ვილოცოთ უკრაინისთვის…

0 119

კიევში მიმდინარე მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ გამოვხატოთ ჩვენი შეხედულება და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. არ ვეცდებით გავაკეთოთ მოვლენების ქრონოლოგია, რადგან საკმაოდ ვრცელი მასალა დევს ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ არც პოლიტიკურ ასპექტს შევეხებით და არ დავიწყებთ მიზეზების კვლევასა და გამოსავლების ძიებას. უბრალოდ როგორც ქრისტიანებს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი და ზოგადად ეკლესია მსგავს სიტუაციებში.

ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მიუხედავად იმისა, როგორც ეკლესიის წევრებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მაინც გვეხება პოლიტიკა და მეტ–ნაკლებად ჩართულნი ვართ ამ პროცესში.

ჩვენს ქვეყანას არც თუ ისე შორეულ წარსულში ახსოვს რევოლუციაც, ომებიც და სხვა მძიმე მოვლენებიც. დღემდე, საქართველოს მოსახლეობა რჩება ერთ–ერთ ყველაზე პოლიტიკურად აქტიურ მოსახლეობად. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ქვეყანის განვითარების პროცესი, გარდამტეხ ფაზაშია.

როგორც ქრისტიანებს, ნებისმიერ, ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაშიც კი მთავარია სწორი პოზიცია გვეჭიროს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო იმით, რომ ბიბლია გვასწავლის დავემორჩილოთ იმ წესებს, დადგენილებებს და კანონებს რაც არსებობს ქვეყანაში „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის…“ (1 პეტრეს 2:13). აქედან გამომდინარე ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებს, გვაქვს სუვერენული უფლება ავირჩიოთ პრეზიდენტი და მთავრობა იმ საშუალებებით, რომელსაც ჩვენ კანონი გვაძლევს.

თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ისიც, რომ ყოველ უფლებას თან ვალდებულებაც მოყვება. ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ: “ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.” (რომაელ. 13:1). პავლე მოციქული რომაელთა წერილის მე – 13 თავში სწორედ ამაზე გვესაუბრება, რომ ჩვენ უნდა ვიქცეოდეთ ღირსეულად, ვემორჩილებოდეთ უნდა კანონს, რათა არ დავიტანჯოთ როგორც ბოროტმოქმედები და ამით არ შევურაცხყოთ უფლის სახელი. აქვე ვგებულობთ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის, რაც ბევრს არ მოსწონს. მაგრამ ფაქტია, ღმერთი აქ ამბობს, რომ ჩვენ უნდა პატივს ვცემდეთ და ვაღიარებდეთ არა უბრალოდ რომელიმე ადამიანს ხელისუფლებიდან, არამედ იმ ძალაუფლებას, რაც ამა თუ იმ პიროვნებას მიენიჭა კანონით.

ჩვენ გვწამს, რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა როგორ იქცევა და ცხოვრობს, თითოეული ჩვენგანი თავად აგებს პასუხს ღმერთის წინაშე. მოვა დრო და უფალი ღმერთი განიკითხავს ყველას, ყველა ხელმწიფეს, უბრალოსაც და ძალაუფლების მქონე ადამიანსაც.  ამიტომ ჩვენი ცოდვებისთვის პასუხისმგებელნი მხოლოდ ჩვენ ვართ და უნდა ვიკისროთ და ავასრულოთ ის ვალდებულებები, რაც ჩვენ პირადად გვეკისრება უფლისგან.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ თუ ხელისუფლება იმედს გვიცრუებს და განსაკუთრებით თუ ქვეყანაში რომელიმე კრიზისული საკითხი მწვავედ დადგა დღის წესრიგში, როდესაც უბრალოდ ვერ დარჩები აზრის გამოხატვის გარეშე? პასუხი ისევ და ისევ მარტივია: „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას“.

