11 რჩევა თუ როგორ მოვაბრუნოთ ჩვენი შვილები რწმენისკენ

0 88

ბევრ მშობელს სტკივა გული საკუთარი ურწმუნო შვილების გამო. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რატომ ღებულობენ ისეთ საშინელ და დამანგრეველ გადაწყვეტილებებს მათი შვილები, რომლებიც ასე კარგად აღზარდეს. მე არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი მშობელთაგანი, მაგრამ მე ვიყავი ერთ–ერთი ასეთი შვილი. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გთავაზობთ 11 რჩევას, რომ დაგეხმაროთ გამონახოთ სწორი საშუალება თუ როგორ მიუდგეთ თქვენს შვილს.

1. თქვენს შვილებს იესოზე მიუთითეთ

თავნება შვილის რეალური პრობლემა არ არის ნარკოტიკები, პორნოგრაფია, სიძვა, მრუშობა, სიგარეტი, სიზარმაცე, ბილწსიტყვაობა და ა.შ. რეალური პრობლემა არის ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იესოს.

ყველაზე კარგი, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილებისთვის არის ის, რომ მიუთითოთ მათ ქრისტესკენ. ეს პროცესი არ არის ადვილი და არც წამიერი, მაგრამ თქვენი შვილების ცხოვრებაში არსებული ცოდვები, რომლებიც თქვენ ტკივილს გაყენებენ, თქვენს შვილებს კი ანადგურებენ, გაქრებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მეტად დაინახავენ უფალ იესოს ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში.

2. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის

მხოლოდ ღმერთს ძალუძს თქვენი შვილის (ან შვილების) გადარჩენა და ხსნა, ამიტომ გააგრძელეთ ლოცვა და სთხოვეთ ღმერთს,  შეეცვალოთ დამოკიდებულება ისე, რომ მათ თაყვანი სცენ უფალს და განადიდონ ის ამისათვის.

3. აღიარეთ, რომ რაღაც არ არის წესრიგში

თუ თქვენი შვილი უარყოფს უფალს, ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ამას არაუშავს და ყველაფერი კარგადაა. ყოველი ურწმუნო ბავშვის შემთხვევაში დეტალები განსხვავებული იქნება. ყოველ მათგანს დაჭირდება განსაკუთრებული მიდგომა. მაგრამ საერთოდ მიუღებელია, რომ მშობელმა არ ეძებოს გამოსავალი. თუ თქვენი ბავშვი მორწმუნე არაა და მისი ცხოვრება მხოლოდ ამაზე მიუთითებს – არ დახუჭოთ თვალი ამ პრობლემაზე. ახლა ჯერ კიდევ, შეიძლება ყველაფერი გაცილებით ადვილი იყოს, მაგრამ არა შემდეგ – მარადისობაში.

4. არ გქონდეთ იმედი, რომ თქვენი შვილი ქრისტიანივით მოიქცევა

თუ თქვენი ბავშვი არ არის ნამდვილი მორწმუნე, ის არც მოიქცევა როგორც მორწმუნე და ჭეშმარიტი ქრისტიანი. ამიტომ ის არ იცხოვრებს იმ ქრისტიანული დადგენილებებით და იმ წესების მიხედვით, რომლებითაც შეიძლება თქვენ მას ზრდიდით. მაგალითად, თქვენ შეიძლება ძალიან მოგინდეთ თქმა: „მე ვიცი, რომ შენ არ გამოგდის გწამდეს იესოსი, მაგრამ ნუთუ არ შეგიძლია როგორც მინიმუმ ცოდვად აღიარო ყოველი დღის უაზროდ გატარება?“.

თუ მას არ გამოსდის ერწმუნოს უფალს, მაშინ ნაკლებად ექნება აზრი მის აღიარებასაც, რომ სმა არასწორია. დიახ, მე მესმის, რომ თქვენ გსურთ ის დაიცვათ და აარიდოთ ასეთ საშინელ რამეებს, მაგრამ მისი ყველაზე საშიში პრობლემა ურწმუნოებაა და არა დროის ტარება ცოდვაში და ამაზრზენ საქმეებში. იმისდა მიუხედავად, თუ რაოდენ ძლიერ შეიძლება გამომჟღავნდეს თქვენი შვილის ურწმუნოება მის საქციელებში, ეცადეთ გამუდმებით ყურადღება მიაპყროთ თავად დაავადებულ გულს, და არა მის სიმპტომებს.

