ავღანელი გოგონა, რომელიც ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული დადიოდა, რათა განათლება მიეღო

0 107

იმის გამო, რომ თალიბების მსხვერპლი არ გამხდარიყო, შაბანა ბასიჯ-რასიჰი ავღანურ სკოლაში ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული დადიოდა, ყოველთვის სხვადასხვა გზებით, რომ თავიდან აეცილებინა მისი საიდუმლოს გამოაშკარავება. წიგნებს და სახელმძღვანელოებს ის ყურანის სახეს აძლევდა და ასე მალავდა მათ.

დღეს შაბანა 24 წლისაა და თავის მისიად მიიჩნევს, განათლების მიღება ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ავღანელი გოგონასთვის. 2008 წელს ბასიჯ-რასიჰმა დააარსა სკოლა-ინტერნატი, სადაც 4 გოგონა იყო. დღეს კი მის სკოლაში 35 გოგონა სწავლობს. სკოლა აგრეთვე დაეხმარა 40 გოგონას, მიეღოთ სტიპენდია მსოფლიოს 5 სხვადასხვა ქვეყნის სკოლა-ინტერნატებსა და უნივერსიტეტებში 7,7 მილიონი დოლარის ოდენობით.

„ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში სქესობრივი სიმწიფის ასაკის მიღწევიდან გოგონები არ გამოდიან სახლიდან, – ამბობს ბასიჯ-რასიჰი, რომელმაც დაამთავრა სკოლა და კოლეჯი აშშ-ში და იმედოვნებს, რომ მისი სკოლა-ინტერნატის მოდელი შეიძლება ოპტიმალური იყოს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებსა და რეგიონებში. – ასეთი გოგონა მზარეულობს, გვის, აუთოებს. თუკი წაიყვანთ მას ოჯახიდან და გაგზავნით სკოლა-ინტერნატში, თქვენ აძლევთ მას საშუალებას, გამოიყენოს დრო საკუთარ თავზე და საკუთარ განვითარებაზე  კონცენტრირებისთვის.“

დღეს შაბანა ბასიჯ-რასიჰი გახლავთ ავღანური ლიდერთა სკოლის პრეზიდენტი და თანადამაარსებელი. ეს სკოლა ეხმარება ავღანელ გოგონებს, მიიღონ განათლება მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იპოვონ სამსახური.

ფორუმზე «TEDxWomen» შაბანამ ისაუბრა თავის პირად ბრძოლაზე განათლებისთვის და იმაზე, თუ როგორ გეგმავს, დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ გოგონას, რომ განათლების მიღების საშუალებით აისრულონ თავიანთი ოცნებები.

 

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ

რედაქტირება: გიორგი ფიროსმანაშვილი

ჩატვირთვა...