მამა, რომელიც შვილის გადარჩენისთვის დაიჭირეს

1 328

ეს ამბავი 2014 წლის გაზაფხულზე, ტეხასში მოხდა… ჯორჯ II პიკერინგს საავადმყოფოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი 27 წლის ვაჟი, ჯორჯ პიკერინგ III, რომელიც ინსულტის გამო კომაში იმყოფებოდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ. კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ტვინი უკვე მკვდარი იყო და მისი სიცოცხლის ხელოვნურ გახანგრძლივებას აზრი აღარ ჰქონდა. ექიმებს ოჯახთან მოლაპარაკება სურდათ ჯანმრთელი ორგანოების დონაციის თაობაზე.

ჯორჯ II პიკერინგს არაფერი ესმოდა, ბღაოდა და ექიმებს ევედრებოდა, არ მოეკლათ მისი შვილი, თუმცა სამედიცინო კომისია კატეგორიულად იყო დარწმუნებული თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. განადგურებულმა მამამ, ქურთუკის ქვეშ იარაღი დამალა და კლინიკაში საკუთარი შვილის გადასარჩენად მივიდა. მას ღრმად სწამდა, რომ მისი ვაჟი ცოცხალი იყო.

რეანიმაციულ განყოფილებაში მას დაუდასტურეს, რომ სამედიცინო კომისია იმავე დღეს აპირებდა უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის აპარატიდან გათიშვას. სასოწარკვეთილი მამა პისტოლეტით დაემუქრა ექიმებს და უთხრა, რომ ყველას დახოცავდა, ვინც აპარატს შეეხებოდა. ფაქტობრივად, ჯორჯმა საკუთარი მომაკვდავი ვაჟი „მძევლად“ აიყვანა და მის დასაცავად პალატაში ჩაიკეტა. ეს ალბათ ყველაზე უცნაური მძევალი იყო ისტორიაში.

ჯორჯ პიკერინგ უფროსი მომაკვდავ შვილთან მარტოდმარტო დარჩა. ის პისტოლეტმომარჯვებული იდგა შვილის საწოლთან და მის ხელს ჩაფრენილი გულმხურვალედ ლოცულობდა. იმ წუთიდან დაიწყო სპეცოპერაცია მამის ასაყვანად, რომელსაც საკუთარი შვილის სიკვდილის აღიარება არ სურდა. სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა საავადმყოფოს. „იარაღი დადე და დაგვნებდი!“ – ესმოდა ჯორჯს მათი ყვირილი.

ის კი უფრო გამეტებით უჭერდა შვილს ხელს და განუწყვეტლივ ჩასძახოდა: „მომიჭირე ხელი, გთხოვ, ხელი მომიჭირე! … სპეცრაზმი უკვე კლინიკაში შეჭრას გეგმავდა, როცა მამამ შვილის ხელის მოძრაობა შეიგრძნო. თხოვნა შიშით გაუმეორა, რადგან ეგონა ეჩვენებოდა და ჯორჯ უმცროსმაც ისევ მოუჭირა ხელი, მერე კიდევ და კიდევ…

ჯორჯ პიკერინგ უფროსმა იარაღი დადო და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა.
„ოთხჯერ მომიჭირა ხელი, ოთხჯერ! დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო!“ – იმეორებდა ჯორჯი, რომელსაც ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ სწორად მოიქცა…

ჯორჯ პიკერინგ უმცროსი იმავე საღამოს გამოვიდა კომიდან, თვალები გაახილა, საწოლთან მდგარ თვალცრემლიან დედას შეხედა და უთხრა : „მიყვარხარ!“ ოთხსაათიანი ალყის შემდეგ შეუპოვარ მამას პატიმრობა მიუსაჯეს.

მან თითქმის ერთი წელი გაატარა პატიმრობაში, საკუთარი შვილის გადარჩენის „ბრალდებით“, თუმცა, მოგვიანებით, განაჩენი შეუმსუბუქეს და 2015 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ჯორჯ უფროსი შობას საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდა.

„მან, კანონი დაარღვია, მაგრამ ის ჩემი სიყვარულის გამო მოიქცა ასე და რომ არა ეს დიდი სიყვარული, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი“, – იხსენებს უმცროსი პიკერინგი, რომელიც დღეს სრულიად ჯანმრთელია.

წყარო

ჩატვირთვა...