5. ეცადეთ უფრო მეტად დაარწმუნოთ ბავშვი, ვიდრე ამხილოთ და დაადანაშაულოთ

იყავით თავმდაბლები თქვენს სიბრაზეში და წყენაში. სინამდვილეში თქვენ ყოველთვის ის უნდა გადარდებდეთ, რომ თქვენი შვილი თავს იღუპავს და არა ის, რომ ის არასწორად იქცევა და წესებს არ ემორჩილება. ისე მოექეცით თქვენს შვილს, რომ მან ეს ნათლად დაინახოს და შეიგნოს. მას კარგად ეცოდინება, ის რომ რასაც აკეთებს არასწორია, მითუმეტეს თუ თქვენ მას ქრისტიანულად ზრდიდით და მისთვის, რაღა თქმა უნდა, ნათელი იქნება, თუ რას ფიქრობთ ამაზე. ამიტომ მას არ სჭირდება, რომ მას გამუდმებით მიუთითონ იმაზე, რომ ის არასწორად იქცევა და ყოველგვარ წესსა და კანონს არღვევს.

მან უნდა დაინახოს, რომ თქვენ მის ბოროტებაზე რეაგირებთ. თქვენი თავმდაბლური მოთმინება და სევდიანი იმედი დაანახებს მას, რომ თქვენ მართლაც ენდობით უფალ იესოს და მართლაც მისი იმედი გაქვთ. თქვენი შვილის სინდისს თავად შეუძლია ის ამხილოს. მშობლები მოუდრეკელად უნდა იდგნენ და ამავ დროს კეთილებად უნდა რჩებოდნენ. ისინი ყოველთვის უნდა ცხოვრობდნენ სასოებაში, იმედში და იმ რწმენაში, რომელშიც უნდათ, რომ თავიანთი შვილიც მოიყვანონ.

6. გააცანით თქვენი შვილები მორწმუნეებს, რომელთაც შეუძლიათ მათთან მიდგომა.

არსებობს 2 მიზეზი, რის გამოც თქვენი შვილი შეიძლება იყოს ჩაკეტილი თქვენთან: ფიზიკური სიშორე და სიშორე ურთიერთობებში. თუ თქვენი შვილი, რომელიც გზას აცდა, ცხოვრობს თქვენგან შორს, ეცადეთ იპოვოთ ისეთი ხასიათის, მტკიცე რწმენის ქრისტიანი რომელიც შეძლებს მასთან საერთო ენის გამონახვას და სთხოვეთ დაუკავშირდეს თქვენს შვილს. ასეთი თხოვნა შეიძლება ჩანდეს შემაწუხებელად, უხერხულად ან უბრალოდ სულელურად, მაგრამ ეს ამად ღირს. განსაკუთრებით თუ იმ მორწმუნეს, რომელსაც იპოვით, შეუძლია დაელაპარაკოს მას ემოციურ დონეზეც, რასაც თქვენ ვერ შეძლებთ.

სხვა მორწმუნე, რომელიც ემოციურად წვდება თქვენს შვილს, შეიძლება იყოს ძალიან საჭირო და გამოსადეგი. თუ არსებობს ისეთი მორწმუნე, რომელსაც თქვენი შვილი ენდობა ან იქნებ უყვარს მასთან საუბარი და ურთიერთობა, მას აქვს პლატფორმა, მისადგომი აქვს, რომ უთხრას თქვენს შვილს ისე, რომ მან სერიოზულად მიაქციოს ყურადღება იმ ფაქტს რომ მართლაც სულელურად იქცევა. ეს შეიძლება უეცრად და მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ის ახალი გამონათება, რომელიც ყოველ ჩვენგანს დრო და დრო გვჭირდება. ისინი კი, ვისაც ჩვენ ვენდობით, არიან ის ერთადერთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ისე შეფუთონ ჩვენი მტკივნეული შთაგონება, რომ ეს ჩვენთვის საჩუქარი იქნება. ბევრ თავნება ბავშვს შეუძლია კარგად გაიგოს და მიიღოს შენიშვნა, როდესაც მას ვინმე სხვა ეუბნება, რომ ის იქცევა არაგონივრულად, მაგრამ თუ ამას მშობლები ეტყვიან, შეიძლება ამას არც კი ჰქონდეს შედეგი. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში იყვნენ სხვა ქრისტიანებიც.

