალურ პროტესტანტულ ძირითად მიმდინარეობასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ სახარებისეულ ეკლესიებს შორის.

განვუმარტე ეს განსხვავებანი. მაშინ, როცა მუსლიმანები ხედავენ, როგორ აკურთხებს ეპოსკოპალური (ანგლიკანური) ეკლესია ჰომოსექსუალისტებს ეპისკოპოსებად და ლესბოსელებს კი მღვდელმსახურებად, ისინი ეკლესიას საერო ჰუმანისტური კულტურის შედეგად ან მიზეზადაც კი აღიქვამენ.

6. ბიბლია სავსეა წინააღმდეგობებით

მუსლიმანები ასწავლიან იმას, რომ ბიბლია (განსაკუთრებით ახალი აღთქმა) დამახინჯებულია და ამიტომაც სავსეა წინააღმდეგობებით. მრავალ მუსლმანს სწამს, რომ ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი (ჯიბრაელი) გამოგზავნა იმისათვის, რომ წმინდა ყურანი ეკარნახა წინასწარმეტყველ მუჰამედისათვის, უპირველეს ყოვლისა, შეცდომების გასასწორებლად და ამ წინააღმდეგობათათვის ნათლის მოსაფენად, რომლებიც ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას და მის ნაკვალევზე სვლას შეეხება.

7. ეკლესია მხარს უჭერს სიონიზმს

მუსლიმანები ხედავენ, რომ ტელევიზიის მეშვეობით ევანგელისტურ ეკლესიათა ხელმძღვანელები (მაგალითად, ჯონ ჰეგი) გამუდმებით უწევენ პროპაგანდას პრო-ებრაულ პოზიციას აღთქმულ მიწასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებთან დაკავშირებით და ისრაელს უჭერენ მხარს სხვა პოლიტიკურ საკითხებშიც. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მათ წინააღმდეგობას ქრისტიანობისა და ქრისტიანებისადმი.

8. ქრისტიანებს სძულთ მუსლიმანები

ეკლესია ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს იმისათვის, რომ მისიონერები გაგზავნოს მუსლიმანურ ქვეყნებში. ამასთან, ისინი თითქმის სრულად უგულებელყოფენ მეზობლად მცხოვრებ მუსლიმან ოჯახებს! უფალმა იესომ მცნებად დაგვიტოვა, რომ სახარების უწყება ჯერ მათთვის გვეხარებინა, ვინც ჩვენ გარშემო ცხოვრობს და შემდეგ წავსულიყავით დედამიწის კიდეებამდე (საქმე.1:8). ნაცვლად ამისა, მუსლიმანები ხედავენ, რომ მეზობელი ქრისტიანები განკითხვით სავსე მზერით უყურებენ მათ ქალებს, რომლებიც თავს იფარავენ. ქრისტიანები თავს არიდებენ საუბარს მუსლიმან კოლეგებთან სამსახურში. მუსლიმანებს ასევე გამუდმებით ესმით ქრისტიან წინამძღოლთა მიერ წარმოთქმული ისლამის წინააღმდეგ მიმართული უარყოფით ხუმრობანი, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის წყაროების მეშვეობით ვრცელდება.

მიუხედავად უფალ იესო ქრისტეს მცნებისა, გვიყვარდეს ჩვენი მტრები და სიკეთეს ვუკეთებდეთ ჩვენს მაწყევრებს (მათე 5:44-48), ჩვენ, მორწმუნეები, გავურბივართ მუსლიმანებს, ან სულაც უგულებელვყოფთ მათ და ზიზღს გამოვხატავთ, მუსლიმანებს, რომელთა ჩვენს საზოგადოებაში იმიგრაციაც დაუშვა ღმერთმა. მაშინ, როცა ქრისტიანები ჩვენს ქალაქებში მუსლიმანთა მასობრივ ჩასახლებას საფრთხედ აღიქვამენ, ღმერთი ეძებს ქრისტიანებს, რომლებიც ამას სათანადოდ შეაფასებენ, როგორც მუსლიმანთა მიმართ სიყვარულის გამოხატვისა და მათთან ჭეშმარიტი რწმენის შესახებ საუბრის შესანიშნავ შესაძლებლობას.

9. ქრისტიანები ამქვეყნიური შეხედულებებით ხელმძღვანელობენ შობადობასთან დაკავშირებით

მაშინ, როცა მუსლიმანთა ოჯახებში ბევრი ბავშვი ჩნდება (თუმცაღა უნდა გავიხსენოთ, რომ მუსლიმან კაცს ყურანი ერთ ცოლზე მეტის ყოლის უფლებას აძლევს და ეს განაპირობებს მათ მრავალშვილიანობას), ქრისტიან წყვილებს შორის შობადობის დონე, პრაქტიკულად იგივეა, რაც დასავლეთში მცხოვრები ურწმუნო წყვილთა შორის. ბევრ, ეგრეთ წოდებულ, ქრისტიანულ ქვეყანაში (იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი) შობადობის დონე (2.1 ბავშვზე ნაკლები თითო ოჯახზე) ამავე ქვეყნებში არსებულ სიკვდილიანობის დონეზე დაბალია, ამიტომაც ეს ქვეყნები იძულებულნი არიან მუსლიმანებს გაუღონ კარი იმისათვის, რომ საკუთარ ეკონომიკას შეუწყონ ხელი! (ამ თემის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პატრიკ ბუჰანანის წიგნში „დასავლეთის სიკვდილი“ − Pat Buchanan’s The Death of the West.)

აშშ-ში საქმე უკეთესად როდია (1.8 ბავშვი ოჯახზე). სიმართლე კი ისაა, რომ მუსლიმანებს უფრო მეტად სწამთ „ნაყოფიერებასა და გამრავლებასთან“ (დაბ. 1:28) დაკავშირებული კულტურული მანდატისა, ვიდრე საშუალო ქრისტიანს.

კულტურაში უპირატესობის მიღწევის საშუალება ბიბლიის ამ ადგილის მეშვეობით კარგად არის ნაჩვენები: ძლიერი და ერთიანი ოჯახი, ბევრი ღვთისმოშიში შვილი − ესაა საშუალება, რომლის მეშვეობითაც ეკლესიას შეუძლია კულტურისა და საზოგადოების შეცვლა.

10. ეკლესია სავსეა არაპრაქტიკული მისტიკოსებით, რომლებიც სულიერ სამყაროს ბუნებრივისგან განაცალკევებენ

ისლამი გახლავთ ცხოვრება და მსოფლმხედველობა, რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს, სადაც სულიერი ცხოვრება მხოლოდ მის ნაწილს წარმოადგენს. მაშინ, როცა მუსლიმანები ისმენენ ქრისტიანთა ქადაგებებს ტელევიზიით ან სამსახურში ესაუბრებიან მათ, ფიქრობენ, რომ ეკლესიას დუალისტური შეხედულება აქვს ქვეყნიერების შესახებ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მხოლოდ სულიერ ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ: ლოცვის, განკურნების, რწმენისა და ემოციური კეთილდღეობის შესახებ, მაგრამ ძალიან იშვიათად ვერთვებით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საკითხებში. ბევრი მუსლიმანი ფიქრობს, რომ ისლამი ერთმანეთთან აკავშირებს ცხოვრების ყველა სფეროს, ქრისტიანობას კი მხოლოდ საიქიო ცხოვრება ადარდებს, ცოდვათა მიტევება და სულიერი სიმშვიდე.

ავტორი: ჯოზეფ მატერა

წყარო

ჩატვირთვა...