ეკლესია, რომელშიც 24-საათიანი უწყვეტი ლოცვა-თაყვანისცემა მიმდინარეობს

1999 წლის 17 მაისს მისია „ლოცვის საერთაშორისო სახლი“ (IHOPKC – Internation House of Prayer Kansas City) დააარსეს მაიკ ბიკლიმ და ოცმა „შუამდგომელმა მისიონერმა“, რომლებიც ღვთისადმი ლოცვებსა და თაყვანისცემაში დღე-ღამეში 13 საათს ატარებდნენ.

ოთხი თვის შემდეგ, 1999 წლის 19 სექტემბერს, ლოცვები და თაყვანისცემა გაიზარდა 24 საათამდე დღე-ღამეში, კვირაში 7 დღემდე.

IHOPKC ეს არის ევანგელურ-მისიონერული ორგანიზაცია, რომელიც მიძღვნილია ლოცვისადმი იმაზე, რომ გამოთავისუფლებულ იქნეს ღვთის ძლიერებისა და მიზნის სისავსე. ამავე დროს, მისიონერები აქტიურად, ძალისხმევით იბრუნებენ დაკარგულებს, კურნავენ ავადმყოფებს, აპურებენ მშივრებს, ამზადებენ მოსწავლეებს და გავლენას ახდენენ საზოგადოების 7 სფეროზე (ოჯახურ, საგანმანათლებლო, სახელმწიფო, ეკონომიკურ, ხელოვნების, მასიური ინფორმაციის, რელიგიურ სფეროებზე). მათი ხედვაა: იმუშაონ ქრისტეს სხეულთან თანამშრომლობაში იმისთვის, რომ აღასრულონ დიადი დავალება და მოძებნონ გზები ორი დიდი მცნების აღსასრულებლად: გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს ადამიანები.

ათი წლის იუბილეს აღნიშვნის დროს, 2009 წლის 19 სექტემბერს, ლოცვის სახლის „შუამდგომელმა მისიონერებმა“ მიიღეს სერიოზული გადაწყვეტილება ღვთის წინაშე: გააერთიანონ ლოცვა 24/7 და საქმეები 24/7 უფალი იესოს დედამიწაზე დაბრუნების მომენტამდე. ამიტომ მათ დაიწყეს მრავალი მსახურება, რომლებიც გაგრძელდება 24-საათიან უწყვეტ ლოცვით მსახურებასთან ერთად.

ამავე დროს, ღმერთმა მოიტანა სურვილი და გეგმები იმის შესახებ, რომ სალოცავი სახლები შეიქმნას მთელ მსოფლიოში და შედეგად დღეს 24-საათიანი სალოცავი სახლები შექმნილია დედამიწის თითოეულ კონტინენტზე.

შუამდგომელი მისიონერები

IHOPKC-ის ყოველი თანამშრომელი, რომელიც მთელი დღე მუშაობს, მიიჩნევა  „შუამდგომელ მისიონერად“. მსახურების სტატუსი აქვთ მათ, რომლებიც თავიანთ თავს ფინანსურად თავადვე უზრუნველყოფენ. როგორც მისიონერები, ისინი სწვდებიან სხვა ადამიანებს და ამავე დროს ეწევიან ლოცვით ცხოვრებას და ღმერთის თაყვანისცემას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 1 500 მორწმუნე (თანამშრომლები, სტუდენტები, გრძელვადიანი პროგრამების მონაწილეები) ეწევა მსახურებას მთლიანი დროით, ატარებენ კვირაში ორმოცდაათ საათს ლოცვის დარბაზში და სასწავლო კლასებში, ხოლო შემდეგ მიდიან და ემსახურებიან სხვებს.

