აღდგომა

0 55

2014 წლის 20 აპრილს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს – ჩვენი უფლისა და მაცხოვარის, იესო ქრისტეს, აღდგომას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა, დიდი თუ პატარა, აღნიშნავს ამ დღეს და ამბობს: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად!,“ ვიცით, თუ არა ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ? ვფიქრობ, მიის ისტორია საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება უფრო ღრმად გავიგოთ ამ დღესასწაულის არსი.

აღდგომის, ისევე როგორც მთლიანად ქრისტიანობის ფესვები, იუდაიზმშია საძებარი. ცოტამ თუ იცის, რომ აღდგომის დღესასწაულის წინასახე, სხვა ახალი აღთქმის დროინდელ მოვლენათა მსგავსად, უფალმა ძველი აღთქმის პერიოდში დაუწესა ებრაელებს, როგორც აჩრდილი და მინიშნება მომავლისა.

როდესაც უფალმა, ფარაონის მრავალგზის ურჩობის გამო, დასაჯა ეგვიპტე და მოავლინა სიკვდილის ანგელოზი, რათა ყოველი პირველშობილი, მათ შორის ეგვიპტელთა პირმშოებიც, მოეკლა, მან გააფრთხილა მოსე და უბრძანა ებრაელებს მოქცეულიყვნენ მისი ნათქვამისამებრ, რათა ებრაელებს არ შეხებოდათ ეს სასჯელი, რადგან ღმერთმა გამოარჩია თავისი ხალხი და გადაწყვიტა დაეცვა იგი. უფლის ბრძანება კი შემდეგნაირი იყო: „აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლზე… და დაკლას ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და კარისთავს, სადაც უნდა ჭამონ ის. ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადები და მწარე მწვანილი მიატანონ…მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი. და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. და თქვენ არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.“ (გამ.12:3,6,7,8,12,13).

მოგვიანებით, მოსეს მიერ ებრაელთათვის მიცემულ რჯულში ცხადად ჩანს, რომ უფალი ცოდვების გამოსყიდვას თავის ხალხს გარკვეულ ცხოველთა მსხვერპლშეწირვით (და რა თქმა უნდა სინანულით) ავალებდა, რადგან „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და ღმერთის სამართალი ცოდვის გამო სისხლის დაღვრას მოითხოვდა. იმისათვის, რომ შემცოდებელს შეწყალება და პატიება მიეღო, ადამიანის სისხლს ცხოველის სისხლი ცვლიდა და ამრიგად, გარკვეული რიტუალების დაცვის შედეგად ხდებოდა ცოდვების მიტევება, თუ რა თქმა უნდა, ადამიანს სინანული გააჩნდა.
იმავე პრინციპით დაიხსნა ღმერთმა ებრაელები ეგვიპტიდან გამოყვანისას, სანამ რჯულს მისცემდა. სისხლი იყო უფლის შეწყალებისა და დაცვის ერთგვარი ნიშანი. ამგვარად ებრაელები გამოსყიდულნი იყვნენ და მათ გვერდს უვლიდა სასჯელი და სიკვდილი.
უფალმა, ებრაელების ეგვიპტის მონობიდან დახსნისა სამახსოვროდ მთელს ისრაელს დაუწესა ამ დღის აღნიშვნა: „ეს თვე იყოს თქვენთვის თვეთა დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში…იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თაობიდან თაობამდე. საუკუნო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული“ (გამ.12:2,14).

ამ დიდ ებრაულ დღესასწაულს პასექი, ანუ ფესახი, ერქვა, რაც ებრაულად გადასვლას, გვერდით გავლას ნიშნავს. ღმერთის წყალობით, ისრაელიანები გადაურჩნენ იმ უბედურებას, რაც ეგვიპტელებს ეწიათ და სიკვდილის ანგელოზმა მათ გვერდი აუარა. ღმერთმა ისინი მონობიდან თავისუფლებაში, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადაიყვანა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ყოველივე მხოლოდ წინასახე იყო აღდგომისა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უნდა მოსულიყო მესია, ცხებული მხსნელი, რომელიც იხსნიდა თავის ხალხს და მთელს კაცობრიობას, თავისი სრულყოფილი, წმინდა სისხლით განწმენდდა მასთან მისულს დანაშაულისაგან და გაათავისუფლებდა ცოდვის მონობისგან.
დრო და ჟამის მოსვლისას ერთგულმა და სარწმუნო ღმერთმა აღასრულა კიდეც თავისი დანაპირები მესიის მოსვლის შესახებ. 2000 წლის წინ ქვეყანას მოევლინა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბუმბერაზი და დიადი პიროვნება, იესო ქრისტე, რომელიც არის „უხილავი ღვთის ხატება,“ მამის ერთარსი, განკაცებული ღმერთი, რომელმაც იმდენად შეგვიყვარა, რომ მიიღო „მონის ხატება,“ დაიმდაბლა თავი, და თავისი სიყვარული გაგვიცხადა ჯვარზე.

ღმერთი შემთხვევით არაფერს არ აკეთებს და ამ აზრით არც იესოს სახელი იყო გამონაკლისი. იესო ქრისტე ებრაულად ცხებულ („ქრისტე“) მხსნელს („იესო) ნიშნავს და ის ჭეშმარიტად არის ერთადერთი ხსნა, ერთადერთი გზა მამისაკენ, ამ ქვეყნიერების ერთადერთი იმედი. ის მოვიდა ხორცში, რათა „მსაჯვრი დაედო ცოდვისთვის ხორცში“ და მართალს და წმინდას გადაეხადა ჩვენი ვალი, რომლის გადახდაც ჩვენ არ შეგვეძლო. მან ჯვარზე აიტანა ჩვენი ცოდვები და ჩვენი სიყვარულისთვის მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს წმინდა წერილის მიხედვით, რათა ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანისა და მათი მონობისგან განთავისუფლების მსგავსად, ყველა მასთან მისული რწმენით გადაარჩინოს, იხსნას, გაათავისუფლოს და უხვი ჭეშმარიტი სიცოცხლით აავსოს.
„უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოან.11:25).
„რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა“ (1 კორ. 5:7) .

ამრიგად, პასექი, რომელსაც ძველი წესით ებრაელები დღესაც ყოველწლიურად აღნიშნავენ შვიდი დღის განმავლობაში ნისანის თვეში (საერთაშორისო კალენდრით მარტი ან აპრილი), იყო მხოლოდ წინასახე აღდგომისა და აჩრდილი ღმერთის დიდებული ხსნის გეგმისა. დღეს ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ამ დღესასწაულს უფლის დიდი წყალობის აღსანიშნავად, რათა ღრმას ჩავუფიქრდეთ ღვთის უსაზღვრო და უპირობო სიყვარულს.
„უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში“ (მათ.21:42,მარ.12:11).
მართალ, მარადიულ და ცოცხალ ღმერთს მადლობა და ქება უკუნითი უკუნისამდე ამინ.

თამუნა ბაღდავაძე

ჩატვირთვა...