„მსოფლიო რატომ ხარ ჩუმად?…“ – სულისშემძვრელი წერილი ალეპოდან

0 59

მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება. სხვადასხვა ქალაქები თავს ორიგინალური დეკორაციით და ნაძვის ხის გიგანტური ზომებით იწონებენ. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთრის ჰაერი საშობაო სურნელით არის გაჟღენთილი…

უკვე 4 წელია სირია მსოფლიოს უჩვეულოდ ცხელი წერტილია, რომლის შესახებ შემზარავი ისტორიები, დაორთქლილი მინის მიღმა გადღაბნილ ლანდებს წააგავს. მსოფლიო კვლავინდებურად შეშფოთებულია, თუმცა არაფერი იცვლება. ალეპო ცეცხლსა და კვამლშია გახვეული, აქ დიდი ხანია სიცილის ხმა გლოვის ხმამ ჩაახშო. სირია ახლა ნანგრევებზე განაგრძობს არსებობას, ჰაერი კი დენთის და სიკვდილის სუნით არის გაჟღენთილი…

ალეპოს მცხოვრებლები ტვიტერის საშუალებით ცდილობენ საკუთარი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ: „ძვირფასო მსოფლიო, ამ წუთებში ინტენსიურად გვბომბავენ. რატომ ხარ ჩუმად? რატომ? რატომ?…“ – წერს ფატიმა. ფატიმა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ალეპოელი 7 წლის გოგონას, ბანას დედაა, რომელიც ტვიტერზე თავისი აქტიურობით გამოირჩევა. თავის პირად გვერდზე ის ინტენსიურად აცნობს მსოფლიოს თავის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. „მე ბანა ვარ, 7 წლის. მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან გწერთ და ახლა, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებიც კი იყოს“, – წერდა იგი 13 დეკემბრის ღამეს…

14 დეკემბერს თურქულმა ტელეარხმა ხუთი წლის ბავშვის ისტორია გააშუქა, რომელიც დაჭრილი იყო და სამედიცინო მუშაკები საკუთარ სახლში ანესთიზიის გარეშე ოპერაციას უკეთებდნენ, რადგან ალეპოში უკვე მედიკამენტების დეფიციტია.

ისტორიები ადამიანების ტრაგედიებზე აქ უსასრულოა. მსოფლიოს შორიდან ესმის შვილმკვდარი დედებისა და მამების არაადამიანური ხმები, რომელიც წინასაახალწლო, საზეიმო ჰანგებში იკარგება. მსოფლიო თავის პოზიციას, როგორც ყოველთვის, შეძრწუნებული, აღშფოთებული დუმილით და ღრმა პოლიტიკური განცხადებებით გამოხატავს, ადამიანები კი იქ, შორეულ ალეპოში გადარჩენისთვის იბრძვიან, იხოცებიან და დავიწყებას ეძლევიან…

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასადის მთავრობის ჯარისკაცები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში იჭრებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, არ ინდობენ ქალებსა და ბავშვებს. გაერო შიშობს, რომ ალეპო, შესაძლოა, ახალი წლის დადგომამდე „ვეებერთელა სასაფლაოდ“ გადაიქცეს.

სირიის ყველაზე დიდ ქალაქში, 2012 წლის 19 ივლისს, დაიწყო სამხედრო გადატრიალება. საჰაერო თავდასხმის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და ათი ათასობით მოსახლე კი ლტოლვილად იქცა. ბრძოლებმა უძველესი ქალაქი ალეპო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს ყველა იმ რაიონს აკონტროლებს, რომელიც ამბოხებულებს ეკავათ. მსოფლიო ლიდერები ქალაქში არსებულ ვითარებას „სულისშემძვრელს“ უწოდებენ. ჯონ კერი მოსახლეობის სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებასა და მის მოკავშირე რუსეთს აკისრებს.

14 დეკემბერს მიღწეულმა შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ამოქმედება ვერ მოასწრო, ისე დაირღვა. ალეპოსკენ მიმავალ მთავარ გზაზე ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტოკოლონები გაჩერებულია. სირიის ხელისუფლებამ მოსახლეობისა და მებრძოლების გაყვანის ოპერაცია დროებით შეაჩერა. მთავრობა ამბოხებულებს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება საომარი ზონიდან ხალხის გაყვანის ოპერაცია. სირიის მედიის ცნობით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 9 ათასი კაცი, თუმცა 50 ათასამდე სირიელი ჯერ კიდევ ევაკუაციას ელოდება.

„მსოფლიო, რატომ ხარ ჩუმად? რატომ? რატომ? რატომ?“ – ალბათ ეს ყველა ალეპოელ და საერთოდ, ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვინც თავს ტოლერანტული და დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილად მიიჩნევს, ვისაც იმედი აქვს, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში. ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ სირია არ არის შორეული ქვეყანა, რომლის პრობლემებიც ჩვენ არ გვეხება, მოგიწოდებთ შეუერთდეთ სირიელ ლტოლვილთათვის ლოცვას… შობა ახლოვდება… ადამიანები საახალწლო ბაზრობებზე საჩუქრებს არჩევენ… ნუ იქნები ჩუმად, გამოუცხადე სოლიდარობა მას, ვისთვისაც ახლა ყველაზე დიდი საჩუქარი სიცოცხლეა…

ნუ იქნები ჩუმად!…

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...