თანასწორობის პრინციპი (თანამედროვე ქრისტიანების ახალი პრობლემები)

0 101

(2 კორინთელთა 8:8-15)

8) ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ რათა სხვათა სიბეჯითით გამოვცადო თქვენი სიყვარულის სიწრფელეც.
9) ვინაიდან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
10) ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება რაც შარშან წამოიწყეთ და ხალისითაც.
11) ახლა კი დაასრულეთ კიდეც საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ.
12) ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
13) არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის.
14) ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ იყოს თანასწორობა.
15) როგორც სწერია: `ვინც ბევრი აკრიფა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არ აკლდა. 

ყურადღება მივაქციოთ 13 – 14 მუხლებში სიტყვას „თანასწორობა“.

ის გამოყოფილია ტექსტის ორივე ნაწილში, რათა არ გამოვტოვოთ. აუცილებელია განვიხილოთ კონტექსტუალურად პავლე მოციქულის მითითებებთან მიმართებაში, როცა ის შესაწირავებს აწყობდა ბერძნულ ტაძრებში ღარიბი იუდეველი ქრისტიანებისთვის. მოციქული არწმუნებს მათ, რომ მისი სწავლება ბრძანება არ არის, არამედ მათი სიყვარულის გამოცდაა და სურს, ამ სიყვარულში გულწრფელობა დაინახოს. (მუხლი 8) ამიტომაც ძღვენი ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ისე არ გავიგოთ, რომ ის საჭირო არ არის (რადგან ვალდებულნი არიან, უნაწილონ თავიანთ გაჭირვებულ და-ძმებს ქრისტეში), არამედ ეს უნდა აკეთონ გაცნობიერებულად და ძალდატანების გარეშე (როგორც მორჩილება კი არა, არამედ სიყვარულის გამოხატვა ღარიბების მიმართ).

ამ სიტყვებს პავლე მოციქული ქრისტესთან, მის მადლთან მიჰყავს. (მუხლი 9) იგი ორჯერ ლაპარაკობს სიმდიდრესა და სიღატაკეზე. ქრისტე მდიდარი იყო, მაგრამ გაღატაკდა. ეს არ იყო აზრსმოკლებული ასკეტიზმის აქტი. აქ წერია: „თქვენ გამო…რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.“ ჩვენი სიღარიბის გამო იესომ უარი თქვა საკუთარ სიმდიდრეზე, რომ გავმდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. ეს უარყოფა მიმართული იყო განსაზღვრული თანასწორობისკენ. მას სურდა ჩვენი გამდიდრება. მისი გადაწყვეტილება, რომ თავად გაღარიბებულიყო, გამოხატავდა მადლს (მუხლი 9) და პასუხად, ჩვენს სიყვარულს ელოდა. (მუხლი 8) მადლი თავისუფალი და და დაუმსახურებელი სიყვარულია.

პავლე მოციქული მათ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას აძლევს, თუ როგორ გამოხატონ სიყვარული. მათ უნდა დაესრულებინათ ის, რისი კეთებაც წამოიწყეს, რადგან სურვილი და ქმედება მათი მნიშვნელობებისდა მიხედვით ერთად უნდა მიაბიჯებდეს. (მუხლი 10-12)

ქრისტიანული ძღვენი – პროპორციულია, უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც თითოეულს აბადია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აქ შესაძლოა სურვილის ასპექტიც იყოს. პავლე მოციქულს  არ უნდა, რომ ისინი, აკმაყოფილებდნენ რა სხვათა სათხოვრებს, თავად საჭიროებდნენ შემდგომ დახმარებას. ეს გამოდის უბრალო სიტუაციის გაცვლა, როდესაც ერთი პრობლემის გადაჭრას მეორეს აღმოცენება მოჰყვება. არა, პავლეს სურვილია – თანასწორობა. (მუხლი 13) ის სიუხვეს გაჭირვებასთან გვერდით აყენებს და შემდეგ შეწყობისკენ მოუხმობს, ანუ ერთის ნამეტმა შეავსოს მეორეს ნაკლულება. (მუხლი 14) ის ორჯერ არმბობს, რომ ეს აუცილებელია „ისოტესის“ აღსადგენად, რომელიც ბერძნული ენიდან „თანასწორობას“ ნიშნავს. ასევე „სამართლიანობას“ და „მართლმსაჯულებას“. და ბოლოს, ძველი აღთქმიდან ის მოიხმობს ციტატას მანანას შესახებ. დიდი ოჯახები კრეფდნენ ბევრს, მაგრამ არა იმდენს, რომ შემდეგ მორჩენილიყო. პატარა ოჯახები კი კრეფდნენ ცოტას, იმდენს, რამდენიც ეყოფოდათ. ყველა ოჯახს ჰქონდა საკმარისი, რადგან ისინი არ იყვნენ გაუმაძღარნი, არამედ კრეფდნენ იმდენს, რამდენსაც საჭიროებდნენ.

