მე ქალი ვარ! ანუ არა ძალადობას!

0 107

zaladobaმე ქალი ვარ, ქვეყნიდან საქართველო. მე ქართველი ვარ და მაშასადამე ვარ ევროპელიც. ეს ასოცირება – პარაფირების ხელშეკრულებით, თორემ ევროპული ფასადის მიღმა, ტიპიური, აზიური მენტალიტეტი იმალება.

საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანული მორალი ცალსახად გმობს ყოველგვარ ძალადობასა და ჩაგვრას, თუმცა ბოლო ერთი წლის საგანგაშო სტატისტიკა მაფიქრებინებს, რომ დღეს საქართველოში ქრისტიანობა ნომინალურია და აკლია ანალიზი, ჩაღრმავება და გათავისება იმისა, რისიც გვწამს.

დასაწყისში ჩემს სქესს შეგნებულად გავუსვი ხაზი. დიახ, მე სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ და დღეს მინდა ვუთხრა არა ძალადობას ქალებზე!

არ ვიცი, ვის როგორ ესმის „სუსტი სქესი“. ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „სუსტი“ ადვილად დასაჩაგრს გულისხმობს.

ასეთებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სქესი ძლიერი გამოვლინებებით და შორს წაგვიყვანს ისეთი ქალების ჩამოთვლა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია; მორალი გვასწავლის, რომ სუსტს უნდა მოვუფრთხილდეთ, დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ, თუმცა ყოველდღიური რეალობა ქალთა ძალადობის შესახებ საგანგაშოა. ბოლო ერთი წელია ძალადობა ხშირად მთავრდება ფატალური შედეგით და ყოფილი თუ მოქმედი ქმრები გაუგონარი ინტენსივობით კლავენ ცოლებს ან ყოფილ ცოლებს.

ყოველი მომდევნო დანაშაული საზოგადოების განსჯის საგნად იქცევა და საფუძვლიანი (ვინ? ვის? როგორ? რატომ?) განხილვის შემდეგ დავიწყებას ეძლევა. ზოგს ეცოდება, ზოგი მკვლელს ამართლებს (!), ასეთი კომენტარებიც მსმენია: „გამოიყვანა ალბათ წყობიდან ადამიანი და…“ ან „არც ის იქნებოდა წმინდა წყლის დამლევი…“ ყველაფერ ამას რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, რაღაც საყოველთაო ფსიქოპატია დაგვემართა. როცა გვშია ქუჩაში გავდივართ, როცა მთავრობა არ მოგვწონს კარვების ქალაქს ვშლით, როცა ლგბტ საზოგადოება ფლეშმობს აწყობს, ერი და ბერი მობილიზებულად ვუტეხთ თავს (ვისაც რითი შეგვიძლია), მაგრამ როცა ქვეყანაში ქალებზე ძალადობა და მათი მკვლელობები პიკს აღწევს, ეს ჩვენ არ გვეხება.

მტკივნეული თემაა სელექციური აბორტები. უამრავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იკვლება ჩანასახშივე მხოლოდ იმიტომ, რომ ამაყ, ქართველ მამას იმედი გაუცრუა მისმა სქესმა. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და ის, რაც ითესება, იმკება კიდეც. მიმდინარე წელს გამოქვეყნდა დემოგრაფიული სტატისტიკა (ასევე საგანგაშო), რაც ნათლად მიუთითებს, რომ 2050 წლისთვის (თუ ასე გაგრძელდა) ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან გოგონებს, რომელთაც ოჯახები უნდა შეექმნათ და რეპროდუქტიულები გამხდარიყვნენ, დაბადებამდე გამოუტანეს განაჩენი.

ამით არ მთავრდება ქალებზე ძალადობის თემა, ის მრავალმხრივია და შორს წაგვიყვანს მისი დეტალურად განხილვა. ის რაც დღეს ხდება მიზეზ-შედეგობრივია და ეს მიზეზი საზოგადოების მსოფლმხედველობაში, აღზრდასა და ბავშვთან მიდგომაში, განათლებასა და რელიგიაში უნდა ვეძებოთ.

ჩვენ, საზოგადოება ვართ დამნაშავე, რომ არ გვაქვს ერთიანი მკაცრი მიდგომა ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსწონს კანონპროექტი ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ, გარკვეულ ნაწილს არა. არათუ ვგმობთ, რიგ შემთხვევებში ვამართლებთ კიდეც ქალზე ძალადობას. თუ არ დავიწყეთ საუბარი იმ პრობლემებზე და არ ვეძებეთ მისი გადაჭრის გზები, კატასტროფამდე მივალთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევცვალოთ საქართველოს ცხოვრება. პირველ რიგში ვუთხრათ არა ძალადობას! არა ჩაგვრას! არა კვლას!

P.S და ბოლოს ძვირფასო მამაკაცებო, ხშირად შეხედეთ „ქართლის დედას“, გაიხსენეთ მანდილის ძალა, გახსოვდეთ საქართველოს ისტორია, რომელიც გმირ ქალებზე, გმირ დედებზე დგას. ისინი უშობდნენ და უზრდიდნენ ერთგულ და ვაჟკაც მეომრებს იმ ქვეყანას, რომელშიც მათი თავგანწირვის შედეგად დღეს თქვენ დააბიჯებთ. სუფრასთან ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს მანდილოსნებზე სჯობს გიყვარდეთ და დააფასოთ ისინი, რადგან ეს ის ქალები არიან, რომლებიც ალამაზებენ სამყაროს თქვენს ირგვლივ!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...