სხვა მიღწევები

IHOPKC-ის ახალი მსახურებები მოიცავს იმ სამუშაოების გაძლიერებას, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ქალაქ კანზასში. ეს მსახურებებია ქალაქის სხვადასხვა უბნებში ადამიანთა კვების პროგრამა (მობილური და ადგილობრივი), მოსწავლეობითი პროგრამები, გამაჯანსაღებელი კლინიკების დაარსება, სხვადასხვა საბავშვო პროგრამების დახმარება ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით, პროგრამა „უფროსი და და უფროსი ძმა“ და პროგრამა „გახადე ეს რაიონი შენი“-ს გაძლიერებით. გარდა ამისა, არსებობს და გაჩნდა ისეთი პროგრამები, როგორიცაა შვილად აყვანის სააგენტო „Hannah’s Dream“; ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანური ტრეფიკინგის მსხვერპლთ სხვადასხვა ქვეყნებში (ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალურ მონობაში მოხვდნენ) „Exodus Cry“, აგრეთვე ქალთა ცენტრი „სიცოცხლე“, რომელიც ეხმარება პირებს საცხოვრებლის მოპოვებაში და უწევს დახმარებას სექსუალური მონობის მსხვერპლთ ემოციურ რეაბილიტაციაში, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს ოჯახური ძალადობა, მეძავებს, რომლებიც გამოეხმაურნენ სახარებას. (პროგრამა „სიცოცხლე“ მოიცავს კრიზისულ ცენტრსაც, რომელიც ეხმარება ფეხმძიმე ქალებსა და იმ ქალბატონებს, რომლებმაც უარი თქვეს აბორტის გაკეთებაზე და გადაწყვიტეს, შეენარჩუნებინათ სიცოცხლე თავიანთი პატარებისთვის).

ლოცვითი ოთახი (ლოცვა 24/7)

ლოცვის საერთაშორისო სახლის ყველა მსახურების, პროგრამებისა და საქმიანობის ცენტრი გახლავთ ლოცვის ოთახი 24/7 ფორმატში, რომელიც მუდამ ღიაა დასწრების მსურველთათვის, დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. ლოცვის სახლი შეიქმნა იმისათვის, რომ ასახოს ბიბლიური მეფე დავითი (1 ნეშტ.22-24). ეს არის ადგილი, სადაც IHOPKC-ის მსახურები არასოდეს წყვეტენ უფლის თაყვანისცემას და ლოცვებით შუამდგომლობას მთელ მსოფლიოზე ღვთის წინაშე.

ყოველ მსურველს შეუძლია, თავისუფლად შევიდეს და დარჩეს ლოცვის ოთახში იმდენ ხანს, რამდენიც სურს. ნებისმიერ დამსწრეს ლოცვის ოთახში ყოფნის დროს შეუძლია, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საერთო ლოცვასა და თაყვანისცემაში, იკითხოს ბიბლია ან კომენტარები წმინდა წერილზე, ჩაიწეროს წიგნაკში ან ილოცოს საკუთარ საჭიროებებზე. ოთახში დაშვებულია ჯდომა, დგომა და სიარულიც კი, თუმცა არც ერთი მოქმედება არ უნდა უშლიდეს ხელს სხვას და უნდა გამოხატავდეს სხვებისადმი პატივისცემას ან მიზნად უნდა ისახავდეს სხვებისადმი მსახურებას. შეკითხვების ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში დამსწრეს შეუძლია მიმართოს „სტუმართა კუთხეს“ (Welcome centre) ან ოთახში მყოფ ნებისმიერ მომსახურე პერსონალს სახელებიანი სამკერდე ნიშნით.

თაყვანისცემა და ლოცვა

ლოცვის საერთაშორისო სახლის ლოცვის ფორმატი დაფუძნებულია ზეციურ ნიმუშზე, რომელიც მოცემულია ბიბლიაში, იოანე მოციქულის გამოცხადების მე-5 თავში, სადაც საუბარია თაყვანისცემასა და ლოცვაზე.  IHOPKC-ის მსახურები იყენებენ თაყვანისცემისა და ლოცვის ორ ძირითად მოდელს. ყოველი 24-საათიანი პერიოდი დაყოფილია 12 ორსაათიან შუამდგომლობით პერიოდებად. თითო ორსაათიან პერიოდს ატარებს თაყვანისცემის ერთი გუნდი.

შუამდგომლობის სესიები, როგორც წესი, ენერგიულად ტარდება, რადგან ყველა დარბაზში მყოფი მიიწვევა საერთო ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან ერთად, არის ყოველთვის ლოცვის განსაკუთრებული თემა და თითოეულ ადამიანს იწვევენ მიკროფონთან საერთო ლოცვითი საჭიროებისათვის სალოცავად. ეს შეიძლება ეხებოდეს თავად კანზასის რეგიონს ან მორწმუნეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არის ლოცვების ციკლები, ე.წ. „სწრაფი ცეცხლოვანი ლოცვები“, როდესაც შუამდგომლები მორიგეობით ლოცულობენ 15-წამიანი ლოცვებით განსაკუთრებულ თემებზე.

