ახალი სასწავლო წელი და “პატარა სექტანტების” უფლებები

0 129

უფლება ისეთი რამაა, რომელიც იწყება იქ, სადაც “იწყები” შენ და მთავრდება იქ, სადაც “იწყება” სხვა… და მაინც, უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რიცხვს თუ გადავხედავთ, ცხადია, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ადამიანთა უმრავლესობისთვის არცთუ ისე გასაგებია.

დღეს გამუდმებით გვესმის, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიისთვის პრიორიტეტია, რომ ევროსტანდარტებს ვუახლოვდებით და ამ დაახლოებას, რატომღაც, სარეკლამო ბადის წუთობრივი გათვლით ვიწყებთ. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები კი ყურადღების მიღმა რჩება.

ჩვენს ქვეყანაში უფლებების დაცვა, რომ სახალხო დამცველისა და “საიას” სატელევიზიო კომენტარით შემოიფარგლება ეს არაახალია, თუმცა მაინც არსებობს თემები, რომელზეც საზოგადოება რადიკალურად რეაგირებს და ამა თუ იმ კუთხით განათლების დონე და მოსახლობის ინფორმირებულობა იმატებს, თუმცა არსებობს თემები, რომლბზეც საუბარი საჯაროდ ჯერ არც დაწყბულა. ასეთი თემაა რელიგიური უმცირესობები და განათლების სისტემა.

ახლა არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რამდენი უარყოფისა და დამცირების ატანა მოუხდათ რელიგიურ უმცირესობებს საქართველოში მანამ, სანამ მათ ოფიციალურ იურიდიულ პირად აღიარებდნენ და სანამ თანამდებობის პირთა მათთან სტუმრობა, საკუთარი ტოლერანტულობის დასამტკიცებლად, ერთგვარი მოდა გახდებოდა.
რა თქმა უნდა, უმცირესობების აღიარება და მათდამი კეთილგანწყობის გამოხატვა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა პრობლემა(ები) ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი უცირესობები და განათლების სისტემაა, რომელიც თავისუფალი არ არის რელიგიური უმრავლესობის გავლენისგან.
წელს , ჩემი შვილი ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში მივიყვანე და უკვე ვიცი, რომ გაცილებით მეტ პრობლემას შეიძლება წავაწყდე და გაცილებით მეტი სამუშაო მექნება ბავშვთან, ვიდრე გასულ წლებში, რადგან ბავშვები იზრდებიან და მათი დიალოგიც სცდება სათამაშოებსა და მამიკოს კუნთების შესაძლებლობების განხილვას. მით უმეტეს, თუ ბაღის ეზოში ტაძარი ფუნქციონირებს და როცა ჯგუფი საზიარებლად გაჰყავთ , შესაძლოა შენი შვილი “თეთრი ყვავი” აღმოჩნდეს.

პროტესტანტი ბავშვები იზრდებიან ქართულ რეალობაში და მათ პატარაობიდანვე იციან რა არის მართლმადიდებლური ტაძარი, პირჯვარი, ხატი და ისიც იციან, რომ ბავშვების უმეტესობას განსხვავებული რწმენა აქვს. ისინი ბავშვობიდანვე სწავლობენ, რომ საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანები არსებობენ, თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი ბავშვებზე, რომლებიც რელიგიური უმრავლესობის წევრ ოჯახებში იზრდებიან. გარდა იმისა, რომ ოჯახში არ აწვდიან მას სათანადო ინფორმაციას, ამ მხრივ არც ნეიტრალური სივრცე (სკოლა, ბაღი) უვსებს მას დანაკლისს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ როცა ჩემმა შვილმა ბაღის მეგობარს მოუყვა ზეიმის შესახებ, რომელზეც ლექსით გამოვიდა ეკლესიაში, პასუხად მიიღო, რომ ეკლესიაში მიკროფონები არ არის და ეკლესია მხოლოდ ისაა, სადაც ისინი საზიარებლად დაჰყავთ. პროტესტანტ მშობლებს უამრავ შეკითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები მხოლოდ აღიარებულ და არა რეალურად ქმედით პოზიციაში რჩება…

ეს საკითხი უამრავ ასპექტს მოიცავს თავისთავში, ძალიან მგრძნობიარეა და უამრავ დიალოგს, დებატსა თუ განხილვას მოითხოვს. იმედს ვიტოვებ, რომ უფლება, ჩვენს ქვეყანაში ფიქტიურ ცნებად არ დარჩება და მალე, თითოეული ადამიანი მის ღირებულებას საკუთარ ცხოვრებაში იგრძნობს.

P.S წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...