7. პატივი ეცით თქვენი შვილების მეგობრებს

პატივისცემით მოეპყარით თქვენს გზიდან ამცდარ ბავშვს, ზუსტად ისევე, როგორც მოეპყრობოდით სხვა არამორწმუნე ახალგაზრდას. ბავშვები შეძლება ტრიალებდნენ ისეთ წრეში და ისეთ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება თავშიც არ მოგსვლოდათ. მაგრამ ეს მათი სამეგობრო წრეა. პატივი ეცით ამას, თუნდაც ეს ურთიერთობები ცოდვაზე დამყარებული იყოს.

დიახ, ისინი ცუდები არიან თქვენი შვილისთვის, მაგრამ ისიც ასევე ცუდია მათთვის. მათ ერთმანეთზე ცუდი ზეგავლენა აქვთ. მაგრამ შეუძლებელია პრობლემის მოგვარება, თუ თქვენ აშკარად გამოამჟღავნებთ, რომ არ მოგწონთ ისინი, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს. როდესაც თქვენი ბიჭი ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების დღეზე გამოჩნდება ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც პირველად დაინახეთ და რომელსაც ალბათ მეტჯერ ვერც ნახავთ,– იყავით სტუმართმოყვარე. ის გოგოც ვიღაცის გზიდან ამცდარი შვილია და მასსაც ასევე ჭირდება მხსნელი იესო.

8. მიწერეთ თქვენს შვილებს სატელეფონო მესიჯები.

დიდება ღმერთს ტექნიკური მიღწევებისთვის, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ყოველთვის ვიყოთ ჩვენს შვილებთან კავშირში.

როდესაც თქვენ კითხულობთ ბიბლიაში რამეს ისეთს, რაც თქვენ გამხნევებთ და გეხმარებათ უფრო მეტად გიყვარდეთ უფალი იესო, მიწერეთ ამის შესახებ მოკლედ თქვენს შვილს. ყველაზე კარგი შეგონება მათთვის ეს არის უფალში სიხარულის მაგალითები თქვენს ცხოვრებაში.

ამ შეტყობინებების შერჩევისას და წერისას გამორიცხეთ ზეწოლის ფაქტორი. ნუ შეეცდებით შეარჩიოთ ძლიერი მუხლები წმინდა წერილიდან. უბრალოდ უგზავნეთ ბავშვს წერილები, ერთი მეორეზე. ღმერთის სიტყვა არასოდეს იუწყება უმიზნოდ და უნაყოფოდ.

9. ხშირად ისადილეთ შვილებთან ერთად

თუ შესაძლებელია, არ დაუშვათ, რომ თქვენი შვილთან ურთიერთობის ერთადერთი წყარო ტელეფონი იყოს. შეძლებისდაგვარად ხშირად გაატარეთ დრო ერთად, პირისპირ. ესაუბრეთ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შეიძლება ეს მოგეჩვენოთ პირფერობად, რადგან თქვენ მისი მარადისობაში ცხოვრება უფრო გადარდებთ, მაგრამ მაინც სცადეთ, ესეც მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება იმის ცოდნა, რომ თქვენ ზრუნავთ მისი ცხოვრების ყველა სფეროზე. შემდეგ ილოცეთ, რომ უფალმა მოგცეთ თქვენ საღი აზროვნების უნარი, რომ სადილის ბოლომდე სწორად გამოკითხოთ ბავშვს მისი სულიერი მდგომარეობის შესახებ. თქვენ არ იცით როგორ გიპასუხებთ ის. თვალები გაუფართოვდება ისე, თითქოს კითხულობდეს ნორმალური ხართ თუ არა? გაბრაზდება? თუ წამოდგება და წავა? ან იქნებ ღმერთი შრომობდა მასზე თქვენი ბოლო საუბრის შემდეგ? თქვენ ვერ გაიგებთ, სანამ არ გარისკავთ ჰკითხოთ შვილს ამაზე.

