„თქვენ ვერ ეღირსებით ჩემს სიძულვილს!“ − ცნობილი მწერალი ცოლის მკვლელებს პატიობს

0 127

2015 წლის 13 ნოემბერს, საღამოს, სახლში წიგნს კითხულობდა, ჰელენი კი ჯერ არ დაბრუნებულიყო „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზიდან. მაშინ, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, ჯერ არაფერი იცოდა პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ…

მერე იყო დამღლელი სიარული ერთი საავადმყოფოდან მეორეში მეუღლის საძებრად… მან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიაკვლია ჰელენის ცხედარს მორგში… „და მე მივხვდი, რომ იმ წუთიდან აღარ ვიყავი მეუღლე, არამედ მამა ბავშვისა, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს…“ – იხსენებს ანტუანი.

ერთი წლის შემდეგ, ანტუან ლერეისმა, მეუღლეს და იმ ტრაგიკულ დღეებს წიგნი მიუძღვნა, სახელწოდებით – „თქვენ ვერ ეღირსებით ჩემს სიძულვილს!“

წიგნს საფუძვლად დაედო ემოციური მიმართვა, რომელიც მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„პარასკევს საღამოს თქვენ მოიპარეთ გამორჩეული ადამიანის, ჩემი ცხოვრების სიყვარულისა და ჩემი ვაჟის დედის სიცოცხლე, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგიძულოთ.  არ ვიცი, ვინ ხართ და არც მინდა ვიცოდე. თქვენ მკვდარი სულები ხართ. ყოველი ტყვია, რომელიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის გამოც ბრმად ხოცავთ ადამიანებს.

ამრიგად, თქვენ ჩემგან ვერ მიიღებთ საჩუქრად სიძულვილს, რადგან სწორედ ამას ცდილობთ… ცდილობთ, ჩვენში სიძულვილისა და ზიზღის გაჩენით, თქვენნაირებად გვაქციოთ. თქვენ გსურდათ შემშინებოდა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის უნდობლად შემეხედა, უსაფრთხოებისთვის შემეწირა თავისუფლება… თქვენ დამარცხდით!

რამდენიმე დღისა და ღამის ლოდინის შემდეგ მე ის ამ დილას ვნახე… ის ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც პარასკევს საღამოს, ისეთივე ლამაზი, როგორც თითქმის 12 წლის წინ, როდესაც თავდავიწყებით შემიყვარდა. რა თქმა უნდა, ახლა საშინლად მტკივა და ეს თქვენი პატარა გამარჯვებაა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ვიცი, ის ჩემთან იქნება ყოველდღე და ჩვენ ერთად ვიქნებით თავისუფალი სულების სამოთხეში…

ახლა ჩვენ ორნი ვართ − მე და ჩემი შვილი, მაგრამ უფრო ძლიერნი, ვიდრე მთელი მსოფლიოს არმიები ერთად. თქვენთვის მეტი დრო არ მაქვს, მელვილს უნდა მივხედო, რომელიც ახლა იღვიძებს. ის 17 თვისაა. ისაუზმებს, მერე ერთად ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. იცოდეთ, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ეს ბიჭი თავისი ბედნიერებითა და თავისუფლებით გაგაწამებთ, რადგან თქვენ ვერც მის სიძულვილს ეღირსებით!…“ – წერდა წერილში ანტუანი…

საფრანგეთის მოსახლეობა პარიზის ტერაქტებს იხსენებს. დედაქალაქში მომხდარი საზარელი ტერაქტებიდან ერთი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ნოემბრის ღამით, პარიზში, აფეთქებები სამ სხვადასხვა ადგილზე − სტადიონთან, რესტორანსა და საკონცერტო დარბაზთან − მოხდა. ტერორისტულ აქტს 153 ადამიანი ემსხვერპლა. საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანში“ მომხდარ აფეთქებას ათეულობით ადამიანთან ერთად ემსხვერპლა ჰელენ ლეირისიც.

წყარო: http://www.npr.org/

 

ჩატვირთვა...