ნება მიბოძეთ შევაჯამო ეს მითითებები:

  • ღმერთი საკმარისად აკმაყოფილებს ადამიანის ყველა მოთხოვნილებას (მზის, წვიმის, მიწის, ჰაერის, წყლის მოთხოვნილებებს);
  • სიუხვესა და საჭიროებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის დიდი განსხვავება არ არის მისთვის მისაღები;
  • როდესაც წარმოიშვება არათანაშეზომილი სიტუაცია, ის უნდა გაწონასწორდეს „თანასწორობისა და სამართლიანობის“ შესანარჩუნებლად;
  • ქრისტიანის მოტივაცია უნდა იყოს „მადლი“, „სიყვარულის გამოხატვა“, როგორც იესოს მაგალითშია, – ოდესღაც მდიდარი, გახდა ღატაკი, რომ მისი სიღატაკით გავმდიდრებულიყავით;
  • ჩვენ უნდა მივსდიოთ ქრისტეს მაგალითს და ამგვარად დავამტკიცოთ სიყვარულის სიწრფელე.

ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ „თანასწორობა“, რომელსაც უფრო შედარებითი ხასიათი აქვს, ვიდრე აბსოლუტური. პავლე მოციქული არ გვირჩევს საერთო „გათანაბრებას“, რომლის მიხედვითაც ყველა პრაქტიკულად ერთნაირი  ხდება, თანაბარ შემოსავალს ღებულობს, ერთნაირ სახლში ცხოვრობს მსგავსი ავეჯით, ერთნაირ ტანსაცმელს იცვამს და ცხოვრების ერთ სტილს მისდევს. არა, რადგან ცოცხალი ღმერთი მრავალფეროვნების უფალია, და არა უღიმღამო ერთფეროვნების.

ჭეშმარიტად, მან თანასწორნი გაგვხადა ღირსებასა და ფასეულობაში (რადგანაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მის სიცოცხლეს და მისი მსგავსნი ვართ). ნამდვილად, ის აკურთხებს მთელ კაცობრიობას გამონაკლისის გარეშე მზითა და წვიმით. (მათეს სახარება 5:45), მაგრამ მან არ შეგვქმნა ჩვენ ერთნაირი უნარებით. პირიქით, ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან – ინტელექტუალურად (სხვადასხვა ინტელექტუალური დონე გვაქვს), ფსიქოლოგიურად (განსხვავებული ტემპერამენტი გვაქვს) და ფიზიკურად (ერთნი ძლიერები არიან, მეორენი კი – სუსტები). ხოლო ახალი ქმნილება ათანაბრებს ამ განსხვავებას, რადგან  „ჩვენ ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში“(გალატელთა მიმართ 3:28), ღმერთს თანასწორი შვილები, გამართლებულები მისი მადლით რწმენის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ მივიღეთ სულიწმიდა, რომელიც ჩვენში მკვიდრობს, ქრისტე თითოეულს სხვადასხვა სულიერ ნაყოფს აძლევს და მათი ფასიც განსხვავდება ეკლესიის შენების საქმეში აუცილებლობის მიხედვით.

ჯონ სტოტი „თანამედროვე ქრისტიანების ახალი პრობლემები“

ჯონ სტოტი – მსოფლიოში ბიბლიის ცნობილი  მასწავლებელი, ლექტორი და მწერალი, პატივდებული ხუცესი, თანამედროვე ქრისტიანობის ლონდონის ინსტიტუტის პრეზიდენტი.

თარგმანი: ქეთევან რამიშვილი

ჩატვირთვა...