აქედან გამომდინარე ჩვენ გვწამს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის იმ ბერკეტების გამოყენება, რაც კანონით დაიშვება სულაც არ არის ცოდვა. ამიტომ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მიტინგზე გამოსვლა და პროტესტის გამომხატველი სხვადასხვაგვარი საშუალებების გამოყენება, რომელიც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია კონსტიტუციით, სრულიად დასაშვებია. აქ მთავარია ვიცოდეთ საზღვრები. ჩვენი ქმედებები არასოდეს არ უნდა იყოს პროვოკაციული და ბოროტების მომტანი. ქრისტიანს არ უნდა გააჩნდეს სიძულვილი სხვა ადამიანთა მიმართ, თუნდაც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით. ღმერთი გვასწავლის, რომ მათ პატივს ვცემდეთ. თუმცა მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე გამოსვლა არ არის ეკლესიური საქმიანობა, არამედ თითოეული ადამიანის პირადი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება.

ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. ქრისტემ გვასწავლა, რომ ჩვენ სხვა სულის ადამიანები ვართ. და თუ ჩვენს თავს ქრისტეს მიმდევრებს ანუ ქრისტიანებს ვუწოდებთ, მაშ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველგან მშვიდობას უნდა ვთესავდეთ იქნება ეს საუბარში თუ საქმეებში. უფალმა მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.” (მათეს 5:9). პავლე მოციქული კი ისევ გვახსენებს: „გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ…“ (1 თესალონიკელთა 4:11).

უფლის სიტყვა უბრალოდ საშუალებას არ გვაძლევს ვთესოთ უთანხმოებები, გაყოფები, შური და ეჭვი. თუ ჩვენს გულში იესო ცხოვრობს, მჯერა და მტკიცედ ვიცი, რომ მაშინ შიგნით ვატარებთ მშვიდობას, როგორც უფლის ჭურჭლები.

მინდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვებრძვით ადამიანებს, ჩვენი ბრძოლა ბოროტის წინააღმდეგაა, რომელიც თავისი ნებით დაძრწის ამ ქვეყანაზე და ბრმა ადამიანებს იყენებს თავისი მზაკვრობების ჩასადენად. როგორც პავლე მოციქული წერს წმინდა წერილში: “რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.” (ეფეს. 6:12). თუ ჩვენ გვემახსოვრება ეს, მაშ არასოდეს გავილაშქრებთ ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან გვეცოდინება სად უნდა ვიბრძოლოთ და ვის წინააღმდეგ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. მე მწამს და მჯერა, რომ ლოცვა და მარხვა ეს არის უძლიერესი იარაღი, რაც უფალმა ეკლესიას მისცა. ამით ძალგვიძს დავანგრიოთ და ჩავშლოთ ეშმაკის გეგმები ჩვენს და ასევე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. დაე უფალმა მოგვცეს ძალა, სიბრძნე, მადლი, რომ ვისწავლოთ ლოცვა, მარხვა და შუამდგომლობა ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ ღმერთს და არა აქვთ მასთან მისასვლელი.

ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას. ( 1 ტიმ.2:1–4).

ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ უკრაინაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და მოგიწოდებთ ყველას ილოცოთ ჩვენთან ერთად უკრაინისთვის. უფალმა მიუტევოს ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ქაოსის შექმნაში, იქნებიან ეს რიგითი მოქალაქეები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, ღმერთმა უკეთ იცის.  დაე, ღმერთმა მისცეს ორივე მხარეს სიბრძნე და აპოვნინოს სწორი გამოსავალი სიტუაციიდან. ღმერთმა მოიტანოს შეთანხმება მათ შორის და მშვიდობა ქვეყანაში. დაე, ღვთის მშვიდობისმყოფელებმა თესონ მშვიდობა და სიმართლე იმ მიწაზე. უფლის წყალობა იყოს უკრაინაზე და მთელს უკრაინელ ხალხზე. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანები არ უნდა ვიყოთ უბრალოდ თვალყურის მდევნელები, არამედ თანაგრძნობით უნდა მიგვქონდეს ღმერთთან სხვისი გასაჭირი.

თამუნა ბაღდავაძე

ჩატვირთვა...