მერიემ იბრაჰიმი: „ბიბლიას საიდუმლოდ ვკითხულობდი სიკვდილმისჯილთა საკანში“

0 241

სუდანელი ქრისტიანი ქალი, მერიემ იბრაჰიმი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 2014 წელს ამერიკელ ქრისტიანზე გათხოვების გამო, პატიმრობაში გატარებულ დღეებს იხსენებს. ის ამბობს, ღამღამობით როგორ კითხულობდა ბიბლიას, რომელსაც მისი საიმედო მუსლიმანი მეგობარი საგულდაგულოდ მალავდა ციხის ადმინისტრაციისგან. იბრაჰიმი 2014 წლის ივნისში გაათავისუფლეს და ის ახლა ვირჯინიაში ცხოვრობს.

2014 წელს მირიამს მათრახის 100 დარტყმა და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს ქორწინების გარეშე კავშირისა და ისლამზე უარის თქმის გამო. სინამდვილეში კი იგი დაქორწინებული იყო ქრისტიან ამერიკელზე, მაგრამ შარიათის სასამართლომ მათი ქორწინება არ ცნო.

გასამართლებული მირიამი წლინახევრის შვილთან ერთად, რომელიც ამერიკის მოქალაქე გახლდათ, განაჩენის აღსრულებამდე ომდურმანის ქალთა ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში მოათავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ მერიემის დედა ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახლდათ და ქორწინების მოწმობაშიც მითითებული იყო, რომ ის ქრისტიანია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ქალის მამა ისლამის მიმდევარი იყო, ისიც მუსლიმანია, და შესაბამისად, რჯულისგან განდგომილია. ბრალდებულს რამდენიმე დღის ვადა მისცეს იმისათვის, რომ ქრისტიანობაზე უარი ეთქვა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

დღეს უკვე თავისუფალი მერიემი პატიმრობის დღეებს იხსენებს: „ღამღამობით შემეძლო ბიბლიის კითხვა, რომელსაც ჩემთვის ერთი მუსლიმანი ქალი მალავდა. ერთხელ მე მას ვუთხარი: ‘ეს ბიბლიაა და მე მასში დაწერილის მწამს, ამიტომაც ვიმყოფები ციხეში.’ როგორც ჩანს, ამან მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის ქრისტიანი გახდა და ქრისტიანული ოჯახი შექმნა…“

მერიემს დღესაც აქვს კონტაქტი ეთიოპიელ, ახლა უკვე ქრისტიან მეგობარ ქალთან, რომელიც მისთვის ბიბლიას მალავდა.

მერიემი დღეს ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვის კუთხით მოღვაწეობს. მან ასევე საქველმოქმედო ფონდიც დააარსა.

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...