თვისება, რომელსაც აფასებს ქმარი

0 93

არის ერთი თვისება ქალში, რომელიც აბსოლუტურად ყველა მამაკაცს მოსწონს! აღვნიშნავ, რომ საუბარი არ არის უკიდურესობებზე, როგორიცაა მაგალითად, დიქტატორობა და ტოტალური კონტროლი. მე ასე ვიტყოდი, რომ ეს კონტროლისა და დიქტატურის სული მაშინ ჩნდება, როდესაც ქალბატონი არ ავლენს … მორჩილებას! სწორედ მორჩილებაზე ვისაუბრებთ დღეს.

დასაწყისში მსურს წავიკითხო რამდენიმე სტროფი ჩემი საყვარელი წიგნიდან, ბიბლიიდან:

„და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება” (ებრ.5:8).

ამ პატარა ნაწყვეტში განვიხილავთ 5 ძირითად გაკვეთილს:

  1. ის იყო ძე

„და თუმცა ძე იყო!“ თუ იესო იყო ძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰყავდა მამა! დიახ, სწორედ ის მამა, რომელიც ზრუნავს მასზე; მოსიყვარულე მამა, რომელსაც აქვს გეგმა და დანიშნულება მისი ცხოვრებისთვის; მამა, რომელიც ყოველთვის ახლოსაა და მზად არის, მოვიდეს დასახმარებლად. თქვენ გყავთ ასეთი მამა? არა თქვენი ბიოლოგიური მამა, არამედ სრულყოფილი ზეციერი მამა. ზეციერ მამასთან ურთიერთობები განსაზღვრავს თქვენს ურთიერთობებს ცხოვრებაში, ოჯახში, მეუღლესთან! ეს ურთიერთობები დაჯერებულობას შეგმატებთ და თავს ყოველთვის დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ, რადგანაც ზეციერი მამა ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება. ის იქნება თქვენი ძალების, სიყვარულის, მოთმინებისა და პატივისცემის წყარო.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული თქვენს „შვილობაში“, ანუ ზეციერი ოჯახისადმი თქვენს კუთვნილებაში – უბრალოდ სთხოვეთ ღმერთს, რომ ის გახდეს თქვენი მამა და მიგიღოთ თავის ოჯახში.

  1. თავისი

„და თუმცა ძე იყო, [თავისი] ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება”.

ჩვენ ვსწავლობთ, ვკითხულობთ, ვემზადებით, როგორც შეგვიძლია, ჩვენი ოჯახური ცხოვრებისთვის, რაც ძალიან სწორია. მომზადება ხომ წარმატების საწინდარია ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში კი – მით უმეტეს. მაგრამ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანს ექნება თავისი ტანჯვა, გამოცდა, სირთულეები და გაუგებრობანი; ჩვენი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადავლახოთ; ჩვენი უნიკალური და განუმეორებელი ქმრები, თავიანთი მოთხოვნებითა და განსაკუთრებული თვისებებით. ამიტომ იყავით განსაკუთრებით ყურადღებიანი მის მიმართ, თქვენი ქმრის მიმართ (თუკი ოჯახურ ჭრილში განვიხილავთ საკითხს).

  1. ტანჯვა

„და თუმცა ძე იყო, ტ ა ნ ჯ ვ ი ს  მეშვეობით ისწავლა მორჩილება.”

თქვენ შეგხვდათ სირთულეები ოჯახურ ცხოვრებაში? თითქოსდა თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც ვერ წავიდა კარგად. შესაძლოა რაღაც ტკივილი არ ყუჩდება ან ძველი წყენა არ გავიწყებთ მას, ან იქნებ თქვენ დაკარგვის ტკივილი განიცადეთ? რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ იესომ გაიარა ყველაზე მძიმე ადამიანური ტანჯვა და მას ესმის ადამიანების თავიანთ ძლიერებაშიც და უძლურებაშიც. ჩვენს განსაცდელებს განსაკუთრებული მისია აქვთ –  გახადოს ჩვენი გულები უფრო რბილი, გახსნილი და მგრძნობიარე სხვისი უბედურებისადმი. შესაძლოა თქვენი დღევანდელი განსაცდელი და ტანჯვა ხვალ ვინმესთვის პასუხი გახდეს. ან შესაძლოა ეს გახლავთ ცხოვრების, მსახურების, ბიზნესის და ზეგავლენის უფრო მაღალი დონისთვის მომზადების ეტაპი. გახსოვდეთ, რომ იესოს მიერ განვლილმა ყველა ტანჯვამ და განსაცდელმა სრულყოფილად მოამზადა ის, ადამიანთა მხსნელის დანიშნულების აღსრულებისთვის. საინტერესოა, თქვენ რისთვის გამზადებთ თქვენი განსაცდელი?

