ბავშვების წერილები ღმერთს

0 98

ეს იდეა თავში მოუვიდა ერთ მწერალსა და კინოდრამატურგს, რიგიდან, მიხაილ დიმოვს.

მან შესთავაზა რიგის რუსულენოვანი სკოლების 6 წლიდან  10 წლამდე მოსწავლეებს, მისწერონ წერილი უფალს, დაუსვან ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, სთხოვონ ყველაზე მთავარი რამ.

აი, ზოგიერთი ამ წერილთაგანი:

 

ძვირფასო ღმერთო, გთხოვ, გააკეთე ისე, რომ ბებიასგან დაწყებული და სპილოებით დამთავრებული ყველა იყოს ბედნიერი, მაძღარი და ჩაცმულ-დახურული.

ტონია, მე-2 კლასი

 

აი ის სანთლები, ეკლესიებში რომ ყიდიან, ეს შენი ბიზნესია?

ტოლიკი, მე-2 კლასი

 

შეიძლება, რომ არ მოვკვდე, ა?

იულია, 1–ლი კლასი

 

გამოგზავნე დედამიწაზე შენი შვილი. ჩვენ მას არ გავაკრავთ ჯვარზე.

პავლიკი, მე-3 კლასი

 

მინდა, რომ ჩემი მამიკო და ბაბუა გახდნენ ანგელოზები – ისინი დამიცავენ.

ჟენია, 1-ლი კლასი

 

იცი, სასაფლაოზე ვიყავი და გამაოცა ერთმა ძეგლმა. დიდი შავი ქვა, მასზე დაწერილია ერთი სიტყვა: „დედა“. და მორჩა.

ვანია. მე-4 კლასი

 

გადაარჩინე ადამიანები არა ცოდვისგან, არამედ მარტოობისგან.

სერგეი, მე-3 კლასი

 

მე მასთან ერთად 2 წელი ბაღში დავდიოდი, მთელი ნახევარი წელი ვსწავლობდი პირველ კლასში, და აი, ერთხელ მან გამომიცხადა: „ჩვენ ორი სხვადასხვა ადამიანები ვართ“. წარმოგიდგენია, მე უარესად ვარ, ვიდრე მოვკვდი.

არკადი, მე-2 კლასი.

 

მე ვერასოდეს დავივიწყებ მამას თვალებს, მის მზერას, როდესაც დედამ ხელი მსტაცა და წავიდა მისგან სამუდამოდ.

ანდრეი, მე-4 კლასი

 

რატომ ხდება ხოლმე, რომ გაზაფხულობით, როდესაც საღამოს შენ რთავ ზეცაზე ვარსკვლავებს და უბერავ თბილ სიოს, და ირგვლივ სიჩუმეა, ხანდახან მინდება ტირილი?

ნატაშა, მე-2 კლასი

 

ეს როგორ: ყველაფერი ღვთის ნებაა! ზაფხულზეც ღვთის ნებაა, დედას ავადმყოფობაზეც და ომზეც?

მარატი, მე-2 კლასი

 

რატომ უყვარდებათ ადამიანებს და მერე ჩუმად ტირიან?

ანდრეი, მე-4 კლასი

 

რა დაგიშავა მამაჩემმა, რომ მას ასე არ უმართლებს?

ვიტა, მე-3 კლასი

 

თუ მე რამე მტკივა, ესე იგი შენ გაბრაზდი ჩემზე?

გოგა, მე-4 კლასი

 

რატომ შექმენი სამყარო ისეთი, რომ, როდესაც დედას ეხევა კოლგოტი, ის ტირის?

ვიტა, მე-2 კლასი

 

საყვარელო ღმერთო, მაცხოვრე იმდენი ხანი, რამდენიც უნდა დედიკოს, რომ ვიცხოვრო.

ვერა, 1-ლი კლასი

 

მიეცი ჯანმრთელობა, ბედნიერება დედას, ბებიას, ბიძია ფედიას, ბიძია საშას, ბიძია ბორიას და სხვა ჩემს მამიკოებს.

ნიკიტა, მე-2 კლასი

 

უფალო, მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის, რაც ადრე გამიკეთე. მაგრამ დამეხმარე ახლა. ჩემი მამიკო ჩასვეს ციხეში არაფრისთვის და ის უკვე 8 თვეა, რაც იქ ზის. სულ ველოდები მას. მე ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ეს ყველაზე დიდი თხოვნაა. შემდეგ აღარ შეგაწუხებ არასდროს. სიკვდილიც რომ მომიწიოს.

ირა, მე-4 კლასი.

 

პატივცემულო უფალო, გააკეთე ისე, რომ ფეხები და ხელები სულ სუფთა მქონდეს.

ბორია, მე-2 კლასი

 

მაჩვენე ჩუმად ერთი ანგელოზი მაინც.

რაია, მე-2 კლასი

 

ჩემთვის არა – კაცობრიობისთვის გთხოვ. გთხოვ, გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო მეტ ხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე დადგენილია.

არტური, მე-2 კლასი

 

დააბრუნე ჩემი მშობლები ბავშვობაში, დედასთან დავმეგობრდებოდი, მამინაცვალს კი კარგად ვცემდი.

გოშა, მე-4 კლასი

 

მინდა, რომ ჩემი დაბადების დღე წელიწადში არა ერთხელ იყოს, არამედ ხუთჯერ. არა საჩუქრების გამო, უბრალოდ მამიკოს ვნახავდი ხოლმე უფრო მეტჯერ.

ნინა, მე-2 კლასი

 

უფალო, მოგვეცი, ქრისტეს გულისთვის, რამე მაინც.

ანტონი, 1-ლი კლასი

 

დავწერე ლექსი. სამარცხვინოა. არავისთვის მიჩვენებია, მაგრამ შენ გაჩვენებ. აი ის:

დიდები ტირიან ცრემლებით,

დიდები ტირიან თვალებით.

პატარები ტირიან გულით,

პატარები ტირიან ცხოვრებით.

მაგრამ თუკი უფროსი, ტირის როგორც პატარა,

ესე იგი ის მართლაც ტირის.

მარიკი, მე-4 კლასი

 

სოფელში ვიყავი და დავინახე პატარა ეკლესია, თეთრი, კოხტა, სუფთა. მის უკან არყის ხეები იყო, პატარა მდინარე, მოშორებით კი მწვანე ტყე. ეს შენი აგარაკია?

ნატაშა, მე-4 კლასი

 

იცი, ჩვენგან წავიდა დედა და ახლა მე და მამიკოს ისე გვაკლია ქალური ალერსი და სითბო.

ვენია, მე-2 კლასი

 

არ გეჩვენება, რომ სულ ტყუილუბრალოდ არაა დედამიწაზე ეკლესიები ძაღლებისთვის. ძაღლებისადმი სიყვარული ხომ არ არსებობს ცალმხრივი და უპასუხო.

რობერტი, მე-4 კლასი

ჩატვირთვა...