10. გამოამჟღავნეთ ინტერესი თქვენი შვილის მისწრაფებებისადმი

შეეცადეთ დაინახოთ თქვენი შვილის ინტერესების და გატაცებების ფასეულობა და მნიშვნელობა მისთვის. როდესაც ის პატარა იყო თქვენ დადიოდით მის სასკოლო ღონისძიებებზე ან სპორტულ შეჯიბრებებზე. მოიფიქრეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ გაამხნევოთ ის ახლა და დაანახოთ მას, რომ თქვენ დღესაც გაინტერესებთ მისი მისწრაფებები.

ჩვენი უფალი იესო უთმობდა დროს მებაჟეებსა და მრუშებსაც კი, არა და ისინი არ იყვნენ იესოს ახლობლები ან ნათესავები, როგორც თქვენი შვილებია თქვენთვის. მიბაძეთ ქრისტეს. გაამხნევეთ და გვერდში ამოუდექით თქვენს შვილს და ევედრეთ ღმერთს, რომ თქვენმა შვილმა თავისი ნიჭები მალე არა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, არამედ უფლის განსადიდებლად.

11. მიუთითეთ თქვენს შვილებს ქრისტეზე

შეუძლებელია გადამეტებული იყოს ამის მნიშვნელობა და ფასეულობა. ამაში მდგომარეობს მთელი არსი. არცერთ სტრატეგიას მიმართულს იმისაკენ, რომ თქვენს შვილს მისწვდეთ, არ ექნება ხანგრძლივი ზემოქმედება, თუ მთავარი მიზანი არ არის ის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს შეიცნოს იესო ქრისტე.

საქმე იმაში კი არ არის, რომ თქვენი შვილები ისევ გახდნენ კარგი ახალგაზრდები, არც იმასში, რომ გახდნენ უკეთესები ან აკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ. მთავარი მიზანი ისიც კი არ არის, რომ თქვენ ღამე მშვიდად დაიძინოთ, რადგან იცით, რომ თქვენი შვილი არ მიდის ჯოჯოხეთის გზაზე.

ერთადერთი უმთავრესი მიზეზი, რომ ილოცოთ შვილებზე, შეაგონოთ, მიწეროთ მათ, ერთად ისადილოთ და გამოხატოთ დაინტერესება მათი საქმეებით და გატაცებებით, არის ის, რომ მათ აეხილოთ თვალები და დაინახონ ქრისტე.

ქრისტე ერთადერთი იმედია. როდესაც ისინი მიხვდებიან რა საოცარია უფალი, ისინი ისევ დაფიქრდებიან და ხელახლად შეაფასებენ მოსაზრებას იმაზე, რომ იყვნენ მადლიერნი და კმაყოფილნი. იესო დაანახებთ მათ ფულის საწყალ ფასეულობას, ადამიანთა შექების და სექსუალური გართობების ამაოებას, ლოთობის საშინელებას და ა.შ. ისინი დაინახავენ ასეთი ცხოვრების ამაოებას და ეცდებიან ცხოვრება დააფუძნონ სწორ საფუძველზე. მხოლოდ ღმერთს, თავისი მადლით, შეუძლია ამოათრიოს თქვენი შვილები მათი საშიში მისწრაფებების ჭაობიდან და მიიზიდოს თავისკენ – დაპყრობილნი, მაგრამ სრულიად კმაყოფილნი.

ის აკეთებს ამას ბევრი ადამიანისთვის. იყავით ერთგულნი და არ დანებდეთ.

ავრაამ პაიპერი

P.S ალბათ ძალიან აქტუალური თემაა მათთვის ვისაც რეალურად ეს პრობლემა აქვს ან ჰქონდა. შეიძლება ყველა არა მაგრამ თუ რომელიმე რჩევა წაგადგებათ და თავის ნაყოფს გამოიღებს, ჩავთვლით რომ მიზანი მიღწეულია და ჩვენს შრომასაც (თარგმნას) ტყუილად არ ჩაუვლია. ღმერთი დაგეხმაროთ რათა ყოველივე მისით და მის მიერ არის შესაძლებელი

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ

ჩატვირთვა...