გემბლინგი – აზარტდამოკიდებულება

0 60

ძველ ბერძნულ მითს თუ დავუჯერებთ, რომლის მიხედვითაც ზევსმა, ჰადესმა და პოსეიდონმა სამყარო კამათლის თამაშით გაიყვეს. გემბლინგი 21–ე საუკუნის სენი არ უნდა იყოს, თუმცა ონლაინ სივრცის მისაწვდომობამ იგი მთელი მსოფლიოს პრობლემად აქცია. ის ფაქტი, რომ სმოკინგის ჩაცმა, ფეისკონტროლის გავლა და საზოგადოებრივი სტატუსი აღარ არის საჭირო კაზინოში სათამაშოდ, გემბლინგს ჩვენი დროის ყველაზე ხელმისაწვდომ ნარკოტიკად აქცევს. ეს გარკვეული ქცევის განხორციელების აკვიატებული სურვილია, თამაშზე არა ქიმიურად, არამედ ფსიქიკურად დამოკიდებულები ვხდებით.ეს ისეთივე მძაფრი ემოციაა, როგორიც ავტორალი, პარაშუტით გადმოხტომა, მთამსვლელობა, სადაც საკუთარ თავს შეჯიბრში იწვევ და საკუთარ შესაძლებლობებს ცდი…

გასულ წლებში საქართველოში, ნარკომანია დაუძლეველ პრობლემად გვევლინებოდა, თუმცა დღეს მისი ჩანაცვლება აზარტდამოკიდებულებამ შეძლო, რაც არაფრით არ არის მასზე უკეთესი.. ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის. გემბლინგი იწვევს ადამიანის ფსიქოლოგიურად განარკომანებას,ის ხასიათდება თამაშის პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხით, ადრინდელი ინტერესების გაუფასურებით, თამაშზე მუდმივი ფიქრით, კონტროლის დაკარგვით.

ჩვენი ქვეყნის სამ ყველაზე პოპულარულ სათამაშო პორტალზე, დღეში საშუალოდ 200 000 –მდე ადამიანი შედის (top.ge-ის მონაცემებით), თუმცა სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში თამაშდამოკიდებული არ არსებობს. საქართველოში არ არსებობს რეგულაციები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროს სრულიად უკონტროლოს ხდის. ძალზე ადვილია ნებისმიერ ონლაინ კაზინოში დარეგისტრირება, რასაც უამრავი მოზარდი უპრობლემოდ ახერხებს. სათამაშო მაგიდასთან მიზიდვის ახალი ხერხი კი ფეისბუქ გვერდზე უფასო ონლაინ კაზინოს ანალოგია, რომელშიც ყოვლდღიურად ვირტუალური ქულები გერიცხება, რაც ფსონის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევს და გარკვეული რაოდენობის დაგროვებასთან ერთად ის ნამდვილი ფულის ექვივალენტური ხდება, ანუ შეგიძლია მისი გადარიცხვა ონლაინ კაზინოს პირად გვერდზე, სადაც თამაში ნამდვილ ფსონზე მიმდინარეობს, რაც უფრო მეტ ადრენალინს იწვევს მოთამაშეში და შეჩერება უკვე ძალზე რთულია. თუ ამას დავუმატებთ უფასო ტურნირებს, რომლებშიც (თამაშის თითო სახეობაში, ყოველდღიურად და სამუშაო საათებში) 2000 ადამიანი მონაწილეობს და საპრიზო ფონდი 100 ლარს შეადგენს, სურათი ნათელი ხდება, თუ რამდენად ჩათრეულია მოსახლეობის გარკვეული (და საკმაოდ დიდი) ნაწილი აზარტულ თამაშებში.

რას განიცდის მოთამაშე სათამაშო მაგიდასთან ( ნამდვილთან თუ ვირტუალურთან)? ის ფიქრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და გვიან , ან შესაძლოა სულაც ვერ მიხვდეს, რომ სიტუაციას აკონტროლებს ბანქო, კამათელი, ან რულეტი…გასაგებია, რომ მოზარდ ასაკში თავის დამკვიდრების სურვილი განსაზღვრავს თამაშებში ჩართვას, არასრულწლოვანს სურს მოგებით დაამტკიცოს, რომ უკვე დიდია და ანგარიშგასაწევიც, მაგრამ რა აიძულებს ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს საკუთარი სურვილით გაებას აზარტის მახეში?…ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ფსიქო–სოციალური ფონი ამას ხელს იდეალურად უწყობს. ძალიან ხშირად საზოგადოებაში ვხვდებით არშემდგარობის სინდრომს, სამუშაო ადგილების და შემოსავლის არ არსებობის გამო ადამიანები იმედგაცრუებულნი და თავმოყვარეობა შელახულნი არიან და სათამაშო მაგიდა ეჩვენებათ იმ ერთადერთ ადგილად, სადაც მოგება, გამარჯვება და “აღიარება” ელით…

თუმცა ეს მხოლოდ გემბლინგის მსხვერპლის შინაგანი მოტივებია, რეალობა კი სულ სხვაგვარია: უსიამოვნებები ოჯახში, განქორწინებების რიცხვის ზრდა, დალომბარდებული და გაყიდული ძვირფასეულობა, დაკარგული მეგობრები და სოციალური სტატუსი…და ეს ყველაფერი არ არის, ხშირად გემბლინგის მსხვერპლი, კრიმინალურ შემთხვევებშიც ებმება და ყველაზე უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

აზარტდამოკიდებულების გასამართლებლად, ხშირად, ამბობენ,რომ ბიბლია ცხადად არ კრძალავს აზარტულ თამაშებს,თუმცა ზემოჩამოთვილი ნაყოფები ცხადზე უცხადესად მიუთითბენ, რომ ბიბლიურად გემბლინგი გაუმართლებელია. იესო ამბობდა: ” მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა” (მათ. 7 : 16–17).

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...