შუამდგომლობითი ლოცვების საათები ტარდება ყოველდღიურად ღამით 00:00 საათზე, დილით – 4:00, 6:00, 10:00 სათებზე და საღამოს – 16:00 და 20:00 საათებზე.

თაყვანისცემა ღვთის სიტყვით – ეს არის ლოცვის ის ფორმატი, რომელშიც IHOP-ის ლიდერები გალობის დროს მღერიან ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე და მასზე, თუ ვინ არის ღმერთი და როგორია მისი აღთქმები, ანუ ეთანხმებიან ღმერთის გულს და ყველაფერ იმას, რაც ღმერთმა ბიბლიაში – თავის ცოცხალ და უკვდავ სიტყვაში გაგვიცხადა ადამიანებს. ეს, პირველ რიგში, მიმართულია უფრო პირად სულიერ აღმშენებლობაზე და ასეთი ფორმატის მსახურება უზრუნველყოფს ხელსაყრელ (ხელის შემწყობ) ატმოსფეროს ბიბლიის კითხვისთვის, ღვთის სიტყვაზე ფიქრისთვისა და ლოცვისთვის.

სიტყვით თაყვანისცემის სესიები ტარდება ყოველდღე, დილით 2:00 და 8:00 საათზე, შუადღით 12:00 საათზე და საღამოს 14:00, 18:00 და 20:00 საათებზე.

როდესაც გუნდის 2 საათი იწურება, ყველა მუსიკოსი ლიდერისა და “ბექ-ვოკალის” მუსიკოსების გარდა, იწყებს წყნარად ადგომას და ადგილს უთმობს მომდევნო გუნდის მუსიკოსებს და, როგორც წესი, ამ დროს გუნდის ლიდერი მღერის რამდენიმე საგალობელს თავისი გუნდის მუსიკოსების გარეშე მხოლოდ გიტარაზე ან ფორტეპიანოზე (ყველა ლიდერი უკრავს ან გიტარაზე ან ფორტეპიანოზე). ასე, საბოლოო ჯამში, ახალი გუნდი თანდათან ცვლის ძველ გუნდს და ამრიგად მიმდინარეობს უწყვეტი ღვთისმსახურება. ლოცვის ოთახში მიმდინარეობს შუამდგომლობითი ლოცვები და თაყვანისცემა ღვთის სიტყვით (წმინდა წერილის საფუძველზე).

გუნდების ლიდერები არიან:

• მისტი ედვარდსი ( Misty Edwards)
• ლაურა ჰაკეტი ( Laura Hackett)
• მეთ გილმანი (Matt Gilman)
• კორი ასბერი (Cory Asbury)
• ჯეი ტომასი (Jaye Thomas)
• ჯასტინ რიცო (Justin Rizzo)
• ჯონ რიცო (Jon Rizzo)
• მარკუს მეიერი (Marcus Meier)
• ტიმ რეიმჰერი (Tim Reimherr)
• სარა ედვარდსი (Sara Edwards)
• კლეი ედვარდსი (Clay Edwards)
• ანდრა ლინი ( Aundra Lynn)
• ლუკ ვუდი (Luke Wood)

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლოცვის ოთახიდან მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია IHOPKC-ის ვებგვერდზე რეალური დროის რეჟიმში. საყურებლად აგრეთვე ხელმისაწვდომია უკანასკნელი 36 სესია. ლოცვის ოთახში მიმდინარე მოვლენების ყურება საიტზე უფასოა ყველა მსურველისათვის და არ საჭიროებს დარეგისტრირებას.

IHOPKC-ში 1999 წლის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი წუთი, რომ არ აღავლენდნენ ლოცვისა და დიდების სიტყვებს ზეცისკენ, რადგან ცინცენდორფის ხედვის მსგავსად, აქაც მიიჩნევენ, რომ „ცეცხლი საკურთხეველზე არ უნდა ჩაქრეს.“ ლოცვა და თაყვანისცემა არის ცეცხლი ღვთის საკურთხეველზე, კეთილსურნელება უფლისთვის, საამო მსხვერპლი და ეს ცეცხლი მუდამ უნდა გიზგიზებდეს.

პირდაპირი 24-საათიანი ეთერი

 

ოფიციალური საიტი: https://www.ihopkc.org/

ჩატვირთვა...