მაცხოვრის სამარხად ქცეული გულები

0 169

მოგესალმებით, თქვენ ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში იმყოფებით, ფეხზე ნუ გაიხდით, მობრძანდით, თქვენი ნაფეხურები ნამდვილად არ დაემჩნევა სხვისი ჩექმით მოთხვრილ მიწას.

გაგიმართლათ, რომ ამ პერიოდში მოხვდით ჩვენთან, ახლა აქ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. მერე რა, თუ სიბნელე მეტია, ვიდრე ეს ბრწყინვალება, უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ.

ახლა ისე ახსოვს ხალხს ღმერთი, როგორც წელიწადის არც ერთ სხვა დროს, ამას მათი საუბრით თუ არა, სოციალურ ქსელებში დაწერილი ფრაზებით მაინც მიხვდებით, მთელი რუდუნებით აზიარებენ წითელი კვერცხებისა და პასკის ფოტოს, მეტიც, ისინი არც უფლის სადიდებელ კომენტარებს იშურებენ. მრავლად შეხვდებით დავას მართლწერაზეც, „აღდგა“ თუ „აღსდგა.“ ხომ ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს დღე.

ადამიანები მზად არიან, მთელი ერთი კვირით ახსოვდეთ უფალი და მორწმუნეთა შესახედაობა ჰქონდეთ. ალბათ ამიტომ ეწოდება ამ პერიოდს მძიმე კვირა, ადვილი ხომ არაა ასეთი სწრაფი გარდაქმნა.

ნამდვილად კარგია, რომ აქ უფლისადმი მოწიწებისა და მოკრძალების სეზონზე იმყოფებით, ერთ კვირაში ყველა სიყვარულის დღეზე ისაუბრებს, განრიგში მრავალი სხვა დღესასწაულიცაა და ქრისტეს სახელიც იშვიათად გაიჟღერებს, მაგრამ ეს ხომ არაფერს ცვლის. უნდა მოისმინოთ, როგორ ამბობენ ჩვენთან უფლის სადღეგრძელოს და ღვთიური სასმლით გაბრუებულნი როგორი ენთუზიაზმით ყვებიან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანობის ამბავს.

სხვებთან თავის მოწონება გვჩვევია ქართველებს, თუმცა რამდენიც არ უნდა გესაუბროთ აღდგომაზე, თავადაც ხომ ხედავთ დაუმარცხებელ სიკვდილს…

თავადაც ხომ ხედავთ უამრავ გულს, რომელიც მაცხოვრის სამარხად ქცეულა, თუმცა იმ რეალური ამბისგან განსხვავებით, ლოდი კვლავ ადევს სამარხის კარს და მცველებიც ყურადღებით დარაჯობენ.

დიდი ხანია ღამეა…

დიდი ხანია შეშინებული და დაფანტულია ერი.
მაგრამ მჯერა, რომ მალე მზე ამოვა, მოვლენ მენელსაცხებლე ქალები და ლოდს გადაგორებულს ნახავენ, რომ მთელი ქვეყანა მოისმენს ანგელოზის ხმას: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“

მჯერა, რომ გზაში შემოხვდება აღმდგარი უფალი მის მაძიებლებს, რომ არც დაეჭვებულთ დაივიწყებს – მოვა თომასთან იესო და აჩვენებს ხელებს.

მწამს, რომ ყველას გულში არსებულ სამარხს ქრისტეს დიდების ტახტი შეცვლის, რომ ყველა ერთად ვიხილავთ მის ამაღლებას.

ძვირფასო სტუმარო, მჯერა, ჩვენთანაც დადგება მესამე დღე, ადამიანები მთელი გულით, მთელი რწმენითა და მთელი შეგნებით იტყვიან: „ქრისტე აღდგა!“ და პასუხად მოისმენენ: „ჭეშმარიტად!“

 

თეონა მენაბდიშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...