  1. ისწავლა

„და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ი ს წ ა ვ ლ ა მორჩილება.”

ხდება ისეც, რომ როდესაც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ვხვდებით, მასში ვიცით ჩარჩენა არაერთი წლით. ჩვენ ზედმეტად დიდხანს ვიმყოფებით ამ განსაცდელებში, მხოლოდ მათზე ვსაუბრობთ, მათ განვიხილავთ, მათზე ვტირით, განვიცდით, განვიკითხავთ და ვლოცულობთ კიდეც! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ვისწავლოთ! რისთვის იყო ეს ყველაფერი? რისთვისაა ეს პრობლემები და გაუგებრობები ოჯახში, ქმართან? ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ!

ვისწავლოთ, მოვისმინოთ სხვისი აზრი და გავიგონოთ, თუ რას ამბობს ადამიანი თავისი გულით.

ვისწავლოთ, მივიღოთ ადამიანები ისე, როგორც მათ ღებულობს ღმერთი და უყვარს ისინი.

ვისწავლოთ განსხვავებების პატივისცემა და გაცნობიერებულად და მონდომებით ვეძებოთ მსგავსებანი.

ვისწავლოთ მეუღლის გაგება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქმარი „მარსიდანაა“, თქვენ კი – „ვენერადან“.

ვისწავლოთ, მთელი გულით ვემსახუროთ დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ადამიანს – ქმარს.

ვისწავლოთ ღმერთის ხმის მოსმენა, რომ არ გავწყვიტოთ იგი ჩვენი გულების აღშფოთებისა და უკმაყოფილების მეამბოხე წამოძახილებით.

5.მორჩილება

„და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მ ო რ ჩ ი ლ ე ბ ა.“

როგორი მოულოდნელი დასასრულია! უფრო ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ ტანჯვის მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ მოთმინებას, სიბრძნეს, თავმდაბლობას, სულის სიძლიერეს, გამარჯვებისადმი ნებისყოფას…მაგრამ არა… ტანჯვა გზამკვლევია მორჩილებისადმი. რა კავშირია მათ შორის?

მორჩილება თქვენ დაგჭირდებათ, რათა აპატიოთ, როდესაც თქვენ გტკივათ და ნაწყენი ხართ.

მორჩილება დაგჭირდებათ, რათა პატიება სთხოვოთ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში.

მორჩილება დაგჭირდებათ, რომ ემსახუროთ, როდესაც სიამაყე და სამართლიანობის გრძნობა ამოხეთქვას ეცდება.

მორჩილება დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ ქმრის ავტორიტეტი, რომელიც მას ღმერთმა მისცა.

მორჩილება დაგჭირდებათ, რათა დაემორჩილოთ ქმრის გადაწყვეტილებას და ამრიგად პატივი სცეთ მის პირველობას.

მორჩილება დაგჭირდებათ, რომ ენდობოდეთ ერთმანეთს როგორც წვრილმან, ისე სერიოზულ საკითხებშიც.

მორჩილება დაგჭირდებათ, რომ ღმერთმა შეძლოს თქვენი მეშვეობით მოქმედება და თქვენი ქმრის გულთან მუშაობა.

დამიჯერეთ, მორჩილება დაგეხმარებათ ისეთ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში ოჯახში, რაც აქამდე არ გქონიათ. გაგხდით უფრო მგრძნობიარეს და ყურადღებიანს ერთმანეთის საჭიროებებისადმი; შემოიტანს გასაოცარ ჰარმონიას, ბალანსს, განახლებულ სიყვარულსა და დაბალანსებულ პატივისცემას თქვენს ურთიერთობებში.

იყავით მორჩილნი თვინიერებითა და თავმდაბლობით.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...