გეტყვით ღმერთი, ვისთან უნდა შექმნათ ოჯახი?

0 397

იმის გადაწყვეტა, თუ ვისთან შექმნით ოჯახს, ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ თქვენს დარჩენილ ცხოვრებაზე. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გსურდეთ დარწმუნებულნი იყოთ, რომ რასაც აკეთებთ, სრულიად მართებულია. შესანიშნავია ის, რომ ღმერთი იცავს და წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს. ბიბლია გვეუბნება: „ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯებს“ (იგავები 16:9).

როცა ღმერთს სურს, მას შეუძლია, ზუსტად გაგვიცხადოს, ვისთან და როდის უნდა შევქმნათ ოჯახი. დიახ, მართალია, რომ ღმერთი წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გაარჩიოს უფლის ხმა, რაც უფალთან პირადი, ახლო ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია.

რწმენაში ზრდა მოითხოვს ვისწავლოთ ღმერთის ხმის გაგონება, თუმცაღა ჩვენ ხშირად თავად არ გვინდა, რომ  მკაფიოდ გვესმოდეს მისი. როცა საქმე ქორწინებას ეხება, ღმერთის ხმის გაგონება რთულდება, რადგან აქ მეორე ადამიანის ნებაც იგულისხმება. გარკვეული დროის შემდეგ, სიტუაცია თავად გიჩვენებთ, ღვთის ხმა მკაფიოდ გაიგონეთ თუ არა, თუ საკუთარ ნებას მიჰყევით.

არსებობს ასევე საფრთხე იმისა, რომ საკუთარ გულისხმას მიჰყვეთ და ის გამოიყენოთ კომპასად იმ პიროვნებისკენ მიმავალი გზის გასაკვლევად, რომელიც, თქვენი აზრით, თქვენთვის არის განკუთვნილი ღმერთის მიერ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ გრძნობები ფაქტები არ არის. ქორწინებას და სიყვარულს როცა ეხება საქმე, უნდა ვიცოდეთ, რომ გრძნობებით ვერ გავიგებთ ღვთის ნებას.

მეორე, თუ გინდათ გაიგონოთ, რას გეუბნებათ ღმერთი, იკითხეთ და ჩაეძიეთ მის სიტყვას, რადგან წმინდა წერილი გვასწავლის ქორწინების შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ უფლისგან მხოლოდ „დიახ“ ან „არა“ პასუხი მოითხოვოთ, ჩაუღრმავდით მის სიტყვას და შეისწავლეთ ის, რაც უკვე დაწერილია.

და ბოლოს, საკუთარი ნება ღვთის ნებას უნდა დაუმორჩილოთ. ვისთან და როდის შექმნით ოჯახს, მართლაც მნიშვნელოვანი კითხვებია, ხოლო პასუხებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს სთხოვოთ გითხრათ თქვენი მომავალი მეუღლის სახელი და გვარი, გაცილებით უფრო ბრძნული იქნება, თუ საკუთარ ნებას მის ნებას დაუმორჩილებთ და მიენდობით მას.

სიყვარული გამოწვევაა, რომლის წინაშეც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგვიწევს დგომა. გავიხსენოთ ბიბლიაში აღწერილი ყველაზე რომანტიკული სიყვარულის ისტორია: რებეკასა და ისააკის ქორწინება, რომელიც მართლაც ზეცაში იყო დაგეგმილი (დაბადება 24-ე თავი). გავიდა 30 წელი და ვხედავთ, რომ ისინი არიან მშობლები ტყუპი ვაჟებისა, რომლებსაც სძულთ ერთმანეთი, ისააკს უყვარს ესავი, რებეკას კი – იაკობი. ვხედავთ, როგორ არის გაბმული მანიპულაციის, ბრაზის, სიძულვილისა და სიცრუის ქსელი. „სათანადო პიროვნების“ პოვნა არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებული გექნებათ უღრუბლო სიყვარული.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ ეძებთ ღვთის ნებას. ღვთის ნაბიჯების კვალდაკვალ სიარული არ ნიშნავს იმას, რომ ცაზე გამოსახული შეტყობინება დაინახოთ, ან ხმა მოისმინოთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ხშირად, ღმერთი იმ ადამიანთა სიბრძნის მეშვეობით გვეხმარება, ვინც მან ჩვენს ცხოვრებაში მოავლინა.

არის რაღაცები თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, რაც ღმერთმა არ გაგიცხადათ მკაფიოდ, მაგრამ ნუ შეშინდებით და ნურც პანიკაში ნუ ჩაცვივდებით. შესაძლოა, არ იცით, ვისზე დაქორწინდებით, სად იმუშავებთ, რამდენი შვილი გეყოლებათ და ეს ნორმალურია. არა უშავს. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც არ იცით, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაც ღმერთმა უკვე გაგიცხადათ − თავისი ნება თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით.

წყარო

თარგმანი: გიორგი გულიკაშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...