თანამედროვე მარიტა, სექსიზმი და ნომინალური ქრისტიანობა

0 93

გასული კვირა საზოგადოებისთვის ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა: ოლიმპიური ციებ-ცხელებით, დენის ახალი ტარიფითა და 90-იანების „ნოსტალგიით“, მავანისთვის „გაურკვეველი იბიარდითა“ და აშკარად სექსისტური განცხადებებით პარლამენტის ტრიბუნიდან, გადმოწეული საზღვრებით და „იმედის კვირის“ არადამაიმედებელი რეპორტაჟით გოგონაზე, რომლის ამბავსაც ახლა მთელი საქართველო სოციალურ ქსელებში განიხილავს. ეს მას შემდეგ, რაც სოფლის თავყრილობაზე უკვე განიხილეს მეზობლებმა და, როგორც თავად მიიჩნევენ, ნებისმიერ ექსპერტზე უფრო კომპეტენტური დასკვნებიც „გამოიტანეს“.

რაღაცნაირად, თავისთავად მახსენდება ვირზე მჯდომი, ტალახიანი მარიტა და ის „სინაცრისფრე“, რომელიც ჩემს მეხსიერებას ამ ფილმის მოგონებად შემორჩა. ახლაც იგივე განცდა მაქვს…
მიუხედავად ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისა, ქალებზე ძალადობის თემა აქტუალობას არ კარგავს. სამწუხაროდ, გარკვეულ შეთანხმებებზე თანამდებობის პირთა ხელმოწერა მენტალობას არ ცვლის და არც განათლების დონეს სწევს მაღლა.

ცხოვრება რაღაცით ბაზარს ჰგავს, მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით, და რომ არა სეირის მაყურებელთა ესოდენ დიდი რიცხვი და ქვის სასროლად გამზადებულ ადამიანთა მზადყოფნა, ერთხმად დაიგმობოდა ძალადობა, თუმცა ჩვენი საზოგადოება სელექტიური აბორტების არსებობით, არასრულწლოვნების დაოჯახებისთვის ხელშეწყობით და ქალისადმი იმის მიუტევებლობით, რასაც კაცს უწონებს, ცხადად გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული ღირებულებანი მისთვის მხოლოდ კისერზე ჩამოკიდებულ ჯვართან ასოცირდება.

ნომინალიზმმა ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს საზოგადოებაში და ეს ის ტერმინია, რომელიც ყველა დენომინაციას თანაბრად ეხება. რა არის ნომინალიზმი? ლექსიკონზე უკეთ ამას ქართული რეალობა გვიჩვენებს.
ნომინალიზმია, როცა ვამბობთ, რომ უნდა გვიყვარდეს და შევაგონებდეთ ცოდვილებს და ამ სიყვარულს, რატომღაც, ტაბურეტით გამოვხატავთ.

ნომინალიზმია, როცა პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, როგორც ლამის დნმ-ში კოდირებულ რელიგიაზე და ისევ „მარიტების ქვეყანაში“ ვცხოვრობთ და თავად ტალახიანები ისევ თამამად ვისვრით ტალახს.
ნომინალიზმია, როცა ყოველ კვირას მეათედს ვიძლევით და მერე „ვალმოხდილნი“ სხვისი განსჯის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს.

ნომინალიზმია, როცა ვამბობთ, რომ ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა და მარაოს გამოყენების გამო ადამიანს ტაძრიდან აძევებენ.

ნომინალიზმია, როცა მარხვა დიეტის საუკეთესო (მოტივირებული) ფორმაა და ისიც ნომინალიზმის ფესვგადგმულობაზე მეტყველებს, სამარხვო ძეხვის, კარაქისა თუ ნამცხვრის ფართო ასორტიმენტს რომ გვთავაზობენ მომწოდებლები.

ნომინალიზმია, როცა ადამიანის ჩაცმის სტილი ეკლესიასა და მის გარეთ ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ერთი ცნობილი „მედავითნის“ წარსული და მისი ახლანდელი გარეგნობა.

ნომინალიზმია, როცა ჩვენი ღირებულებანი შინაარსს კარგავს და მხოლოდ სიმბოლოებსა და რიტუალებში გამოიხატება; როცა ორასკაციან სუფრას ვშლით (ბანკიდან აღებული კრედიტით) ბავშვის ნათლობაზე და მერე სიცილით ვასწავლით ცხრასართულიან გინებას, მოგვიანებით კი სმასაც (ფეხის არევამდე), როგორც ვაჟკაცობის გამოვლინებას.

ნომინალიზმია, როცა „ჯვრისწერა“ უბრალოდ საქორწინო ლხინის შემადგენელი ნაწილია (და არა პირიქით). ალბათ ამიტომაც ხშირად ავიწყდებათ დადებული პირობა და პრინციც, თავისი ცხენიანად, უკვალოდ ქრება. უარეს შემთხვევაში კი ვდგებით ისეთი მძიმე სიტუაციების წინაშე, როგორებზეც ზემოთ ვისაუბრეთ ან კიდევ უარესი − საბედისწერო შედეგამდე მივდივართ…

კიდევ ბევრი რამაა ნომინალიზმი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის შინაარსს უკარგავს ჩვენს ცხოვრებას და ძალას აცლის ქრისტიანობას. ნომინალიზმი საშიში მოვლენაა, რადგან ის არა მარტო „ამართლებს“ სიყალბეს, არამედ გვაფიქრებინებს, რომ ვინაიდან ჩვენ ასე „ერთგულად“ ვიცავთ რიტუალებსა თუ ტრადიციებს, იმდენად კარგნი და კომპეტენტურნი ვართ, რომ შეგვიძლია სხვების ცხოვრების შემფასებლებადაც გამოვდგეთ და ეს მაშინ, როცა თავად ჩვენი ცხოვრება გამოშიგნულ, უშინაარსო, გარედან პრიალა, მოპირკეთებულ ფუტლარს დაემსგავსა.
იქნებ ვისწავლოთ შინაარსის ძებნა ფაქტების მიღმა და გარეგნულ მხარეზე მნიშვნელოვანი საკუთარი შინაგანი სამყაროს გამდიდრება აღმოჩნდეს. იქნებ მერე მაინც გახდეს მარიტა მხატვრული პერსონაჟი და ბრბო თავისი ტალახიანი ხელებით მხოლოდ კინოკადრებს შემორჩეს.

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...