მსახიობმა ჯეიმს კევიზელმა ტვინის სიმსივნიანი ბავშვები იშვილა

0 138

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეიმს კევიზელი, რომელიც მელ გიფსონის ქრისტეს ვნებანში იესო ქრისტეს როლს ასრულებდა და მისი მეუღლე ქერი 2 ნაშვილები ბავშვის მშობლები არიან, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათი შვილები ტვინის სიმსივნით არიან დაავადებულნი და რამოდენიმე წლის წინ, მათი აყვანისას, წყვილი ეძებდა ბავშვს სწორედ ასეთი სერიოზული პრობლემებით.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჯეიმსის მეგობარმა, რომელიც ცნობილია აბორტის საწინააღმდეგო გამოსვლებით, უთხრა მსახიობს: „ თუ შენ გამოდიხარ სიცოცხლის მხარდასაჭერად, თუ გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ, იცი რა? იშვილე ბავშვი, მაგრამ არა ნებისმიერი, არამედ სერიოზული დეფექტით – ნაკლოვანებით (სერიოზული პრობლემებით)“.

მსახიობი იხსენებს, რომ თავდაპირველად თავზარდაცემული იყო მეგობრის შემოთავაზებით, მაგრამ გულის სიღრმეში მან იცოდა, რომ ღმერთი მისგან სწორედ ამას ელოდებოდა. ასეთი გამოწვევის შემდეგ, ცოლ-ქმარი ჩინეთში გაემგზავრა, რათა იქ მოეძებნათ უნარშეზღუდული ბავშვი.

კევიზელების მიერ აყვანილი პირველი ბავშვი ჩინელი ბიჭუნაა სახელად ბო, რომელიც ახალდაბადებული მატარებელში მიტოვებული იპოვეს და 5 წლის ასაკამდე იზრდებოდა ობოლთა თავშესაფარში. ბავშვს თავზე ტვინის სიმსივნე შეუიარაღებელი თვალით ეტყობოდა.

„მე შევხედე მას თვალებში და – ვიცი, რომ ეს სენტიმენტალურ სისულელედ ჟღერს, მაგრამ მართალს ვამბობ – გავიგონე გულში, როგორ მევედრებოდა ბავშვი: „შემიყვარებ?“ – იხსენებს მსახიობი.

მოგვიანებით, ჯეიმსმა და ქერიმ ჯანმრთელი გოგონას აყვანა გადაწყვიტეს. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, წყვილმა გაიცნო 5 წლის გოგო, ისიც ტვინის სიმსივნით. მათ იცოდნენ, რომ, ამ საწყალი ბავშვისგან განსხვავებით, ჯანმრთელი ბავშვი უპრობლემოდ იპოვნიდა ოჯახს და გადაწყვიტეს მისი აყვანა.

ბოს და მის დას ლელეს უკვე რამოდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. განკურნებისთვის განსაკუთრებით რთული ბოს სიმსივნე აღმოჩნდა. დღეს ის 13 წლისაა, 2011 წელს კი მან ჰიმნასტიკურ კონკურსში ჯილდო მოიპოვა. ბო ამბობს, რომ მისი მომდევნო მიზანია გახდეს პოლიციელი, მეხანძრე და რა თქმა უნდა მამა. მისი და ლელე კი პატარა ბალერინა გახდა.

„ერთხელ ჩემი პატარა გოგონა კალთაში ჩამიხტა, ხელი სახეზე დამადო და ყურში ჩამჩურჩულა: ‘მამი, მე ისე ძალიან მიყვარხარ!’ ეს გულის ყველაზე სათუთ და ღრმა გრძნობებს ეხება“ – ამბობს ჯეიმს კევეზელი.

კევიზელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოუტანა მას დიდი კურთხევები და ცოლ-ქმარი დღეს ისეთი ბედნიერია, ვერც კი წარმოედგინათ, რომ იქნებოდნენ.

ჯეიმსმა ახსნა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების წინ, ის განიცდიდა ხოლმე დიდ შიშს და აღმოაჩენდა, რომ საჭიროებდა ღმერთზე მინდობას რწმენის მეშვეობით. ესეც ის მომენტი იყო, როდესაც ჯეიმსს რწმენის ნაბიჯი უნდა გადაედგა და მას არც უნანია. წყვილმა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დიდი შიში განიცადა, ბავშვების აყვანის შემდეგ განუზომლად მეტი სიხარული და კურთხევა მიიღო ქრისტეს ნების აღსრულებით.

„ჩვენ ავირჩიეთ ურთულესი გზა. სწორედ ეს არის ჩემთვის რწმენა. რწმენა მოქმედებაა. როგორც სამარიტელის შემთხვევაში იყო“  – ამბობს მსახიობი და ამატებს, რომ ამით მას არა ყურადღების მიპყრობა, არამედ სხვების შთაგონება და გამხნევება სურს.

ჩატვირთვა...