განქორწინების საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

0 275

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ განქორწინებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.

2017 წელს ეს რიცხვი შეადგენდა 10 222-ს, რაც ძალიან ბევრია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 3 718 200 ადამიანს შეადგენს.

2017 წელი – 10 222.

2016 წელი – 9539.

2015 წელი – 9112.

2014 წელი – 9119.

2013 წელი – 8039.

სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა და საყურადღებო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა, ჩვენი საზოგადოება ფიქრობდეს ამის გამომწვევ მიზეზებზე და როგორც ქრისტიანული ქვეყნის მოსახლეობა, ეძებდეს პასუხს და პრობლემის გადაჭრის გზებს ბიბლიაში.

 

დემოგრაფიული ფონდი

აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული მონაცემები 2017 წელს საიმედოს არაფერს ამბობდა, რადგან დაფიქსირდა უფრო მეტი გარდაცვალება (25 954), ვიდრე შობადობა (25 543). რა კავშირშია ეს განქორწინებების რიცხვთან?

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ოჯახის მნიშვნელობა და ფენომენი თანდათან აზრს კარგავს, ამიტომ ამ საკითხის პოპულარიზება აუცილებელია.

“ჩვენი ფონდი მიესალმება განათლების გარკვეული სისტემის დანერგვას სკოლებში ამ კუთხით. ძალიან ბევრი გვისვამს კითხვას, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახი შეიქმნება თუ არა. დემოგრაფიული კუთხით ხომ მთავარია, ბავშვი გაჩნდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ბავშვის დაბადებას ყველანაირ ვითარებაში, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკითა და სპეციალისტების მოსაზრებით, გაყრილ ოჯახებში ბავშვების ყოლაზე აღარ ზრუნავენ.“ – ამბობს ის.

 

რას ამბობს ბიბლია ოჯახსა და დემოგრაფიაზე?

დაბადების წიგნში 1-ლი თავის 27-28 მუხლებში ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ‘ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავს.’“

ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი ინსტიტუტი, რომელიც ღმერთმა შექმნა, ოჯახის ინსტიტუტია. ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთმა თავად აკურთხა პირველი ქორწინება და მისცა მათ დავალება, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა.

 

განქორწინების მიზეზები

ხშირად რიცხვები ძალიან ბევრს ამბობენ. საინტერესოა სტატისტიკა იმის შესახებ, თუ, ძირითადად, რამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ იღებს ოჯახების უმეტესობა გაყრის გადაწყვეტილებას. ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე ჩვენ ვხედავთ, რომ გაქორწინებების უმეტესი წილი ქორწინების პირველ 4 წელზე მოდის.

ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებათა პროცენტული მაჩვენებელი დიდია ადრეულ ასაკში, ანუ 19-დან 22 წლამდე. განქორწინებათა ყველაზე დიდი რაოდენობა კი სწორედ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე მოდის. ამის მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდას ამ ასაკში არ აქვს კარგად გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობები და ასევე არ აქვს შესაბამისი განათლება ოჯახის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ამბობს: “განქორწინების პრობლემა არასოდეს არის ერთი ფაქტორით გამოწვეული, როგორც წესი, არის რამდენიმე მიზეზი. მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, ნაადრევი ქორწინებაა. გარდატეხის ასაკში მას არ აქვს გემოვნება ფორმირებული, არ აქვს ფასეულობებიდან გამომდინარე თავისი შეხედულებები, განიცდის ცვალებადობას. მოუმწიფებელ პერიოდში ძნელია გარჩევა: ფიზიკურ ლტოლვასთან გვაქვს საქმე თუ სერიოზულ გრძნობებთან, თუმცა, ამ ასაკში მაინც, ძირითადად, ფიზიკური ლტოლვაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოზარდმა არ იცის, რა უნდა და თუ ადამიანმა არ იცის, რა უნდა, როგორ შეუძლია მას, მეორე ადამიანს შეეწყოს.”

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში უფრო მეტია განქორწინებათა მაჩვენებელი, ვიდრე რეგიონებში. უნდა ითქვას, რომ რეგიონებში ოჯახის ინსტიტუტი უფრო მყარია და გაყრა ტრაგედიად აღიქმება. თუმცა ბოლო 10 წელიწადში რეგიონებშიც იმატა განქორწინებათა რაოდენობამ.

ასევე ცნობილია, რომ ოჯახის დანგრევას წყვილები ხშირად რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და ხასიათების შეუთავსებლობით ხსნიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება.

მიზეზები შეიძლება უამრავი იყოს და ეს სია შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ადამიანებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია ქორწინების შესახებ, თუ რატომ და რისთვის შექმნა ის ღმერთმა, რა როლები დაუწესა მეუღლეებს ოჯახში და რა პასუხისმგებლობები აქვთ მათ ერთმანეთის, საზოგადოების, ეკლესიის და თავად ღვთის წინაშე. მათეს სახარების 19:6-ში ვკითხულობთ:

„ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.”

„უფალმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ადამიანი და თვითონვე აკურთხა პირველი ქორწინება. ქორწინება უფლის თვალში არის აღთქმა და მან თქვა: რაც ღმერთმა შეაუღლა, კაციც ნუ განაშორებს მას. მალაქია წინასწარმეტყველის ბაგით კი უფალი ამბობს, რომ მას სძულს გაყრა. ქორწინების აღთქმა სიყვარულის ღვთაებრივი საფუძველია.“ – ამბობს რუსთავის სახარების ეკლესიის პასტორი გელა ჯაბანიშვილი.

 

რას ამბობს ბიბლია განქორწინების შესახებ?

წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ვკითხულობთ: „რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, − გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები.” (მალაქ. 2:16)

ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ცხოვრება ძალიან გრძელია იმისათვის, რომ ერთ ადამიანთან იცხოვრო და არაფერია ცუდი, თუ „ბედს“ რამდენჯერმე სცდი. უფლის სიტყვა კი ცხადად ამბობს: „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.” (ლუკას სახარება 16:18)

 

რა შემთხვევაში ანულირდება ქორწინება ღმერთის თვალში?

ბიბლიაში ჩვენ მხოლოდ ორ შემთხვევას ვხედავთ, როდესაც ქორწინების ანულირება კანონიერად ხდება ღმერთის თვალში. ერთ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი პარტნიორის გარდაცვალებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში – ღალატი.

„ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.“ (1 კორ. 7:39)

„მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ (მათე 19:9)

 

როგორ შეიძლება შეჩერდეს განქორწინების რიცხვის ზრდა ჩვენს ქვეყანაში?

საჭიროა მეტი განათლება. ადამიანის მომზადება ოჯახის შესაქმნელად ბავშვობიდანვე იწყება, ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი მაგალითი ჩვენი შვილებისთვის და ვისაუბროთ მათთან იმ ინსტიტუტზე, რასაც ოჯახი ჰქვია, რადგან როდესაც წყვილმა იცის ღმერთის ნება ქორწინებასთან დაკავშირებით, როდესაც მათ გააზრებული აქვთ ის ვალდებულებები, რომელსაც იღებენ, მათ იციან, რომ ეს სამუდამო აღთქმაა ორ ადამიანს შორის.

გვახსოვდეს, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.

ნატალია ჩიქოვანი

 

ვიდეოსემინარი ქორწინების შესახებ: 

ჯონ და ლიზა ბევირები – “ქორწინების ამბავი”

 

ჩატვირთვა...